პარადოქსი - "არსენალი" არსენ ვენგერის შესაცვლელად მზად არ არის

AutoSharing Option
"არსენალის" გუშინწინდელი მარცხი შეიძლება წყალგამყოფი იყოს "მეთოფეთა" ცხოვრებაში. ისე, კაცმა რომ თქვას, რა მოხდა ამისთანა? ისინი აქამდეც ბევჯერ გავარდნილან ჩემპიონთა ლიგიდან, 1:5 შარშანაც წააგეს "ბაიერნთან", 13 წელია არ მოუგიათ პრემიერლიგა...

და ეს ყველაფერი, როგორც იტყვიან, ვენგერს ხახვივით შერჩა. კი ბატონო, პერიოდულად დამდგარა მისი წასვლის საკითხიც, მაგრამ დღეს თემა განსაკუთრებულად მწვავეა, რადგან საქმე გულშემატკივართა მასობრივ მსვლელობამდეც მივიდა...

რატომ მიდიან ვარსკვლავები?
მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ თავი "არსენალის" ქომაგად და მისი პოზიციიდან შევხედოთ პრობლემას. რა თქმა უნდა, არავინ ელოდა, რომ არსენ ვენგერის გუნდი პირველ
თამაშში წაგებულ 1:5-ს სათავისოდ შეატრიალებდა. არც მაშინ, როცა თეო უოლკოტმა ანგარიში გახსნა. არ სჯეროდა თავად ვენგერსაც, ფეხბურთელებსაც, ფანებსაც... ზოგადად, "არსენალის" ახლა ნაკლებად სჯერათ და ესეც პრობლემაა.

"არსენალი" არასოდებს გაგაკვირვებთ და არასოდეს გაუშვებს შანსს ხელიდან, რომ გული დაგწყვიტოთ. არადა, ისინი რეგულარულად ხვდებიან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გადიან პლეი ოფში და მერვედფინალში ამთავრებენ საქმეს.

ერთადერთი, რითიც "არსენალს" შეუძლია თავი მოიწონოს ბოლო ათწლეულში, ეს არის "ემირეითსი", შესანიშნავი 60-ათასიანი არენა, რომელსაც ყოველთვის ხაზს უსვამს ვენგერი, მაგრამ სტადიონის ზომა ვერ არის ადეკვატური იმ მენეჯმენტისა (მოთამაშეთა საერთო მაღალი კლასისგან განსხვავებით), რასაც ყოველწლიურად ვხედავთ.

და რას ვხედავთ ჩვენ? იმას, რომ ყოველ ზაფხულს "არსენალიდან" მიდიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ემანუელ ადებაიორი, სამირ ნასრი, სესკ ფაბრეგასი, რობინ ვან პერსი... ისინი "არსენალიდან" მიდიან სხვა კლუბებში იმისთვის, რომ ტიტულები მოიგონ. მიდიან "მანჩესტერ სიტიში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "ჩელსიში"... სადაც ჩემპიონობასთან გაცილებით ახლოს იქნებიან, ვიდრე "არსენალში", სადაც მენეჯმენტი ვერ უზრუნველყოფს უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას, ვიდრე ოდენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა...

საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ ზაფხულსაც დატოვებს "არსენალს" ერთი-ორი მაღალი კალიბრის ვარსკვლავი. კარგა ხანია, ლაპარაკობენ ალექსის სანჩესის აბარგებაზე. ჩილელსა და "არსენალს" შორის ურთიერთობა გაციებულია. ამ დროს კი ის გუნდისთვის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა, გინდა გოლების, გინდა საგოლე პასების მხრივ. ვენგერმა გააოცა საფეხბურთო საზოგადოება, როცა ასეთი მოთამაშე "ლივერპულთან" ამასწინანდელ უმნიშვნელოვანეს მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა.

მაგრამ სანჩესი პროფესიონალია და როცა მოედანზე გადის, იცის, რომ საქმეს არ უნდა უღალატოს. მეორე მხრივ, ფანებისთვის მიუღებელია მისი სიჯიუტე ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, ან თუნდაც მისი გაღიმებული სახე იმ მომენტში, როცა "ბაიერნი" "არსენალს" უმოწყალოდ "ურტყამდა".

ის ვერსია, რომ "არსენალი" არ აპირებდა ტიტულისთვის ბრძოლას, თითქოსდა გააქარწყლა სანჩესამდე ერთი წლით ადრე მესუთ იოზილში გადახდილმა 42.5 მილიონმა ფუნტმა. იოზილითა და სანჩესით უკვე გამოჩნდა ის ხარისხი, რომელსაც "არსენალი" უფრო დიდ სიმაღლეზე უნდა აეყვანა. სანჩესსა და იოზილს ყველგან შეუძლიათ, შექმნან ამინდი, შექმნან ის ბაზისი, რაზეც დიდი გეგმების ხორცშესხმა შეიძლება.

არ მოხვიდეთ არსენალში!
ვენგერს ხშირად უთქვამს - "არსენალს" არ აქვს საკმარისი ფული იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლოს (და არც პრემიერლიგის?), მაგრამ ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს - თუნდაც იმას, რომ გრანიტ ჯაკა იმაზე ძვირად იყიდეს "მეთოფეებმა", ვიდრე ნგოლო კანტე - "ჩელსიმ". რომელი უფრო მეტად გამოადგა ახალ გუნდს?

განა, ნაკლები ფულია დახარჯული დენი უელბეკში, კალუმ ჩემბერსში, ლუკას პერესში, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენში, მოჰამედ ელნენიში? მაგრამ ფაქტია, ამ ფეხბურთელებმა კლუბს ვერაფერი მოუტანეს, თუმც არც იმის მტკიცება იქნება სწორი, თითქოს, ყველაფერი მათი ბრალია.

თუ "არსენალის" რომელიმე პოტენციური, მაღალი კლასის შენაძენი ზის ახლა და განიხილავს ჩრდილოეთ ლონდონში ცხოვრების პერსპექტივებს, მან უნდა იცოდეს, რომ ერთ დღესაც ისეთივე წინააღმდეგობა შეხვდება მის სურვილს კონტრაქტის გაუმჯობესებაზე, როგორც ეს სანჩესის შემთხვევაში მოხდა. გარკვეულწილად, ეს არის გაფრთხილება სხვა ფეხბურთელებისთვის - არ მოხვიდეთ "არსენალში"!

Sportall.Ge

ორაზროვანი ვენგერი და მეტი გაურკვევლობა
ვენგერის დიდი მინუსი ის არის, რომ არც ერთ მოთამაშეს არ განიხილავს ხანგრძლივი პერსპექტივისთვის. მას არ აქვს გრძელვადიანი პროექტი, რომელიც დიდ მიზნებზეა გათვლილი. ის ცხოვრობს მატჩიდან მატჩამდე, ინციდენტიდან ინციდენტამდე...

მაგრამ კლუბში ის დღესაც თითქმის ყველაფერს აკონტროლებს, ორაზროვნად ლაპარაკობს ახალ ორწლიან კონტრაქტზე, რომელიც კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობაში აგდებს ფეხბურთელებს. მაგალითად, როცა იოზილს ჰკითხეს თავის მომავალზე, უპასუხა, რომ დაელოდება ვენგერის გადაწყვეტილებას (ბოლო ინფორმაციით, "არსენალმა" იოზილს კვირაში 280 ათასი ფუნტი შესთავაზა).

მაგრამ რით უნდა მოხიბლოს "არსენალმა" ახალი ფეხბურთელები, თუკი ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მწვრთნელი მომავალ სეზონში? ბევრია კი ბაზარზე ისეთი მწვრთნელი, რომელიც უცებ მოერგება ახალ სიტუაციას? როგორ უნდა შემუშავდეს წარმატების თანმიმდევრული გეგმა იმ პირობებში, როცა ვენგერი კიდევ ორი წლით დარჩენაზე ლაპარაკობს?

ასეთი გაურკვევლობა პერიოდულად თავს იჩენს ხოლმე კლუბებში და ეს არ არის მხოლოდ "არსენალის" სენი, მაგრამ აქ საქმე ეხება ვენგერის 21-წლიან ეპოქას. ასეთ დროს კი ცვლილებები შეიძლება მეტად რთული და მტკივნეული იყოს. ამის ნათელი მაგალითია სერ ალექს ფერგიუსონის შემდგომი პერიოდის "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც ვერა და ვერ დადგა ფეხზე.

შინაგანად, ფერგი მზად იყო "ოლდ ტრაფორდიდან" წასასვლელად, მაგრამ არ იყო მზად "იუნაიტედი". ასეა "არსენალის" შემთხვევაშიც: ვენგერის შეცვლა არ იქნება იოლი, როგორც ეს ბევრს ჰგონია. მეტიც, პარადოქსია, რომ "ემირეითსზეც" არ არიან ამისთვის მზად. შედარებით რბილი გამოსავალი კი შეიძლება იყოს მოსიე არსენის გადაჯდომა სპორტული დირექტორის სავარძელში.

იმ შემთხვევაში კი, თუ "არსენალი" ვერ მოხვდება პრემიერლიგის სანუკვარ ოთხეულში, ბრექსიტისა და დონალდ ტრამპის არჩევის კვლადაკვალ, "მეთოფეთა" ფანებსაც სრული უფლება ექნებათ, დაიწყონ ბრძოლა ვენგერისეული სისტემის დემონტაჟისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული