თუმცა ჩვენ თავის დროზეც ვწერდით, რომ მწირი საკადრო რესურსებით, რაშიც პირველ რიგში მოკლე სათადარიგოთა სკამს ვგულისხმობდით, "წითლები" დიდხანს ვერ შეინარჩუნებდნენ არანორმალურ ტემპს. ისე აგიხდეთ ყველაფერი!..
..კოშმარული იყო იანვრის ბოლოც - სამდღიანი ინტერვალით იურგენ კლოპის გუნდი ასოციაციის თასიდანაც გავარდა და ლიგის
ასეა თუ ისე, დღეს სურათი ნათელია - კლოპის მძლავრი "მანქანა" მოიშალა და უკვე ლაპარაკობენ "მძღოლის" შეცვლაზეც. ახლა ბევრი სწორედ გერმანელისკენ იშვერს ხელს და სატრანსფერო ბაზარზე უმოქმედობაში ადანაშაულებს. მართალია, იანვარი ვაჭრობისთვის ხელსაყრელი თვე არ არის, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რომ წლების წინათ სწორედ იანვრის ბაზარზე იყიდეს მერსისაიდელებმა ლუის სუარესი, დანიელ აგერი, ხავიერ მასკერანო და მარტინ შკრტელი. "ლივერპულს" ახლაც სჭირდებოდა ასეთი ფეხბურთელები, ოღონდ არ ვამბობთ, რომ ყველა, თუნდაც - ორი!
ვიცით, რომ კლოპს ძალიან მოსწონს "ლევერკუზენის" გარემარბი იულიან ბრანდტი და თითქოს, უნდა შემდგარიყო კიდეც გარიგება, მაგრამ მერეღა გაირკვა, რომ ეს ამბავი ზაფხულამდე გადაიდო.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვისაც კლოპი "ახალ სისხლად" განიხილავდა, იულიან დრაქსლერი იყო, მაგრამ "წითლები" ვერ შესწვდნენ 23 წლის გერმანელის სახელფასო მადას. შესაბამისად, ის აღმოჩნდა პსჟ-ში, სადაც უკვე 6 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში, ლიგა 1-სა და თასზე.
იანვრიდან მოყოლებული, მხოლოდ ერთხელ, 11 თებერვალს ჰგავდა "ლივერპული" გუნდს, როცა "ენფილდზე" 2:0 მოუგო "ტოტენჰემს". შეიძლება გამარჯვებულებს არ უნდა ვასამართლებდეთ, მაგრამ ინგლისელმა სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ "მამლებმა" ზედმეტი თავისუფლება უბოძეს "ლივერპულის" ფორვარდ სადიო მანეს, ვინც პირველი ტაიმის სამწუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა და "ტოტენჰემი" წელში გადაამტვრია.
მაგრამ ბოლო თვეებში ეს ერთეული შემთხვევა იყო. სტატისტიკიდან კარგად ჩანს, თუ როგორც შესუსტდა იმავე მანეს, რობერტო ფირმინოსა და ფილიპე კოუტინიოს გავლენა უშუალოდ თამაშის მიმდინარეობაზე. თუმცა გადაჭრითაც ძნელია იმის თქმა, თითქოს ეს სამეულიც და მთელი შემადგენლობაც გამოფიტულია - არც ერთ გუნდს არ აქვს 26 მატჩში იმდენი კილომეტრი ნარბენი, რამდენიც "ლივერპულს" - 3 050!
ყველა გრძნობდა, რომ ორშაბათს "ლესტერისთვის" განსაკუთრებული თამაში იქნებოდა ახალი მწვრთნელის ფაქტორიდან გამომდინარე, მაგრამ "ლივერპულსაც" აუცილებლად სჭირდებოდა გამარჯვება ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად. ამ დროს კი ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უინიციატივო, იდეებისგან დაცლილი გუნდი. კი ბატონო, კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი ტრავმირებული იყო, მაგრამ რას აკეთებდნენ სხვა ლიდერები?
"ლესტერსა" და "ჰალთან" წაგებული თამაშების შემდეგ ფანების შეშფოთება სრულიად გასაგებია, რადგან უახლოეს ოთხ ტურში კლოპის სამწყსოს უშუალო კონკურენტებთან, "არსენალსა" (შინ) და "მანჩესტერ სიტისთან" (სტუმრად) უწევს დაპირისპირება. ცხადია, საჩუქარი ვერ იქნება ლივერპულური დერბიც, უფრო ადრე კი იმ "ბარნლის" მიღება, რომელთანაც ენფილდელებმა მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი წააგეს (0:2, 2016 წლის 20 აგვისტოს).
იმავე "ბარნლის", "ჰალისა" (0:2, 4 თებერვალი) და "ლესტერის" (1:3, 27 თებერვალი) გარდა, "ლივერპულმა" ერთ ისეთ გუნდთანაც დაყარა ფარ-ხმალი, რომელიც კონკრეტულ მომენტში გასავარდნ ზონაში იყო - ლაპარაკია "სუონსიზე", რომელთანაც 21 იანვარს შინ 2:3 წააგო.
აუცილებლად გასახსენებელია სკანდალური საგარეო მარცხი "ბორნმუთთან", როცა "ლივერპული" თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე 3:1 იგებდა, მაგრამ... ბოლოს გამარჯვება ედი ჰაუს შეგირდებმა იზეიმეს - 4:3.
ამასობაში კი, საქმე იქამდე მივიდა, რომ კლოპს უკვე უარესი შედეგი აქვს მის წინამორბედ ბრენდან როჯერსთან შედარებით. ამ უკანასკნელმა მატჩების 50 პროცენტი (83 გამარჯვება 166 მატჩიდან) მოიგო, გერმანელის მაჩვენებელი კი 48.3 პროცენტია (42 გამარჯვება 87 მატჩიდან).
ჩანს, მომავალი ზაფხული აუცილებლად მოიტანს ცვლილებებს და ვნახავთ, რამდენად შეეხება ეს სამწვრთნელო სავარძელს. ასევე ვარაუდის დონეზე შეიძლება ლაპარაკი რამდენიმე ფეხბურთელზე, რომელთაც აბარგების პერსპექტივა აქვთ.
მაგალითად, ემრე ჩანი, რომელსაც ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. "ენფილდიდან" წავლენ ლუკას ლეივა და ალბერტო მორენო, ისევე, როგორც მამადუ სახო და ლაზარ მარკოვიჩი, ოღონდ ჯერ მყიდველები უნდა გამოჩნდნენ. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა მეკარე სიმონ მინოლეს ლივერპულური მომავალიც.
ცალკე თემაა დენ სტარიჯი, ვისი ვარჯიშიც ზოგიერთმა სპეციალისტმა ნახა და აღფრთოვანებული დარჩა, მაგრამ... არადა, კლოპიც ღიად არ აპირებს, ხელი ჰკრას ინგლისის ნაკრების შემტევს:
"ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ძალიან მაგარ ფორმაში მყოფი სტარიჯი და წარმატებით დავასრულოთ პრემიერლიგა. შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ახლა ძნელია ლაპარაკი, რადგან ძალიან ბევრ რამ არის ისეთი, რაც დღეს არ ჩანს, მაგრამ შეიძლება სეზონის ბოლოს გამოჩნდეს", - ამბობს ჰერ იურგენი, რომელსაც ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა.
თუ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, იმ გადაწყვეტილებებს, რაზეც კლოპი ლაპარაკობს, დიდი ალბათობით, სხვა მწვრთნელი მიიღებს. არადა, შემოდგომაზე ვინ იფიქრებდა, რომ აქამდე მივიდოდა საქმე...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"