პრემიერლიგა. XXVII ტური: სად იყო აქამდე შექსპირი?! [VIDEO]

AutoSharing Option
17 თამაში წაუგებლად ხუმრობა საქმე როდია?! ბარემ ძალიანაც მაგარი ამბავია, მაგრამ რა ხეირი? - "იუნაიტედი" რჩება მე-6 ადგილზე და ჟოზე მოურინიოსაც ამ წაუგებელი თამაშების თვლა არაფერს მოუტანს.

"მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე ვერ დაამარცხა "ბორნმუთი", რომელიც მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კაცნაკლული იცავდა თავს - ამას რომ დაწერ, იქნებ კომენტარი აღარც იყოს საჭირო, ამით ხომ ყველაფერია ნათქვამი...

...მაგრამ ჩვენ მაინც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. თუნდაც ის, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვერ გაიტანა 11-მეტრიანი, რომელსაც "იუნაიტედისთვის" 3 ქულის მოტანა შეეძლო. აქამდე შვედს ზედიზედ 6 პენალტი ჰქონდა
დარტყმული უშეცდომოდ, ხოლო ბოლოჯერ ამ საბედისწერო ნიშნულიდან 2015 წელს, პსჟ-ში ყოფნისას გაუცუდდა მცდელობა...

ესეც არ იყოს, იბრა რაღაც აჭრილივით იყო იმ დღეს - ბორნმუთელ ტაირონ მინგსთან ორჯერ ჩაება ინციდენტში და ერთხელ სასჯელსაც გადაურჩა, როცა მეურვეს იდაყვი უთავაზა კეფაში, ხოლო მერე თავად წამოიკიდა პროვოკაციაზე იგივე მინგსი და ენდრიუ სიურმენი, რის გამოც ეს უკანასკნელი მეორე ყვითელი ბარათითა და გაძევებით დაისაჯა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლივერპულის" დამაჯერებელი გამარჯვება "არსენალთან" იყო ერთგვარი პასუხი იმ კრიტიკოსებისთვის, რომლებმაც "წითლების" სადღეისო ყოფა ზედმეტად მუქ ფერებში დახატეს (ერთ-ერთი ასეთი წერილი "ლელოშიც" დაიბეჭდა).

თუმცა რაღაც-რაღაცებში არსენ ვენგერის გადაწყვეტილებებმაც შეუწყო ხელი მოვლენების "ლივერპულისთვის" სასიკეთოდ განვითარებას. მარტო ალექსის სანჩესის, თეო უოლკოტისა და აარონ რემზის თადარიგში დასმა რად ღირს?! ეტყობა, ვენგერის ჩანაფიქრი იყო, "მეორე სართულზე" გადაეტანა ბრძოლის აქცენტი. აქ მას ოლივიე ჟირუსა და დენი უელბეკის იმედი ჰქონდა, მაგრამ სანჩესმა (17 გოლი და 9 საგოლე პასი 26 მატჩში) მალევე დაუმტკიცა მწვრთნელს თავისი საჭიროება, როცა შეცვლაზე შესულმა უელბეკს არა "მეორე", არამედ "პირველი სართულიდან" გაატანინა შესანიშნავი პასის შემდეგ.

საინტერესოა, რომ "ლივერპულს" პრემიერლიგის ამჟამინდელი პირველი ექვსეულის გუნდებთან არ წაუგია ბოლო 9 მატჩი (5 მოგება, 4 ფრე), ხოლო "არსენალი" იმავე ტოპ 6-თან ბოლო 11 საგარეო მატჩში ერთხელაც არ დარჩენილა ნასიამოვნები გამარჯვებით (5 ფრე, 6 წაგება).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლესტერმა", კრეიგ შექსპირის თავკაცობით, მეორე მატჩი ჩაატარა და მეორეც მოიგო. საერთოდ, უმადურობა არ არის მოსაწონი საქციელი და "კინგ ფაუერიც" არასოდეს დაივიწყებს კლაუდიო რანიერის საგმირო საქმეებს, მაგრამ იქნებ ჯობდა, დიდი უილიამის მოგვარე მანამდე დაენიშნათ, სანამ რანიერის სადავეები ხელიდან გაექცეოდა და ჯერაც მოქმედი ჩემპიონი, მისდა სამარცხვინოდ, გასავარდნ ზონაში აღმოჩნდებოდა?! აგერ, რიად მაჰრეზსაც დასტყობია რანიერის წასვლა - გასული სეზონის ერთ-ერთმა გმირმა ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა!..

და კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი - შექსპირის დამოძღვრილმა "ლესტერმა" ბოლო ორ მატჩში 6 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა რანიერის თავკაცობით გამართულ უკანასკნელ 10 მატჩში მხოლოდ სამჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე.

მარკო არნაუტოვიჩის დუბლით (პირველი გოლები პრემიერლიგაში შინ 308-დღიანი პაუზის შემდეგ) "სტოკმა" იოლად მოუგო "მიდლსბროს", რომლის ბოლო გამარჯვებაც გასული წლის 17 დეკემბრით თარიღდება. ამას გარდა, აიტორ კარანკას შეგირდებს ბოლო 8 მატჩიდან 6-ში არ გაუტანიათ გოლი, რამაც სავალალო სიტუაცია შექმნა - "ბორო" კატასტროფის ზონაშია, ხოლო მწვრთნელს სამსახურის დაკარგვა ემუქრება.

ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო "სუონსიმ" პოლემიკითა და დრამატიზმით აღსავსე საშინაო მატჩში, სადაც სამართალმა პური ძალიან გვიან, უკვე დამატებულ წუთებზე ჭამა - რომ არა ფერნანდო ლორენტეს გოლი, რომელმაც უელსურ კლუბს 3 ქულა მოუტანა, საფეხბურთო ასოციაციაში უთუოდ შევიდოდა საჩივარი არბიტრ ენტონი ტეილორის წინააღმდეგ, "ბარნლის" სასარგებლოდ დანიშნული უსამართლო პენალტის (ბურთი ხელზე მოხვდა შემტევი გუნდის ფორვარდს) გამო.

ლიგის თასის ფინალში წაგებით გულგატეხილმა "საუთჰემპტონმა" პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე საგარეო მატჩი მოიგო "უოტფორდთან" ერთობ თვალსასეირო და უხვგოლიან დაპირისპირებაში, ხოლო სემ ელარდაისის "კრისტალ პალასმა" ბოლო ორ მატჩში აღებული მაქსიმუმით თავი დააღწია გასავარდნ ზონას.

კვირას, ჰარი კეინის მორიგი მასტერკლასის წყალობით, "ტოტენჰემმა" რთულ ბრძოლაში მოუგო "ევერტონს". ეს იყო "მამლების" მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს მე-100 გამარჯვება პრემიერლიგაში (77 - "ტოტენჰემის", ხოლო 23 - "საუთჰემპტონის" სახელით). ამას გარდა, "ტოტენჰემმა" ზედიზედ მე-9 საშინაო თამაში მოიგო, ხოლო ზემოთ ხსენებულმა კეინმა, 2017 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, 12 ოფიციალურ მატჩში 14 გოლი მიითვალა!

"მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, სერხიო აგუერომ კი ბოლო 3 მატჩში 5 გოლი მიითვალა და თავისიანებს პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXVII ტური
მანჩესტერ იუნ-ბორნმუთი 1:1
გოლები: 1:0 როხო (23), 1:1 ჯ. კინგი (40-პენ)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ფ. ჯოუნსი, როხო, შოუ (70. რაშფორდი) - ქერიკი (70. ფელაინი), პოგბა - მატა, პოგბა - მატა, მარსიალი, რუნი (70. ლინგარდი) - იბრაჰიმოვიჩი.
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - სმიტი, კუკი, მინგსი (79. ქერჯილი), დენიელსი - არტერი, სიურმენი - ფრეიზერი, ჯ. კინგი (88. გრეიდელი), პაფი (46. გოსლინგი) - აფობე.
გამოუყენებელი პენალტი: იბრაჰიმოვიჩი (72. მანჩესტერი)
გაძევება: სიურმენი (45. ბორნმუთი)
მაყურებელი: 75 245

ლესტერი-ჰალი 3:1
გოლები: 0:1 კლუკასი (14), 1:1 ფუხსი (27), 2:1 მაჰრეზი (59), 3:1 ჰადლსტოუნი (90 ს. კ.)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი (83. სლიმანი), დრინკუოტერი, ნდიდი, ოლბრაიტონი - ოკაზაკი (70. დ. გრეი), ვარდი.
ჰალი (4-1-4-1): იაკუპოვიჩი - ალ მუჰამადი, რანოკია, მაგუირი, რობერტსონი - ჰადლსტოუნი - მარკოვიჩი (78. მარკოვიჩი), ნდიაიე (68. ერნანდესი), კლუკასი, გროსიცკი - ნიასე.
მაყურებელი: 31 971

სტოკი-მიდლსბრო 2:0
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (29), 2:0 არნაუტოვიჩი (42)
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი (87. აფელაი), პიტერსი - ქემერონი, უელანი - სობი, ალენი, არნაუტოვიჩი (65. დიუფი) - კრაუჩი (79. ბერაჰინო).
მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი - ფაბიო, აიალა (8. ესპინოსა), გიბსონი, ფრენდი - ლედბიტერი (75. გედიურა), დე როონი, კლეიტონი - ტრაორე, რამირესი (46. სტუანი), გესტედე.
მაყურებელი: 27 644

სუონსი-ბარნლი 3:2
გოლები: 1:0 ფერნანდო ლორენტე (12), 1:1 ე. გრეი (20-პენ), 1:2 ე. გრეი (61), 2:2 ოლსონი (69), 3:2 ფერნანდო ლორენტე (90)
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი (89. რანხელი), ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი - ფერი, კორკი, ტ. ქეროლი (90. ამატი)- ნარსინგი (73. ჯ. აიუ), სიგურდსონი, ფერნანდო ლორენტე.
ბარნლი (4-4-2): რობინსონი - ლოუტონი, კინი, მი, უარდი - ბოიდი (66. არფილდი), ბარტონი (80. ვესტვუდი), ჰენდრიკი, ბრეიდი - ვოუკსი (80. ტარკოვსკი), ე. გრეი.
მაყურებელი: 20 679

უოტფორდი-საუთჰემპტონი 3:4
გოლები: 1:0 დინი (4), 1:1 ტადიჩი (28), 1:2 რედმონდი (45), 2:2 ოკაკა (79), 2:3 გაბიადინი (83), 2:4 რედმონდი (86), 3:4 დუკური (90)
უოტფორდი (4-3-3): გომეში - ქაბული, პრიოდლი, ბრიტოსი, ჰოლებასი - კაპუ (70. საჩისი), ბეჰრამი, ქლევერლი - ოკაკა (89. დუკური), ნიანგი, დინი.
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფ. ფოსტერი - სედრიკი, სტივენსი, იოშიდა, ბერტრანდი - ს. დევისი, რომეუ - ტადიჩი (87. კლასი), უარდ-პროუსი (78. ბუფალი), რედმონდი - გაბიადინი (85. ლონგი).
მაყურებელი: 20 670

ვესტ ბრომვიჩი-კრ. პალასი 0:2
გოლები: 0:1 ზაჰა (55), 0:2 თაუნსენდი (84)
ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ბ. ფოსტერი - კ. დოუსონი, მაკოული, ევანსი, ნიომი (71. რობსონ-კანუ) - ლივერმორი - ბრანტი, დ. ფლეტჩერი (81. ლეკო), მორისონი, ჩადლი (63. მაკკლინი) - რონდონი.
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - ჯ. უარდი, ტომკინსი, სახო, ვან აანჰოლტი (62. შლუპი) - კაბაი (74. დანი), მილოიევიჩი - ზაჰა (86. მაკარტური), ფენჩენი, თაუნსენდი - კ. ბენტეკე.
მაყურებელი: 24 051

ლივერპული-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 ფირმინო (9), 2:0 მანე (40), 2:1 უელბეკი (57), 3:1 ვეინალდუმი (90)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, მატიპი, კლავანი, მილნერი - ვეინალდუმი, ჩანი, ლალანა (90. ლუკას ლეივა) - მანე (90. ალექსანდერ-არნოლდი), კოუტინიო (80. ორიგი), ფირმინო.
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - კოკელენი (46. სანჩესი), ჯაკა - ივობი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უელბეკი (74. უოლკოტი) - ჟირუ (74. პერესი).
მაყურებელი: 53 146

ტოტენჰემი-ევერტონი 3:2
გოლები: 1:0 კეინი (20), 2:0 კეინი (56), 2:1 ლუკაკუ (81), 3:1 ალი (90+2), 3:2 ე. ვალენსია (90+3)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ე. დაიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი - უოლკერი, ვანიამა, დემბელე (78. უინქსი), ბ. დევისი - ერიქსენი (87. სისოკო), ალი - კეინი (90. იანსენი).
ევერტონი (4-3-2-1): რობლესი - კოულმენი, უილიამსი, მორი, ბეინსი - გეიე (81. ე. ვალენსია), შნაიდერლინი, ბერი (64. მაკკარტი) - ბ. დევისი (64. მირალასი), ბარკლი - ლუკაკუ.
მაყურებელი: 31 962

სანდერლენდი-მანჩესტერ სიტი 0:2
გოლები: 0:1 აგუერო (42), 0:2 სანე (59)
სანდერლენდი (4-5-1): პიკფორდი - ფ. ჯოუნსი, ოში, კონე, ოვიედო - ნდონგი, იანუზაი (82. ხაზრი), გიბსონი (69. როდუელი), ბორინი, ლარსონი - დეფო.
სიტი (4-3-3): კაბალიერო - სანია, სტოუნზი, კოლაროვი, კლიში - ფერნანდინიო, ტურე (78. დე ბრუინი), დავიდ სილვა - სტერლინგი (82. ნოლიტო), სანე (89. დელფი), აგუერო.
მაყურებელი: 41 107

ორშაბათი. 6 მარტი
ვესტ ჰემი-ჩელსი 23:59

ბომბარდირები: 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 17 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 16 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი); 13 - დელე ალი (ტოტენჰემი); 12 - სადიო მანე (ლივერპული), აგუერო (მანჩესტერ სიტი).

გადმოტანილი თამაში
8 მარტი:
მანჩესტერ სიტი-სტოკი;

მომდევნო ტური
11 მარტი:
ბორნმუთი-ვესტ ჰემი, ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი, ჰალი-სუონსი;

12 მარტი:
ლივერპული-ბარნლი (სხვა მატჩები გადაიდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული