ასოციაციის თასი. 1/4-ფინალი: "არსენალის" 300 და 200 [VIDEO]

AutoSharing Option
არსენ ვენგერის ბიჭებმა რანგით მეხუთე ლიგის (კონფერენსი) ლიდერი 5:0 დაამარცხეს. თუმცა "ლინკოლნმა" გული არ უნდა გაიტეხოს - მარტო ის ფაქტი, რომ მეოთხედფინალში გავიდა, უკვე სენსაცია იყო და დავამატოთ ამას ყოჩაღად ჩატარებული პირველი ტაიმი, საბრძოლო შემადგენლობით მოთამაშე "არსენალის" წინააღმდეგ.

"44 წუთის განმავლობაში ოცნება ჯერ კიდევ ცოცხალი იყო", - წერს BBC და მართალიცაა - პირველი საგოლე მომენტიც სწორედ მასპინძელთა კართან შეიქმნა, როცა პეტრ ჩეხს მთელი თავისი ოსტატობის ჩვენება მოუხდა ნათან არნოლდის დარტყმის მოსაგერიებლად...

თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს თეო უოლკოტის მიერ გატანილმა გოლმა
ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. საინტერესოა, რომ ეს იყო "არსენალის" მე-300 ოფიციალური მატჩი "ემირეითსზე" და მე-200 გამარჯვება.

"მანჩესტერ სიტის" ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ნახევარფინალში გასვლის ამოცანა "მიდლსბროსთან" საგარეო მატჩში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ქალაქელები" ბოლო ოთხ წელიწადში პირველად არიან თასის ამ სტადიაზე. თანაც, ახლა ამ ტურნირის მნიშვნელობა ძალიან დიდია პეპ გვარდიოლასთვის, ვისაც ძალიან უნდა, პირველივე ინგლისურ სეზონში ხელცარიელი არ დარჩეს.

"ძალიან კარგად ვითამაშეთ პირველივე წუთებიდან. ამასთან, ბევრი შანსიც გავანიავეთ, თორემ ძალიან მალე "დავამთავრებდით" თამაშს. კმაყოფილი კი ვარ, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზაციის მხრივ უნდა მოვუმატოთ. როცა კარგად უტევ, კარგადაც იცავ თავს - ჩვენ გვინდა, სწორედ ამ პრინციპზე ავაგოთ თამაში. ძალიან მომწონს ამ ბიჭებთან მუშაობა", - თქვა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1973 წლის შემდეგ "ტოტენჰემმა" პირველად შეძლო სათასო მატჩში 6-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება. "მამლებმა" 6:0 დაამარცხეს I ლიგის (რანგით მესამე) ბინადარი "მილუოლი", ვისთვისაც ეს იყო პირველი წაგება ბოლო 18 ოფიციალურ მატჩში.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ნახევარფინალში გასვლამ მაურისიო პოჩეტინოს საფიქრალიც გაუჩინა - დაშავდა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ჰარი კეინი და არის საშიშროება, რომ ეს იმ ძველი (კოჭის) ტრავმის რეციდივი იყოს, რის გამოც 23 წლის ფორვარდს სეზონის სტარტი გაუცდა. ექიმები ვერდიქტს დღეს საღამოს ან სამშაბათს დილით დადებენ.

ამას გარდა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია გამოიძიებს "მილუოლის" ფანების რასისტულ გამოხდომას კორეელი შემტევის, ჰიუნ-მინ სონის მიმართ. ისე, გასაგებია "მილუოლის" ქომაგთა აგრესია - სონმა ხომ ჰეთ-თრიკით (ერთი საგოლე პასიც არ დაგავიწყდეთ) "ასიამოვნა" მათ საყვარელ გუნდს.

1/4-ფინალი
მიდლსბრო-სიტი 0:2
გოლები: 0:1 დ. სილვა (3), 0:2 აგუერო (67)

არსენალი-ლინკოლნი 5:0
გოლები: 1:0 უოლკოტი (45), 2:0 ჟირუ (53), 3:0 უოტერფოლი (58 ს. კ.), 4:0 ა. სანჩესი (72), 5:0 რემზი (75)

ტოტენჰემი-მილუოლი 6:0
გოლები: 1:0 ერიქსენი (31), 2:0 სონი (41), 3:0 სონი (54), 4:0 ალი (72), 5:0 იანსენი (79), 6:0 სონი (92)

ორშაბათი. 13 მარტი
ჩელსი-მანჩესტერი 23:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული