კოუტინიოს თითქმის არ უძინია, ისე ჩაჯდა "ლივერპულის" მიერ სპეციალურად მისთვის და რობერტო ფირმონისთვის გაგზავნილ თვითმფრინავში. მეორე დღეს მან ცოტა გამოიძინა, ხუთშაბათს კი უკვე ბრაზილიელი "ლივერპულის" ვარჯიშზე გამოცხადდა.
მერე იყო მერსისაიდული დერბი, რომელიც "ლივერპულმა" ულაპარაკოდ მოუგო მთავარ მტერ "ევერტონს". ამ შეხვედრაში საუკეთესო
კოუტინიო მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით არ არის პრემიერლიგის ათ საუკეთესო სნაიპერს შორის. მისი სტატისტიკა "მოკრძალებულია" - 7 გოლი და 6 საგოლე პასი. ამ სეზონში ხშირად ხდება ისე, რომ "ლივერპულის" წინააღმდეგ ბევრი აყენებს "ავტობუსს". ასეთ დროს ბრაზილიელს შედარებით უჭირს. აი, როცა ზონები შედარებით თავისუფალია, მოგეცათ ლხენა - ბრაზილიელი პირდაპირ შეუჩერებელია.
ასეთი გოლი შეაგდო მან "ევერტონთანაც". ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბურთი მოიგდო, გასცდა გეიეს, რომელიც თამაშის მანერით ძალიან ჰგავს ნგოლო კანტეს, ასევე მოატყუა ახალგაზრდა პინინგტონი.
მესამე გოლის დროსაც უპატიებლად შეცდნენ "ევერტონის" ფეხბურთელები, რომლებმაც მას გაქცევის საშუალება მისცეს. მან ბურთი აართვა მოწინააღმდეგეს და შესანიშნავი პასი გაუკეთა ორიჯის. ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ "ევერტონმა" აჩუქა მთავარ მტერს ეს გოლები, მაგრამ მეორე მხრივ, ეჭვგარეშეა ისიც, რომ ბრაზილიელმა იპოვა ისინი.
ფინტები, რომლებითაც ბრაზილიელმა დატანჯა "ევერტონის" მცველები, მან მშობლიურ ფაველაში დაამუშავა. ეს არის ფაველა-და-მანგეირა, რიოს ჩრდილოეთით. უკან სტადიონი "მარაკანაა". ირგვლივ - ბეტონის საწყობები.
13 წლამდე კოუტინიო ფუტსალს თამაშობდა. მშობლებმა მისი გარჯა ფირზე აღბეჭდეს და სკაუტებს აჩვენეს. ასე განსაჯეთ, აგენტობა თავდაპირველად მისი მეგობრის ბებიამ ითავა. ბიჭი, რომელიც ძირითადად ბეტონზე თამაშობდა ფეხბურთს, მართლაც სასწაულებს ჩადიოდა ფუტსალში.
ერთხელ ბებია და ფელიპეს მამა, არქიტექტორი ჟოაო კარლოსი სახლში ისხდნენ. "რატომ არ მიაბარებთ ბიჭს საფეხბურთო აკადემიაში"? ჰკითხა ქალმა კაცს. მაშინ ჟოაო კარლოსმა ბავშვი "ვასკო და გამას" აკადემიაში წაიყვანა გასინჯვაზე.
ბიჭი კინაღამ მაშინვე შეელია საფეხბურთო ოცნებას. ყველა ვარჯიშობდა, ის კი მამას ეძებდა. "თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. გუნდში ყველა ყველას იცნობდა. აქედან გამომდინარე, მამას დავუწყე ძებნა. პირველი მატჩის წინ გამუდმებით ვტიროდი და თამაში არ მინდოდა", - ასე იხსენებს კოუტინიო მაშინდელ ამბებს. სულ მალე ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებში დაუძახეს.
მაშინ პირველად იფიქრა - მოვითმენ, იქნებ პროფესიონალიც კი გამოვიდეო.
მინდორზე კოუტინიოს ყველაფერი შეუძლია. "ლივერპულის" ქომაგებმა ტყუილად როდი შეარქვეს მას ჯადოქარი. მინდვრის გარეთ კი ის ერთი მორიდებული ბიჭია. ის მხოლოდ 16 წლის იყო, როცა "ინტერმა" მიიწვია. იტალიაში გაფრინდა მშობლებთან, ძმასთან და გოგონა აინესთან ერთად. ეს ნიადაგის მოსინჯვა იყო. მალე კოუტინიო სრულწლოვანი გახდა და ისევ გაფრინდა იტალიაში.
"რა თქმა უნდა, "ინტერში" მე არ მქონდა საუკეთესო პერიოდი. იყო ტრავმები და ცოტას ვთამაშობდი, მაგრამ იქ გატარებული დრო ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი სახლიდან შორს და ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა", - ამბობს კოუტინიო. ცუდი ის იყო, რომ "ინტერში" ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდნენ მწვრთნელები, თუმცა რეალურად ბრაზილიელს არც ერთი მათგანი არ ენდობოდა.
ესპანეთში კოუტინიო უკვე თითქმის მარტო წავიდა. მასთან ერთად მხოლოდ აინე იყო. "ჩვენ ერთი საერთო ნაცნობი გვყავდა. შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს ერთ-ერთ საღამოზე. ჩვენ დიდხანს ვისხედით და ვსაუბრობდით. მერე კი მან მკითხა, მინდოდა თუ არა, რომ მე მისი ბიჭი ვყოფილიყავი", - იხსენებს კოუტინიო. 17 წლიდან აინემ თავისი მომავალი ქმრის ხათრით ხელი აიღო სახლზე. ის არ აცდენდა ფილიპეს არც ერთ შეხვედრას. კოუტინიო ძალიან ხშირად საჰაერო კოცნით ულოცავს გოლს თავის რჩეულს.
"ესპანიოლში" კოუტინიოს მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო შეგირდზე უმაღლესი აზრის იყო. "მას რაღაც მაგია აქვს ფეხებში. დიდებულად თამაშობს ფეხბურთს. რაც მთავარია, ის უბრალო ბიჭია", - ამბობდა ესპანელი ბრაზილიელზე.
თავის მხრივ, თავად კოუტინიოც ძალიან აფასებს იმ ნდობისათვის პოჩეტინოს, რომელიც მისგან მიიღო, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ბრენდან როჯერსს აყენებს.
"მან მიმიღო "ლივერპულში" და ბოლომდე ირწმუნა ჩემი, მომცა დრო ადაპტაციისათვის. ეს ძალიან წამადგა. მე მის ღვაწლს ვერასოდეს დავივიწყებ. ის მე ისე მომექცა, რომ სამუდამო კვალი დატოვა ჩემში", - ამაგს არ ივიწყებს ბრაზილიელი.
დოსიე
ფილიპე კოუტინიო კორეია
დაიბადა: 1992 წელს რიოში (ბრაზილია)
კარიერა: 2009-10 - ვასკო და გამა; 2010-13 - ინტერი; 2012 - ესპანიოლი (იჯ); 2013-დან - ლივერპული.
ბრაზილიის ნაკრები: 25 თამაში, 7 გოლი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"