"დორტმუნდი": მოდი, ვნახოთ ახალი "დორტმუნდი"...

AutoSharing Option
ვისაც გემრიელი ფეხბურთი უყვარს, უყვარს "დორტმუნდიც". გუნდი, რომელიც არასოდეს უხვევს გეზს და პრაგმატული ფეხბურთის ეპოქაში განსაკუთრებულად უტევს.

რა თქმა უნდა, ბუნდესლიგის მომავალი სეზონის მთავარი ფავორიტი მიუნხენის "ბაიერნია", მაგრამ თომას ტუხელის გუნდი გვარიანად გაძლიერდა.

კი, "დორტმუნდს" გოლიათმა "ბაიერნმა" წაართვა მატს ჰუმელსი, მაგრამ შევსებაც დიდია. მით უმეტეს, დორტმუნდელებმა მოახერხეს მარკო როისისა და პიერ ემერიკ ობამეიანგის შენარჩუნება. ვნახოთ, ვინ გააძლიერა "დორტმუნდი".

მარკ ბარტრა
მართალია, 25 წლის კატალონიელი არ იყო "ბარსელონას" ძირითადი მცველი, მაგრამ "ბლაუგრანას" მაისურით არცთუ იშვიათად გამოდიოდა მინდორზე. ორი აზრი არ არის,
"დორტმუნდის" დაცვის გამაგრება შეუძლია.

უსმან დემბელე
"რენის" ყოფილი ფორვარდი 19 წლისაა. მან უკვე მოასწრო გოლების გატანა საფრანგეთის ჩემპიონატში. სპეციალისტები მას ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად მიიჩნევენ. დემბელეს ამავე სეზონში შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება.

ემრე მორი
ყველას გაუკვირდა, როცა თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა ყველასათვის უცნობი თინეიჯერი ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა. არადა, იქ დანიაში დაბადებული თურქი ერთ-ერთი საუკეთესო იყო თანაგუნდელებს შორის. ალბათ, ჯერ მხოლოდ ეპიზოდური როლი ექნება "დორტმუნდში", თუმცა გუნდს აშკარად გამოადგება.

მარიო გიოტცე
"დორტმუნდს" გული და ლიდერი უბრუნდება. სუპერმარიოს არ ჰქონდა კარგი ბოლო სეზონი "ბაიერნში". ალბათ, იმადაც, რომ პეპ გვარდიოლა მას არ ენდობოდა. არადა, ის ერის გმირია. ყველას ახსოვს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მის მიერ გატანილი გადამწყვეტი გოლი. მარიოს მშობლიურმა გარემომ ახალი მოტივაცია უნდა მისცეს.

რაფაელ გერეირო
პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ეს ზოგადი ნათქვამია - ის ფრანგულ მინდვრებზე პარტნიორებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. "დორტმუნდის" სათამაშო სტილს ეს ზეშემტევი ფლანგელი მცველი ძალიან უნდა მოუხდეს.

სებასტიან როდე
მიუნხენის "ბაიერნის" მყარი სათადარიგო. ნებისმიერ შემთხვევაში ფასეული შენაძენია. ეს ფეხბურთელი გამორჩეულია თავისი უნივერსალური თვისებებით და ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

მიკელ მერინო
20 წლის ესპანელი ნახევარმცველი, რომელიც აქამდე "ოსასუნაში" თამაშობდა, მეტ დროს, ალბათ, სათადარიგოთა სკამზე გაატარებს.

ანდრე შიურლე
აშკარად გამორჩეული გერმანელი ფეხბურთელი, ვისაც არ აეწყო საქმეები "ვოლფსბურგში". "ლევერკუზენსა" და "ჩელსიში" მიღებული უდიდესი გამოცდილება ანდრეს "დორტმუნდში" ძალიან გამოადგება. ფეხბურთელი, რომელსაც გიოტცესთან, როისთან და ობამეიანგთან ერთად გუნდის ლიდერობა შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმაგრესი სასტავი!
dortmund
13:25 25-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული