ბუნდესლიგა. XXII ტურის წინ: "დორტმუნდს" ლევერკუზენში მოგება უნდა

AutoSharing Option
ამ ტურის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაში, "იუვენტუსთან" ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, მაგრამ ბავარიელებს გაუმართლათ - ტურინულ გრანდთან დუელის წინ ბუნდესლიგაში ადვილად დასამარცხებელი მეტოქე ჰყავთ:

"დარმშტადტს" მასპინძლობენ. ბუნდესლიგის 22-ე ტური დღეს "აინტრახტისა" და "ჰამბურგის" მატჩით იწყება. ხვალ საინტერესო დერბია "გლადბახსა" და "კიოლნს" შორის, ნაჩემპიონთალიგარი "ვოლფსბურგი" კი "ჰერტას" სტუმრობს. ევროტურნირების გამო კვირას სამი მატჩია და სწორედ კვირასაა ტურის ცენტრალური შეხვედრაც: "ლევერკუზენი"-"დორტმუნდი".

დავიწყოთ პარასკევის მატჩით, რომელშიც ფრანკფურტის "აინტრახტი" რეაბილიტაციას თავის საყვარელ მეტოქესთან, "ჰამბურგთან" ეცდება. საქმე იმაშია, რომ ფრანკფურტელებს ჰამბურგელებთან 7-მატჩიანი წაუგებელი
სერია აქვთ.

თუმცა ბოლო დროს "აინტრახტი" ცუდად გამოიყურება: სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ზედიზედ ორი მარცხი იგემა. 2016 წელს გამართულ 4 მატჩში "აინტრახტმა" მეტოქეებს 31 საგოლე მომენტი შეაქმნევინა და 9 გოლი გაუშვა.

"ჩვენი მდგომარეობა მძიმდება და სახიფათო ხდება", - ამბობს ფრანკფურტელთა გოლეადორი ალექსანდერ მაიერი. დიდი შანსია, რომ "აინტრახტის" ბუნდესლიგურ ისტორიაში რიგით 2500-ე გოლი სწორედ ამ უკანასკნელმა გაიტანოს - ამ დროისთვის ფრანკფურტელებს გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში 2499 გოლი აქვთ გატანილი. ცუდ ფორმაში იყო "ჰამბურგიც", მაგრამ ამ გუნდმა წინა ტურში "გლადბახის" დამარცხება (3:2) შეძლო და ხასიათი გამოიკეთა.

მიონხენგლადბახში დერბის დროა
შაბათის მატჩებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო "გლადბახისა" და "კიოლნის" დერბია. მიონხენგლადბახელები წელს ვეღარ ბრწყინავენ (1/0/3) და იმედი აქვთ, რომ სწორ გზაზე პირდაპირ მოსისხლე მტრის, "კიოლნის" დამარცხებით დაბრუნდებიან. აი, "კიოლნი" კი საკმაოდ კარგ ფორმაშია - სამი თამაშია, არ წაუგია და კომფორტულ, მე-9 ადგილზეა.

"კიოლნის" პროგრამა-მინიმუმი გადარჩენაა და რაკი ამ გუნდს ამ ეტაპზე მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება არ ემუქრება, "თხებს" მეტი ამბიციაც გაუჩნდათ და ამ კვირაში ინტერვიუებში იმეორებდნენ, "გლადბახს" მხოლოდ სამი ქულით ჩამოვრჩებით და რატომ არ უნდა ვიფიქროთ ევროპალიგის საგზურზეო.

"ბაიერნი": "იუვენტუსამდე" "დარმშტადტია"
მაშ ასე: "იუვენტუსთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ "ბაიერნს" "დარმშტადტთან" ექნება საქმე. მიუნხენელებსა და დარმშტადტელებს შორის "9 მთა და 9 ზღვაა" - როგორც სპორტული, ისე ფინანსური შესაძლებლობებით. დეტალური ციფრები გნებავთ? პასები საშუალოდ ერთ თამაშში: 718:251; პასების სიზუსტე: 88,4:55,5 პროცენტი; ბურთის ფლობა: 71:34 პროცენტი; დრიბლინგი თამაშში: 30:13 - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, "ბაიერნის" სასარგებლოდ.

მართალია, "დარმშტადტი" მე-13 ადგილზეა, მაგრამ თავისი შესაძლებლობებით ეს გუნდი ბუნდესლიგაში ყველაზე სუსტია. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ნიმაიერის, გონდორფის, ჰელერის, რაუშისა და სულუს სახით "დარმშტადტს" ძირითადი შემადგენლობის 5 (!) ფეხბურთელი ჰყავს დისკვალიფიცირებული.

დარმშტადტელთა თავკაცი დირკ შუსტერი კი ამბობს, არა უშავს, ჩვენ ძალიან მონდომებული სათადარიგო მოთამაშეები გვყავს და "ბაიერნს" მაინც მაგრად შევებრძოლებითო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ზღაპრებია...

თუმცა, თუ იმას გავითვალიწინებთ, რომ "ბაიერნს" დაცვაში უჭირს და პეპ გვარდიოლა იძულებულია, ტანდაბალი მცველები ათამაშოს, ხოლო "დარმშტადტს" კი სტანდარტულებიდან გოლების გატანა ეხერხება, მოსაზრებას "ბურთი მრგვალია და რა იცი, რა ხდება" არსებობის უფლება ნამდვილად აქვს.

"მგლები" ბერლინში
ბერლინის "ჰერტამ" პირველი წრე სენსაციურად ჩაატარა და ყველასათვის მოულოდნელად, მესამე ადგილზე დაასრულა, მაგრამ მეორე წრე დედაქალაქელებმა ცუდად დაიწყეს და ჯერაც არ მოუგიათ (0/3/1). გარდა ამისა, ზედიზედ ორი შეხვედრაა, "ჰერტას" ერთი გოლიც კი არ გაუტანია.

"ჰერტას" მწვრთნელი პალ დარდაი ამბობს, ყველა გუნდს აქვს ხოლმე სეზონში ერთი ჩავარდნა და ახლა ჩვენც სწორედ ასეთი ჩავარდნა გვაქვსო. დარდაი იქვე დასძენს, რომ "ვოლფსბურგთან" საშინაო მატჩი მისთვის გარდამტეხი უნდა გამოდგეს. ბერლინელებს იმის იმედიც აქვთ, რომ "მგლებმა" ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში ითამაშეს და გადაღლილები არიან.

"ინგოლშტადტისა" და "ვერდერის" დუელიც საინტერესო იქნება: "ინგოლშტადტს" ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე სუსტი წინა ხაზი ჰყავს (მხოლოდ 14 გოლი), "ვერდერს" კი ყველაზე სუსტი დაცვა (42 მიღებული ბურთი).

ტოპ-მატჩი კვირას
ტურის მთავარი შეხვედრა კი კვირას გაიმართება: მესამეადგილოსანი "ლევერკუზენი" მეორე პოზიციაზე მყოფ "დორტმუნდს" მასპინძლობს. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია: "ლევერკუზენმა" ბოლო 6 ტურში 18 შესაძლოდან 14 ქულა აიღო (4/2/0, ბურთები 12:3), დორტმუნდელებმა კი ბოლო 8 მატჩში 24 შესაძლოდან, 19 ქულას მოუყარა თავი. თუმცა "დორტმუნდი" "ლევერკუზენს" 13 ქულით უსწრებს და ეს დიდი უპირატესობაა. შესაბამისად, "ფარმაცევტების" მთავარი მოტივაცია არა დორტმუნდელთა დევნა, არამედ "უკანა ხედვის სარკეში ყურებაა".

დორტმუნდელები კი "ბაიერნს" 8 ქულით ჩამორჩებიან და ჯერ კიდევ აქვთ ჩემპიონობისთვის გაბრძოლების იმედი. თუმცა იმისათვის, რომ იმედის ნაპერწკალი არ ჩაქრეს, "ბორუსიამ" ლევერკუზენში უნდა მოიგოს.

პარასკევი. 19 თებერვალი
აინტრახტი-ჰამბურგი 23:30
დისკვალიფიკაცია: ოშჩიპკა
ტრავმა: ანდერსონი, ფლუმი, რაინარტცი, კასტაინოსი - გრეგორშიტცი
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 მატჩი: +29=23-41 (115-160)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3

შაბათი. 20 თებერვალი
ბაიერნი-დარმშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ზულუ, გონდორფი, ჰელერი, ნიმაიერი, რაუში
ტრავმა: ულრაიხი, ბადშტუბერი, ბოატენგი, ხავი მარტინესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 მატჩი: +4=1-0 (13-4)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=0-4

გლადბახი-კიოლნი 18:30
დისკვალიფიკაცია: - რისე
ტრავმა: ალვარო დომინგესი, იანტჩკე, შტრანცლი, ჰერმანი, ნ. შულცი, ჰანი - ცოლერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 მატჩი: +45=16-22 (167-109)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=3-1

ჰერტა-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალაგუი, შიბერი - ბენალია, იუნგი, დოსტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 მატჩი: +14=7-12 (47-44)
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=2-3

ჰოფენჰაიმი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: კრამარიჩი - დონატი
ტრავმა: ჰერდლინგი - ბელი, კლემენტი, სოტო, ბერგრეენი, მუტო
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +2=4-7 (16-22)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2

ინგოლშტადტი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლეველსი, დანილო - ვოლფი, შტერნბერგი, ბარგფრედე, იოჰანსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +1=0-0 (1-0)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=3-2

კვირა. 21 თებერვალი
ლევერკუზენი-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არანგისი, ლ. ბენდერი, ხავიერ ერნანდესი, კრუსი - ს. ბენდერი, შაჰინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 73 მატჩი: +26=21-26 (108-106)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +4=1-1

შალკე-შტუტგარტი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი - ბაუმგარტლი, გინჩეკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 მატჩი: +35=14-42 (115-147)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +5=1-0

ჰანოვერი-აუგსბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ზორგი, ანდრეასენი, კლაუსი, შალაი, - კალსენ-ბრაკერი, ბაიერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 მატჩი: +5=3-1 (13-7)
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +2=2-2

ბომბარდირები: 21 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 20 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 15 - თომას მიულერი (ბაიერნი); 13 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 12 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული