ანტონი მოდესტე - ბუნდესლიგის მთავარი სიურპრიზი?

AutoSharing Option
ბუნდესლიგას თუ ახლოდან შევხედავთ, იქ გასაკვირი ძალიან ბევრია. ალბათ, ყველაფერი, გარდა ლიდერისა. ერთადერთი, რაც არ გვაკვირვებს, მიუნხენის "ბაიერნია". გერმანიის ყველაზე ტრადიციული გუნდი ლიდერობს და ეს ალბათ სეზონის ბოლოსაც ასე იქნება.

სამაგიეროდ, გვაკვირვებს სხვა რამეები. მაგალითად: "დორტმუნდის" ძალიან ცუდი თამაში, "ლაიპციგის" ძალიან კარგი თამაში და ბომბარდირთა ჩამონათვალი, რომელსაც ანტონი მოდესტე ლიდერობს.

წლევანდელ ბუნდესლიგაში მოდესტე ბობოქრობს. 28 წლის ფრანგი, ვისგანაც ამგვარ ბობოქრობას საერთოდ არავინ ელოდა. ის კი არა, ცოტა ხნის წინ მოდესტე მხოლოდ ბუნდესლიგის მოყვარულთათვის იყო ცნობილი ფეხბურთელი. ახლა მას მთელი მსოფლიო
იცნობს.

11 გოლი - სწორედ ამდენი შეაგდო "კიოლნის" შემტევმა ბუნდესლიგის სტარტის შემდეგ და ის ამ მაჩვენებლით დამაჯერებლად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. ისიცაა, რომ "ჰამბურგთან" ბოლო ტურის მატჩში მოდესტეს სულაც პოკერის შესრულება შეეძლო - თერთმეტმეტრიანიდან ძელს გაარტყა ბურთი.

მოდესტე ფრანგია. მისი კარიერა დაიწყო "ნიცაში", თუმცა იქ იგი ბოლომდე ვერ გაიხსნა. სამაგიეროდ, ანტონი მბუ აგოგო მოდესტეს საუკეთესო პერიოდი დაუდგა "ანჟერში", სადაც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ამ გუნდის წარმოდგენა მოდესტეს გარეშე ძალიან რთული გახდა.

მერე იყო "ბორდო", ისე რა თამაშები და მცირეხნიანი გასეირნება ინგლისში, სადაც მოდესტემ პრემიერლიგის მტვერი შეიყნოსა - ძალიან ცოტა ხანს და ძალიან ცოტა ითამაშა "ბლექბერნში". ის ვერ შეეგუა ინგლისურ ფეხბურთს და ამის თაობაზე ღიად თქვა კიდეც.

"ძალიან ცოტა ვითამაშე "ბლექბერნში". ზოგადად, მე დამნაშავეს ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებ და არა სხვაგან. ინგლისურ კლუბში მე თამაში არ გამომივიდა, ეს ფაქტია. მივხვდი, რომ პრემიერლიგის ფეხბურთი საჩემო ფეხბურთი არ იყო", - თქვა მოგვიანებით მოდესტემ.

სამაგიეროდ, შემდეგი არჩევანი ანტონიმ დიდებული გააკეთა. ის გადავიდა "ბასტიაში", სადაც შესანიშნავი მატჩები ჩაატარა და გოლებიც გაიტანა. 2013 წლის 9 ივლისს "ჰოფენჰაიმმა" ბევრისაგან დავიწყებულ მოდესტეს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"მივხვდი, რომ ეს ჩემთვის ახალი და განსაკუთრებული შანსი იყო. შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. ვიცოდი, რომ ჩემთვის ეს იყო დიდ ფეხბურთში დამკვიდრების ბოლო შესაძლებლობა. მეტი რაღა დამრჩენოდა - ამ შანსს ბოლომდე ჩავეჭიდე.

"ჰოფენჰაიმმა" მომცა ძალიან ბევრი რამ. მთავარი მაინც ნდობა იყო. ვიგრძენი, რომ გუნდისათვის საჭირო ფეხბურთელი ვიყავი. ამან მომავლის რწმენა გამიძლიერა. სხვანაირად შევხედე მომავალს", - ამბობს მოდესტე.

62 მატჩი, 23 გოლი - მოდესტეს შედეგიანობა "ჰოფენჰაიმში" ზღაპრული არ ყოფილა, მაგრამ მან რამდენიმე გუნდის ყურადღება მაინც მიიქცია. 2015 წლის 26 ივნისს "კიოლნმა" მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბევრის აზრით, "კიოლნის" ასეთი დამაჯერებელი სტარტი შემთხვევითობაა. ამ აზრს არ იზიარებს ჩვენი წერილის გმირი.

"რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ასეთი კარგი თამაში ძალიან ბევრს უკვირს, მაგრამ ამ ბევრში ჩვენ არამც და არამც არ შევდივართ. შემთხვევითობა ჩვენს თამაშში თითქმის საერთოდ არ არის. მიმაჩნია, რომ "კიოლნმა" კლასის ხარჯზე ისწავლა გამარჯვებების მოპოვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - მიიჩნევს მოდესტე.

ფრანგი თავდამსხმელი ამბობს, რომ თავს განსაკუთრებულ პერსონად არ გრძნობს, რაკი გოლების გატანა მისი უშუალო მოვალეობაა. "გავდივარ მინდორზე და ჩემს საქმეს ვაკეთებ. მგონი, ამაში განსაკუთრებული არაფერია.

სულაც არ მიმაჩნია, რომ "კიოლნის" კარგ სტარტში ჩემი წვლილი განსაკუთრებულია. მე გოლები გამაქვს, მაგრამ საგოლე სიტუაციები ხომ ჩემი პარტნიორების ძალიასხმევით იქმნება? მე უბრალოდ ვაგვირგვინებ მათ მიერ წამოწყებულ შეტევებს.

თავდამსხმელი ვარ და გოლების გატანა ჩემი მოვალეობაა. მე ვშრომობ ბევრს, რომ ეს სათამაშო ფორმა რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო და ამგვარად, სასარგებლო ვიყო გუნდისათვის. ეს არის დღეს ჩემი ნომერ პირველი ამოცანა", - მოდესტე მართლაც ძალიან კარგად აზროვნებს.

რა მიზანი აქვს "კიოლნს" ბუნდესლიგაში? მოდესტე მიიჩნევს, რომ ზედმეტი ეიფორიისა და წნეხის შექმნა საჭირო არ არის. მისი თქმით, "კიოლნი" ყველა თამაშზე მოსაგებად გადის და ასე იქნება მომავალშიც.

"ჩვენი მიზანი ყოველთვის მოგებაა. საერთოდ, მინდორზე სხვანაირი განწყობით გასვლას აზრი არ აქვს. მოდით, ნუ დავისახავთ ნაჩქარევ მიზნებს. გავიდეთ ყველა თამაშის მოსაგებად და ერთად ვნახავთ, რა გამოგვივა", - ამბობს მოდესტე.

ახლა სპეციალისტები ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს ბუნდესლიგის მთავარ სიურპრიზად. გავითვალისწინოთ ის, რომ სეზონის დაწყების წინ "ლაიპციგის" თაობაზე ძალიან ბევრი საუბრობდა.

მოდესტეს ასეთ გაბრწყინებას კი საერთოდ არავინ ელოდა. ის ბომბარდირთა დავაში წინაა რობერტ ლევანდოვსკიზე და ამით ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი. მოდესტე უმატებს და უმატებს. ბოლო ტურის ჰეთ თრიქიც არ უნდა იყოს შემთხვევითობა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული