გერმანიის თასი. ფინალი: პეპის ცრემლები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხოსეპ გვარდიოლას მიუნხენური 3-წლიანი ერა დასრულდა. პეპმა "ბაიერნთან" ერთად ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ სამივეჯერ მოიგო ბუნდესლიგა და ორჯერ თასი. შაბათს ბერლინში გამართული თასის ფინალი პეპის მიუნხენური ერის "ჰეფი ენდი" გახლდათ.

თუმცა მიუნხენელებმა ეს ფინალი ადვილად როდი მოიგეს - რეკორდმაისტერმა "დორტმუნდს" 120 წუთის მანძილზე ვერაფერი მოუხერხა და მხოლოდ პენალტების სერიაშიღა დაჯაბნა (4:3).

ბოლო, დუგლას კოშტას წარმატებული პენალტის შემდეგ გვარდიოლამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა! გასაკვირი არაფერია, რადგან პეპმა მიუნხენში სამი შესანიშნავი წელი გაატარა - მას ბავარიელები და ზოგადად, მთელი საფეხბურთო
გერმანია ხელისგულზე ატარებდნენ.

"ასეთი დასასრულით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ტიტულები ჩემთვის მხოლოდ სტატისტიკაა. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ მიუნხენში სამი გადასარევი წელი გავატარე. ეს დრო და ეს შესანიშნავი ფეხბურთელები არასდროს დამავიწყდება!" - განაცხადა პეპმა მატჩის შემდეგ და ცრემლებს ვერც ინტერვიუს დროს იკავებდა.

უშუალოდ მატჩი დიდად მძაფრი არ ყოფილა, თუმცა პირველ ტაიმში, ერთ ეპოზოდში სერიოზულად დაიძაბა ვითარება: რიბერი და კასტრო ერთმანეთს წაეკიდნენ და ორივემ ყვითელი ბარათი დაიმსახურა. აქ უნდა ითქვას, რომ "ბაიერნის" ფრანგ ფეხბურთელს ძალიან გაუმართლა, წითელი ბარათი რომ არ აუფრიალეს.

მეორე ტაიმში რეკორდმაისტერი ფლობდა უპირატესობას, მაგრამ გოლი ვერაფრით გაჰქონდა. დამატებულ დროში "დორტმუნდი" ჯერ დურმმა იხსნა, მერე კი მეკარე ბიურკიმ. "ბაიერნის" კართან კარგი მომენტი შეექმნა ჰენრიხ მხითარიანს. ამრიგად, 1999 წლის შემდეგ გერმანიის თასის ფინალში პირველად დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია. 

დორტმუნდელთაგან ნერვებმა სვენ ბენდერს და სოკრატისს უმტყუნეს, "ბაიერნიდან" კი პენალტი მხოლოდ ახალგაზრდა კიმიხმა გააფუჭა. შესაბამისად, დორტმუნდის "ბორუსია" პირველი კლუბია გერმანიის თასის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ მესამე ფინალი წააგო.

ბაიერნი-დორტმუნდი 0:0 (4:3 პენ.)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ბოატენგი, ალაბა - ვიდალი, ტიაგო ალკანტარა - თ. მიულერი, დუგლას კოშტა, რიბერი (108. კომანი) - ლევანდოვსკი.
დორტმუნდი (5-1-3-1): ბიურკი - პიჟჩეკი, ს. ბენდერი, სოკრატისი, ჰუმელსი (78. გინტერი), შმელცერი (70. დურმი) - ვაიგლი - მხითარიანი, როისი, კასტრო (106. კაგავა) - ობამეიანგი.
პენალტების სერია: 0:1 კაგავა, 1:1 ვიდალი, 1:1 ს. ბენდერი (მეკარე), 2:1 ლევანდოვსკი, 2:1 სოკრატისი (ააცილა), 2:1 კიმიხი (მეკარე), 2:2 ობამეიანგი, 3:2 თ. მიულერი, 3:3 როისი, 4:3 დუგლას კოშტა.
გაფრთხილება: რიბერი, კიმიხი, ვიდალი, თ. მიულერი - კასტრო, ჰუმელსი, სოკრატისი
მაყურებელი: 74 322

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული