ბუნდესლიგა. XXXIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: მოსაგებად პასი საჭირო არ არის!

AutoSharing Option
* "ჰანოვერს" უკვე 65 ბუნდესლიგური მატჩია, უგოლო ფრე არ უთამაშია. სავარაუდოდ, კლუბი უმაღლეს ლიგას ისე დატოვებს, რომ უგოლო მატჩის სერია 55-მდე გაიზრდება, რადგან ბოლო ტურში მიუნხენში "ბაიერნს" სტუმრობს.

* მხოლოდ პირველი ტაიმების შედეგი რომ გავითვალისწინოთ, ჩემპიონი ისევ "ბაიერნი" გახდებოდა, მეორეზე კი "დორტმუნდი" გავიდოდა. სამაგიეროდ, მესამეზე "მაინცს", ხოლო მეოთხეზე "დარმშტადტს" ვიხილავდით. გერმანიის ჩემპიონატს ამ შემთხვევაშიც ბოლო ადგილზე დაამთავრებდა "ჰანოვერი".

* დანიელ ბაიერმა ბუნდესლიგაში "აუგსბურგის" მე-200 გოლი გაიტანა და ამ ბურთმა შვაბებს დარჩენა გაუნაღდა.

* 33 ტურის მერე ბრემენის "ვერდერმა" პირველად მოახერხა
კარის მშრალად შენახვა. ეს ბუნდესლიგის ანტირეკორდია. აქამდელი მაჩვენებელი საწყისი 28 ტურის განმავლობაში გოლგაუშვებელი სერია გახლდათ.

* მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ (26) არის გამხდარი, მაგრამ ამჯერად, რეკორდმაისტერმა ისტორიაში პირველად შეძლო ზედიზედ 4-ჯერ გაჩემპიონება. ბუნდესლიგა მიჯრით ოთხჯერ აქამდე არავის მოეგო.

* სანდრო ვაგნერი ამ სეზონში "დარმშტადტის" გამორჩეული ფეხბურთელია და იგი გამორჩეული იმითაც გახდა, რომ კლუბის ისტორიაში პირველ მოთამაშედ იქცა, რომელიც ბუნდესლიგის შეხვედრაში გააძევეს.

* "ვოლფსბურგის" ლუის გუსტავოს 7-ივე გოლი სტანდარტულ მდგომარეობებს მოჰყვა - 5 კუთხურს, 2 ჯარიმას.

* "აინტრახტმა" "დორტმუნდს" მოუგო, არადა, მხოლოდ მატს ჰუმელსს მისი შეცვლისას იმაზე მეტი (119) პასი ჰქონდა გაკეთებული, ვიდრე მთლიანად ფრანკფურტელებს (105). "აინტრახტმა" საბოლოო ჯამში სულ რაღაც 134 პასი დააგროვა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბუნდესლიგურ შეხვედრაში მას მერე, რაც მსგავს სტატისტიკას ითვლიან, ანუ 2004/05 წლების სეზონის შემდეგ.

* საინტერესოა, რომ "აინტრახტს" არც ერთი საშინაო თამაში არ წაუგია უკანასკნელი 14 შეხვედრიდან, რომელსაც შესვენების მერე იგებდა - 12 მოგება, 2 ფრე.

* "აუგსბურგის" მეკარე მარვინ ჰიტცმა 362 წუთის განმავლობაში არ გაუშვა გოლი, რაც ამ ფეხბურთელის და მთლიანად კლუბის საუკეთესო მაჩვენებელია გერმანიის ჩემპიონატში.

* "აუგსბურგმა" ბუნდესლიგაში 23-ე საგარეო ქულა აიღო გელზენკირხენში "შალკესთან" მატჩის დროს. ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია ამ მხრივ.

* "ინგოლშტადტის" ანდრე ჰარტმანი გახდა 774 დღის მერე პირველი ფეხურთელი, რომელმაც "ბაიერნს" ბუნდესლიგურ მატჩში პენალტით გაუტანა.

* რობერტ ლევანდოვსკის აქტივში 29 გოლია. ამდენივე ბურთი 2011/12 წლების სეზონში კლას-იან ჰუნტელაარმა გაიტანა. ლევანდოვსკის ერთი ბურთიც და პოლონელი გახდება ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გერმანიის ჩემპიონატის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ.

* ლევანდოვსკიმ მერვედ მოახერხა მატჩის პირველი გოლის გატანა, რაც მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.

* არტურო ვიდალისა და ედუარდო ვარგასის შემდეგ ჩარლს არანგისი გახდა მესამე ჩილელი, ვინც ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა.

* "ლევერკუზენს" ამ სეზონში 26-ჯერ აქვს ბურთი ძელისთვის გარტყმული. ეს ბუნდესლიგის ახალი რეკორდია მას მერე, რაც მსგავსი სტატისტიკა ითვლება (2004 წლიდან).

* 2008 წლის იანვარში "ვოლფსბურგში" გადასვლის მერე, "მგლების" შვეიცარიელი მეკარე დიეგო ბენალიო პირველად აღმოჩნდა სათადარიგოთა სკამზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული