შეყვარებული შექსპირი - ის ვინც წლის საუკეთესო მწვრთნელი შეცვალა

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ მას ბევრი არ იცნობდა, დღეს კი კრეიგ შექსპირი ინგლისელი გულშემატკივრისათვის ყველაზე საინტერესო მწვრთნელია. ყველას გასაკვირად მან შეძლო და "ლესტერი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა, რაც ამ კლუბისათვის უდიდესი მიღწევაა.

ვინ არის ის?
ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ კლაუდიო რანიერის უკან მდგომი ადამიანი, კეთილი სახით, ხუმრობის სიყვარულითა და გვარით რომ გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ იტალიელის მწვრთნელობისას უდიდესი მოცულობის "შავ" სამუშაოს ასრულებდა. ეგაა, "ლესტერის" ახალ მწვრთნელს ლეგენდარულ მწერალთან არანაირი შეხება არ აქვს.

შექსპირს სულ გამოარჩევდა გვარი. ამ
ის მიუხედავად, ის აქამდე სულ ჩრდილში იდგა. ის ვერ გახდა დიდი ფეხბურთელი. ითამაშა "უოლსოლში", "შეფილდში" და "ვესტ ბრომვიჩში". იყო შემტევი ნახევარმცველი. კარგა ხნის განმავლობაში აგორებდა ბურთს ინგლისის მეორე და მესამე დივიზიონში.

არავინ იცის, როგორ წავიდოდა შექსპირის ცხოვრება, რომ არა ნაიჯელ პირსონი. ისინი პირველად ცოტა ხნით გადაიკვეთნენ "შეფილდში". ეგაა, შექსპირმა საფეხბურთო მინდორზე თავი ვერაფრით გამოიჩინა და კარიერა ნახევრად სამოყვარულო "ედნესფორდ თაუნში" დაასრულა.

43 წლის ასაკში პირსონმა და შექსპირმა პირველად მოსინჯეს თავი სამწვრთნელო ასპარეზზე. ორივე მათგანი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მიიწვია "ვესტ ბრომვიჩმა". ის შეხვედრა ამ გუნდმა "კრისტალ პალასს" 2:0 მოუგო, მაგრამ დუეტისათვის ეს მატჩი მაინც ბოლო აღმოჩნდა.

ორი წლის შემდეგ მათი გზა ისევ გადაიკვეთა. "ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება რომ დაიწყო, პირველად ყურადღება შექსპირზე შეაჩერა. მას სჭირდებოდა თავისი საქმის მცოდნე და ძალიან პოზიტიური თანაშემწე, რომელსაც გასახდელში კარგი ატმოსფეროს შექმნა შეეძლო.

ისინი ერთად ცდილობდნენ, ჩემპიონშიპის ცხრილის ბოლოდან ამოეყვანათ "ლესტერი". ერთად წავიდნენ "ჰალში" და ერთად დაბრუნდნენ უკან. მათ ერთად დააბრუნეს "ლესტერი" პრემიერლიგაში. მათ თვალწინ შედგა ვარდი ტოპფორვარდობის გზაზე და... ამის შემდეგ მათი გზები ისევ გაიყო.

საჩემპიონო სეზონში
შესაძლოა, კლაუდიო რანიერი სულაც არ გამოჩენილიყო "ლესტერში", რომ არა ნაიჯელ პირსონის შვილი ჯეიმსი. ახალგაზდა ფეხბურთელი ყველანაირად ცდილობდა "მელიების" შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას. ერთხელ მას ზედმეტი მოუვიდა. ტაილანდური ტურნეს დრის ჯეიმსმა და კიდევ ორმა ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღეს ორგიაში, რომლის დროსაც ადგილობრივი გოგონების მიმართ რასისტული ხასიათის ხუმრობები არ დაიშურეს. ინფორმაცია პრესაში მოხვდა და ინგლისში დიდი სკანდალი აგორდა. შვილის უსაქციელობას "ლესტერის" მწვრთნელი გადაყვა. "მელიების" ტაილანდელი მფლობელები მკაცრები იყვნენ და ზრუნავდნენ"ლესტერის" რეპუტაციაზე.

ამის შემდეგ პირსონმა ცოტა ხნით იმუშავა "დერბიში", წაეჩხუბა კლუბის ხელმძღვანელობას და ახლა უმუშევრად ზის. ეს იმის მიუხედავად, რომ მას ინგლისში ყოველთვის გაცილებით უკეთეს მწვრთნელად თვლიდნენ, ვიდრე შექსპირს.

როდესაც კლაუდიო რანიერი მივიდა "ლესტერში", მან თავიდან როდი ააწყო ველოსიპედი. ჭკვიან იტალიელ მწვრთნელს სჭირდებოდა ადამიანი, რომელმაც გუნდში ყველაფერი იცოდა. ასეთი ადამიანი იყო შექსპირი.

ბევრი მიიჩნევს, რომ მთელი საჩემპიონო სეზონის განმავლობაში სწორედ მას ეჭირა გუნდი. ის უმატებდა საჭირო შტრიხებს გუნდის თამაშს.

მატჩის მსვლელლობის დროს ის იჯდა რანიერის ზურგსუკან. ნერვიულად არხევდა მხრებს და ღეჭავდა საღეჭ რეზინს. გარდა ამისა, თამაშის მსვლელობის დროს ხშირად მიდიოდა პირით ხაზთან, თავისთან იხმობდა ფეხბურთელებს და საჭირო დარიგებებს აძლევდა ზონების შევსების თაობაზე.

როგორ შეცვალა რანიერი
"შექსპირთან დაკავშირებით ყველაფერი მარტივადაა. ის ჩვენგან ითხოვს, რომ ვითამაშოთ უბრალოდ, მივიღოთ სიამოვნება ამ თამაშისგან და დავიხარჯოთ 100 პროცენტით." - ამბობს ინგლისური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, დენი დრინკვოტერი.

ფეხბურთელებს ძალიან უყვართ ეს ჩუმი და ხუმარა კაცი. კლუბის ხელმძღვანელობამ მოთამაშეთა გულისთქმას უსმინა და მთავარ მწვრთნელად სწორედ შექსპირი დანიშნა. ჯერჯერობით, საქმეები კარგად მიდის.

"ლესტერი" ყველაფერს იგებს პრემიერლიგაში და მოქმედი ჩემპიონის მდგომარეობა ისეთი საშიში აღარ არის, როგორიც ადრე იყო. "სევილიასთან" ორმატჩიან დუელში კი შექსპირმა პატარა სასწაული მოახდინა.

"რატომაც არ უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა? შეუძლებელი არაფერია და ეს ჩვენც უნდა ვცადოთ." - ჯერჯერობით, შექსპირზე ეს ვიკმაროთ. გაგრძელება იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
mag lestershi tu amdeni otelo iyo armegona.vgulshematkivrobdi nagdad,dges am gundze metad gundi ar ezareba..arakaci gamyidvelebi
euhhh
12:37 18-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული