რას მისწერდა სანჩესი არსენ ვენგერს? - მოგონილი "ღია წერილი"

AutoSharing Option
ალექსის სანჩესმა "არსენალში" ნამდვილი ბუნტი ააგორა. "მეთოფეთა" ჩილელ ლიდერს გუნდის დატოვება სურს. სამხრეთამერიკელს ტიტულების მოგება უნდა, ამის შანსი კი "არსენალში" თითქმის არ არის.

ჯერ სანჩესს წერილი არ მიუწერია არსენ ვენგერისათვის. მოდი, ალექსისის ნაცვლად ამის გაკეთება ჩვენ ვცადოთ. რას მისწერდა სანჩესი არსენ ვენგერს? ხელში ავიღოთ კალამი და ამ წერილის წერა დავიწყოთ:

"არსენ, გახსოვთ, თავის დროზე როგორ დამიყოლიეთ "არსენალში" გადასვლაზე? თუ გახსოვთ, ისიც გემახსოვრებათ, რომ მაშინ მე ძალიან დიდ ეჭვებში ვიყავი და თქვენ ძლივს დამიყოლიეთ.

მაშინ თქვენ მე "კამპ ნოუზე" ჩამომაკითხეთ და
მიყვებოდით "არსენალის" გრანდიოზული გეგმების თაობაზე. მე წავედი "ბარსადან", რათა ვყოფილიყავი "არსენალის გზის" ნაწილი.

მე ვირწმუნე კლუბის ფილოსოფიის. მე ვირწმუნე იმის, რომ ის განსაკუთრებული ფეხბურთი, რომელზეც თქვენ მიყვებოდით, იქნებოდა შედეგის მომტანი და მე ვიქნებოდი ამ გუნდის განსაკუთრებული ნაწილი. მექნებოდა განსაკუთრებული როლი ამ თამაშში.

იმედია, საკუთარი ძალების გადაჭარბებულ შეფასებაში არ ჩამითვლით. მე მინდა, რომ საუკეთესო ვიყო ჩემს გუნდში. მინდა, პარტნიორებს დიდი გამარჯვებებისაკენ გავუძღვე. "ბარსელონაში" ასეთი ფეხბურთელი ლიონელ მესია. "ბარსელონას" ჰყავს ლიონელ მესი და მე იქ ზედმეტი ვიყავი, "არსენალში" კი ჩემი მიზანი ეს იყო.

სანამ მესი ცოცხალია, იქ ალექსისი კი არა, იბრაც არ სჭირდებათ. საბოლოოდ, მე თქვენს წინადადებას დავთანხმდი. ბოლოს და ბოლოს, ფულიც მნიშვნელოვანია, თქვენთან კი შესანიშნავად იხდიან. წელიწადში 4,5 მილიონი ევრო სახუმარო საქმე ნამდვილად არ იყო. საქმე ეხებოდა ინგლისურ ტოპ-კლუბს და მე დავთანხმდი.

მე მოვედი თქვენთან, რათა მეთამაშა ლამაზად. რათა მეთამაშა ეფექტურად. მოვედი დიდი გამარჯვებების მოსაპოვებლად. თავიდან მეგონა, რომ ტიტულებთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე იქნებოდა. ჩვენ ხომ ერთ-ერთ პირველივე მატჩში 3:0 მოვუგეთ "მანჩესტერ სიტის". ერთი თვეც არ ვიყავი "არსენალთან" ერთად და უკვე ტიტული მოვიგე. ეს დიდებული დასაწყისი იყო.

ჩვენ იმ სეზონში მესამე ადგილზე გავედით, მაგრამ ინგლისის თასი კი მოვიგეთ. არ იფიქროთ, რომ მე ეს დამავიწყდა. მე ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ დავივიწყებდი ამას: ფეხბურთი სწორედ ტიტულების გამო მიყვარს.

როცა მე "არსენალში" მოვედი, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თქვენ იყავით. რა თქმა უნდა, თქვენ დიდი მწვრთნელი ხართ, მაგრამ თქვენ ძალიან სასტიკი ხართ მათ მიმართ, ვისაც ტიტულების მოგება სურს.

ჩვენ ვათამაშებთ დიდებულ კომბინაციებს და გაგვაქვს მეგაგოლები, მაგრამ რასთან მივყავართ ამას? მხოლოდ და მხოლოდ "ჰალისა" და "ლუდოგორეცის" განადგურებასთან. სხვა არაფერი. ჩვენ საშინლად ვთამაშობდით და ვთამაშობთ გრანდების წინააღმდეგ.

"ენფილდზე" ჩასვლა საერთოდ აღარ მინდა. იქ სულ ერთი და იგივე მეორდება. ჩვენ ვნადგურდებით. უკვე 11 მატჩია, "დიდი ექვსეულის" წარმომადგენელ კლუბებთან არ მოგვიგია. ნუთუ, ეს ბევრი არაა?

საინტერესოა, საერთოდ გვაქვს თუ არა B გეგმა? მე მას ვერ ვხედავ. როცა გუნდს უჭირს, თქვენ ერთადერთ გამოსავალს პოულობთ. "მიეცით ბურთი ალექსისს". ამ გამოსავალს ასე ჰქვია. მე ჯადოქარი როდი ვარ.

სეზონის დაწყებამდე მე მშვიდად ვისვენებდი ჩემს მშობლიურ სოფელში. "არსენალის" ამბებს მაინც ვკითხულობდი. მუდამ იწერებოდა, რომ გუნდს ფორვარდის ყიდვა სურს. სახელდებოდა არაერთი გვარი, მათ შორის, ბენზემასა და იგუაინის, იბრაჰიმოვიჩის, კავანის, ლევანდოვსკისა. და ვინ ვიყიდეთ ჩვენ? არავინ!

მე მეტი აღარ შემიძლია. რა თქმა უნდა, მომწონს შეტევის სხვადასხვა პოზიციაზე თამაში, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ყველაფერი ერთ კაცს დაევალოს. შექმნაც და გატანაც. მე არ მინდა, ვიყო მარად მეოთხე და სადაც სამართალია, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მეოთხეებიც კი აღარ ვართ.

თქვენ არ იყიდით ერთბაშად 3-4 ვარსკვლავს. სხვანაირად ეს გუნდი ტიტულებს ვერაფრით მოიგებს. ის იქნება ძალიან კარგი სუსტებთან და სუსტი გრანდებთან. სხვა თუ არაფერი, დღეს ფეხბურთს დაცვის გარეშე აღარავინ თამაშობს.

მე არ მინდა, მხოლოდ ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე ვიყო. მე ტიტულები მინდა და ამიტომ უნდა დაგემშვიდობოთ. თქვენ ალბათ ისევ გჯერათ თქვენი გზის, მე კი უკვე აღარ მაქვს რწმენა. ეჭვი მაქვს, არ ვარ პირველი, ვინც "არსენალიდან" ამ მიზეზით მიდის. ვფიქრობ, არც ბოლო ვარ.

გმადლობთ ყველაფრისათვის. ალექსისი.

P.S. ალექსისის ეს "წერილი" ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალის" "ბაიერნთან" მეორე განადგურების წინ არის დაწერილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა დრო დაგიდგა არსენ ... სანჩესისნაირი ფეხბურთელები რო სახვეწარი გყავს. ვენგერს სანჩესისნაირი ბევრი ფეხბურთელის წასვლა გადაუტანია გუნდიდან, რამდენი ვარსკვლავი გაუყიდია მაგრამ ყოველთვის კარგი გუნდი ყავდა. მაგრამ ყოველთვის რაღაცა აკლდებოდა. ვენგერი რო წლის ბოლოს გუნდიდან წავიდოდა მაგას ყველა საღად მოაზროვნე ხვდებოდა სეზონის დაწყებისასაც, მაგრამ არაა ეს კაცი ამის ღირსი რო სანჩესისნაირმა ფეხბურთელებმა გაუფუჭოს ის მიღწევა არსენალში რაც ქონდა. ვერც გაუფუჭებს ალბათ, შემდეგ სეზონში საერთიდ ახალ არსენალს ვიხილავთ დარწმუნებული ვარ.
emre
13:14 09-03-2017
0
...და არსენმა რა უპასუხა?ბარემ ეგეც დაგეწერა
კახა ქირია
13:15 09-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული