ადვილი არ არის მწვრთნელისთვის, მივიდეს გუნდში, რომელიც მხოლოდ გამარჯვებებსაა შეჩვეული. კარლო ანჩელოტიმდე პეპ გვარდიოლამ მიუნხენურ გრანდთან ერთად ზედიზედ სამჯერ მოიგო ბუნდესლიგა. ამიტომ კარლიტოს არ აქვს უფლება, ამაზე დაბლა დასწიოს თამასა - მეტიც, მან კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე უნდა აიყვანოს "ბაიერნი", რადგან კლუბის ხელმძღვანელობა მეტ წარმატებებს ითხოვს საერთაშორისო ასპარეზზეც.
ანჩელოტი ამბობს, რომ
"არ გამჭირვებია, რადგან დღევანდელი "ბაიერნი" არის სრულყოფილი გუნდი, განსწავლული ფეხბურთელებითა და უმაღლესი კლასით, - ამბობს ანჩელოტი "გოლთან" ინტერვიუში. - პეპის შემდეგ მართლა ადვილი იყო "ბაიერნში" მუშაობის დაწყება, რადგან აქ ჩემამდეც უდიდესი საქმე გაკეთდა. გუნდი ბრწყინვალე კონდიციებში დამხვდა. გვარდიოლას ძალისხმევით, კიდევ უფრო ამაღლდა მოთამაშეთა კლასი. ამ სამი წლის განმავლობაში მათ ძალიან ბევრი რამ ისწავლეს, მე მხოლოდ მცირე სიახლეები შევიტანე გუნდში. ხანდახან, როცა ფეხბურთელებს აძლევ ახალ იდეებს, ისინი უფრო კონცენტრირებულნი ხდებიან".
სპეციალისტები აქტიურად ეძებენ განსხვავებებს ანჩელოტისა და გვარდიოლას შორის. ზოგიერთი მათგანის დაკვირვებით, იტალიელი გაცილებით მეტ თავისუფლებას აძლევს მოთამაშეებს. თუმცა კარლიტო ამ მოსაზრებას არ იზიარებს:
"მეტი თავისუფლება? არა. ფეხბურთელებს ყოველთვის აქვთ მატჩისწინა გეგმა, რომელიც მოედანზე უნდა განახორციელონ. ეს არის ტაქტიკა და თამაშის ორგანიზაცია. მე მინდა, მოედანზე იყოს არა უბრალოდ 11 ფეხბურთელი, არამედ გუნდი. ეს გუნდი კი აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს გარკვეულ წესებს. ამიტომ არ მესმის, რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი? თუ აქ იგულისხმება ის, რომ ფეხბურთელებს ხანდახან ვაძლევ სივრცეს შემოქმედებისთვის, რათა გასაქანი მიეცეს მათ ტალანტს, კი ბატონო, დაარქვით ამას "თავისუფლება". მაგრამ მოედანზე აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, ვიმეორებ - აქ არის წესები, რომლებიც ფეხბურთელებმა უნდა დაიცვან".
შემდეგ ანჩელოტიმ უპასუხა კითხვას, თუ როგორ ახერხებს სიმშვიდის შენარჩუნებას თამაშის დროს თუ ვარჯიშებზე, მაშინ, როცა ბევრი მისი კოლეგა ანალოგიურ სიტუაციაში ფეხბურთელებზე არანაკლებ ენერგიას ხარჯავს. ამგვარი ხასიათის გამო კრიშტიანო რონალდომ თავის დროზე მას "დიდი დათვი" უწოდა:
"ის ჰგავს დიდ დათვს. ანჩელოტი ძალიან მშვიდი, გულღია და მგრძნობიარე ადამიანია".
ანჩელოტი კი ამბობს, რომ ის, უბრალოდ, ასეთია და არ შეუძლია, ხელოვნურად შეიქმნას განსხვავებული იმიჯი:
"მართალია რონალდო, ეს ჩემი ხასიათია. საერთოდ, მშვიდი ადამიანი ვარ, ჩემ გარშემო ადამიანები არასოდეს არიან გაბრაზებულები. მამაჩემიც ასეთი მშვიდი იყო, ჩემი პირველი მასწავლებელიც, პირველი მწვრთნელიც... არ ვიცი, რამდენად შეეფერება მწვრთნელს ასეთი ხასიათი, მაგრამ მე მინდა ვიყო სამართლიანი ფეხბურთელების მიმართ, კლუბის მიმართ"...
იყო შემთხვევები, როცა ანჩელოტის ვერ გაუკონტროლებია ემოციები, მაგრამ ის ამბობს, რომ არასოდეს ელაპარაკება ფეხბურთელებს, როცა რაღაცაზე გაბრაზებულია:
"რა თქმა უნდა, გაბრაზებულიც ვყოფილვარ და სკამისთვისაც დამირტყამს ფეხი, მაგრამ ვცდილობ, რაც შეიძლება მალე დავიოკო ემოციები. ასეთ დროს თავს ვარიდებ ფეხბურთელებთან ურთიერთობას, მირჩევნია, ეს მეორე დღეს გავაკეთო, როცა დავმშვიდდები".
ანჩელოტის საფირმო მიმიკა - მაღლა აწეული წარბი, რასაც ყოველთვის ვხედავთ, როცა ის, მაგალითად, ინტერვიუს იძლევა...
"მე არ შემიძლია ამის კონტროლი. ხანდახან, როცა ჩემი ინტერვიუების ჩანაწერს ვუყურებ ტელევიზიით, მიკვირს კიდეც, მაღლა აწეულ წარბს რომ ვხედავ, რადგან ლაპარაკისას ამას ვერ ვგრძნობ. დამიჯერეთ, ამის უკან არაფერი განსაკუთრებული არ დგას".
ახლა სანაკრებო პაუზაა. საკლუბო ბატალიები მომავალი უქმეებიდან განახლდება. შაბათს ანჩელოტის "ბაიერნი" ფრანკფურტში "აინტრახტს" სტუმრობს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"