ბუნდესლიგა. XX ტურის წინ: დღეს პისარო 400-ს შეასრულებს!

AutoSharing Option
პარასკევის მატჩები არც მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უყვარს და არც ბრემენის "ვერდერს" - ეს ტური კი დღეს სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებით იწყება. ხვალ ორი გამორჩეულად საინტერესო შეხვედრაა: მეორეადგილოსანი დორტმუნდის "ბორუსია" ბერლინში ჩადის, ლიდერი "ბაიერნი" კი "ლევერკუზენს" სტუმრობს.

პარასკევი "გლადბახისთვის" და "ვერდერისთვის" დაწყევლილი დღეა. მიონხენგლადბახელებს ბოლო 6 პარასკევის თამაშში ერთი გოლიც კი არ აქვთ გატანილი და 5 წააგეს, 1 ფრედ დაასრულეს. პარასკევის შეხვედრებში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ ბრემენელებსაც.

არადა, გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის მე-20 ტური დღეს, პარასკევს, სწორედ ამ ორი გუნდის ჯახით იწყება. აქვე
ისიც ვთქვათ, რომ "გლადბახს" წელს ჯერ ქულაც კი არ აუღია (0/0/2).

"ვერდერი" კი სტუმრად კარგად თამაშობს: "მუსიკოსებს" ამ სეზონში სულ 5 მოგება აქვთ და აქედან 4 გამარჯვება სტუმრად იზეიმეს. აქვე კიდევ ერთი საინტერტესო ფაქტიც: "ვერდერის" ვეტერანი თავდამსხმელი კლაუდიო პისარო დღეს ბუნდესლიგაში თავის მე-400 შეხვედრას ჩაატარებს.

"დორტმუნდის" და "ბაიერნის" რთული გასვლები
ლიდერს და მის მდევარს ამ ტურში რთული მატჩები უწევთ. "ბაიერნი" ლევერკუზენში ჩადის, "დორტმუნდი" კი იმ "ჰერტას" სტუმრობს, რომელიც ბევრისთვის გასაკვირად, 19 ტურის შემდეგ მე-3 ადგილზეა. ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად ხდება ისე, რომ "დორტმუნდი" და "ჰერტა" ერთმანეთს იმ დროს ხვდებიან, როცა ორივე გუნდი საუკეთესო სამეულშია.

ბერლინური კლუბი საკუთარ მოედანზე საკმაოდ ძლიერია: პალ დარდაის ხელში საკუთარ მოედანზე ჩატარებული 16 მატჩიდან "ჰერტას" 9 შეხვედრაში გოლი არ მიუღია. თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი, 52 გოლი აქვს გატანილი და გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც (ობამეიანგი, 20 გოლი) "ბორუსიაში" თამაშობს.

ამრიგად, თუ "დორტმუნდმა" ბერლინში ვერ იმარჯვა, შაბათს საღამოს "ბაიერნს" თავისი 8-ქულიანი უპირატესობის გაზრდის შანსი მიეცემა, თუმცა არც რეკორდმაისტერს ელის იოლი ბრძოლა: მიუნხენელები "ლევერკუზენს" სტუმრობენ, რომელმაც 4-მატჩიანი წაუგებელი სერია (3/1/0) გამოაცხო და ხასიათიც გამოიკეთა. ესეც რომ არ იყოს, "ბაიერნს" "ლევერკუზენთან" ტრადიციულად უჭირს ხოლმე.

"ფარმაცევტების" თავდამსხმელი შტეფან კისლინგი, რომელიც ბოლო დროს ფორმაში შევიდა, თავდაჯერებულია და აცხადებს, "ბაიერნის" დამარცხება ნამდვილად შეგვიძლიაო. კისლინგი ის კაცია, ვისაც მანუელ ნოიერის კარში 6 გოლი აქვს გატანილი. თუმცაღა ბავარიელთა მეკარე მხოლოდ მას როდი უნდა უფრთხოდეს - შესანიშნავ ფორმაშია ლევერკუზენელთა მეორე ფორვარდი ჩიჩარიტოც, რომელსაც ამ სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი, ბუნდესლიგის ბოლო 10 ტურში კი 12 გოლის გატანა შეძლო.

თუმცა გოლეადორი "ბაიერნს" რომ ჰყავს, "ისეთი უნდა": მას მერე, რაც მეორე წრე დაიწყო, მიუნხენელთაგან გოლები მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის გააქვს (4), სეზონში კი უკვე 19 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ დორტმუნდელ ობამეიანგს ჩამორჩება. საინტერესო ფაქტი: "ბაიერნის" კაპიტანი ფილიპ ლამი ბუნდესლიგაში 350-ე შეხვედრას ჩაატარებს და იმედოვნებს, რომ 222-ე გამარჯვებას იზეიმებს.

"შალკე" და "ჰანოვერი" ყურადღების ცენტრში
"შალკემ" წინა ტურში დარმშტადტიდან სამი ქულა წამოიღო და გელზენკირხენშიც შვებით ამოისუნთქეს, მაგრამ ახლა "ვოლფსბურგთან" წარმატების მიღწევა სჭირდებათ. თავის მხრივ, "მგლებსაც" ვერ აქვთ საქმე სახარბიელოდ და ქულების დაკარგვა არ აწყობთ, რადგან ევროპალიგის საგზურს ჩამორჩებიან. "ვოლფსბურგს" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და თანაც, დიტერ ჰეკინგის გუნდს ბუნდესლიგაში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ყველაზე ცუდი შედეგები აქვს (მხოლოდ 6 ქულა გასვლით მატჩებში).

"ჰანოვერს" ზედიზედ ხუთი მატჩი აქვს წაგებული და ამ გუნდს თავისი ხელი ჯერ ვერც ახალმა მწვრთნელმა, თომას შააფმა დაატყო. შესაბამისად, "წითლები" ბოლო ადგილზე არიან და სარელეფაციო მე-16 ადგილს უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან.

"ვიცოდი, რომ ჰანოვერში ურთულესი სამუშაო მელოდა და ეს გამოწვევა მაინც მივიღე, რადგან მჯერა, რომ გუნდს გადავარჩენ", - მაინც პოზიტიურადაა განწყობილი შააფი, რომელმაც "ჰანოვერში" მოღვაწეობა ორი წაგებით დაიწყო. "ჰანოვერის" მეტოქე ამჯერად "მაინცია", რომელთანაც შააფის გუნდს დადებითი ბალანსი აქვს: "ჰანოვერმა" "მაინცს" სულ 9-ჯერ უმასპინძლა და არასდროს დამარცხებულა.

ნულები ინგოლშტადტში?
სტატისტიკას რომ დავუჯეროთ, "ინგოლშტადტისა" და "აუგსბურგის" დაპირისპირება 0:0 უნდა დასრულდეს. საქმე ისაა, რომ პირველ წრეში "ინგოლშტადტი" იყო ბუნდესლიგის ყველაზე უშედეგო გუნდი, მეორე წრეში კი "აუგსბურგმა" ორივე შეხვედრა 0:0 დაასრულა.

"ჰამბურგი" პირველი წრის მიწურულს გამოცოცხლდა, მაგრამ ზამთრის პაუზამ ამ კლუბზე ტრადიციულად ცუდად იმოქმედა. ამ დროისთვის ჩრდილოელებს ზედიზედ სამი მარცხი აქვთ და უკვე დეპრესია ეწყებათ, რადგან გასავარდნ ზონას ისევ მიუახლოვდნენ. "ჰამბურგი" კვირას "კიოლნს" მასპინძლობს, რომელიც სტაბილურად ასპარეზობს და მე-9 ადგილზეა.

პარასკევი. 5 თებერვალი
გლადბახი-ვერდერი 23:30
დისკვალიფიკაცია: ჯაკა - ს. გარსია
ტრავმა: ალვარო დომინგესი, იანტჩკე, ჰერმანი, ნ. შულცი, ჰანი - ვოლფი, შტერნბერგი, ბარგფრედე, იოჰანსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 92 მატჩი: +33=22-38 (151-147)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=3-2

შაბათი. 6 თებერვალი
შალკე-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ლუიშ გუსტავო
ტრავმა: ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი - არნოლდი, დოსტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 მატჩი: +12=14-11 (52-49)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +0=3-3

აინტრახტი-შტუტგარტი 18:30
დისკვალიფიკაცია: აბრაჰამი, ჰასებე
ტრავმა: ანდერსონი, ფლუმი, კიტელი, რაინარტცი, კასტაინოსი - გინჩეკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 მატჩი: +30=19-40 (170-167)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1

ჰანოვერი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ზორგი, ანდრეასენი, კიიოტაკე, კლაუსი, ბენშოპი - კლემენტი, სოტო, ბერგრეენი
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 მატჩი: +6=8-5 (21-20)
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +3=1-2

ჰერტა-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: სკეიელბრედი
ტრავმა: ალაგუი - ს. ბენდერი, შაჰინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 57 მატჩი: +17=14-26 (79-103)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +5=0-1

ინგოლშტადტი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ბაიერი
ტრავმა: ლეველსი - კალსენ-ბრაკერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +1=0-0 (1-0)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=3-0

ლევერკუზენი-ბაიერნი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არანგისი, ლ. ბენდერი, კრუსი - ბენატია, ბოატენგი, ხავი მარტინესი, ტასკი, გიოტცე, რიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 73 მატჩი: +16=14-43 (87-139)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +5=0-1

კვირა. 7 თებერვალი
ჰამბურგი-კიოლნი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ლემანი
ტრავმა: ეკდალი
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 მატჩი: +34=24-31 (139-141)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=3-2

ჰოფენჰაიმი-დარმშტადტი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰერდლინგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=1-0 (0-0)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3

ბომბარდირები: 20 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - თომას მიულერი (ბაიერნი); 13 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 10 - სალომონ კალუ (ჰერტა), ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული