"მანჩესტერ იუნაიტედი": აურზაური შოუს გამო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მარცხენა მცველსა და ინგლისელთა ერთ-ერთ იმედს, ლუკ შოუს ბოლო დროს კრიტიკოსები მოემატა, რომელთა სათავეში თავად "იუნაიტედის" ბოსი ჟოზე მოურინიოა.

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დენი მილსი ლუკ შოუს თან აქებს და თან აკრიტიკებს. აქცენტი აქ უფრო კრიტიკაზე უნდა გავაკეთოთ. მოგეხსენებათ, რომ ნიჭიერი მცველი "წითელმა ეშმაკებმა" 2014 წლის ზაფხულში 27 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ იყიდეს "საუთჰემპტონისგან".

მას მერე შოუს ამბები კარგად არ აეწყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ მან მძიმე მოტეხილობა მიიღო, მაგრამ იქამდეც და მას მერეც, საქმე სხვა
რამეშიც არის ხოლმე, კერძოდ კი, იმაში, რომ მწვრთნელებს შოუს საქმისადმი დამოკიდებულება არ მოსწონთ. ჟოზე მოურინიომდე ლუკით უკმაყოფილო ლუი ვან გაალი გახლდათ.

ჰოლანდიელს მიაჩნდა, რომ შოუ ფიზმომზადებაში მოიკოჭლებდა და დისციპლინის კუთხითაც ჰქონდა პრობლემა. შემდეგ შოუმ მოუ გააბრაზა, როდესაც "სუონსისთან" თამაში იუარა - თავს მზად ვერ ვგრძნობო.

რამდენიმე დღის წინათ, "განსაკუთრებულმა" აღნიშნა, რომ შოუ შემართების, თავდადებისა და ამბიციურობის კუთხით თანაგუნდელებს ჩამორჩება. თუმცა ამ სიტყვების მერე იგი "ევერტონთან" შეხვედრაში ათამაშა და შოუს აქტიურობა რომ არა, გადამწყვეტი პენალტი არც დაინიშნებოდა, რომელმაც მატჩის მიწურულს მანჩესტერელებს ქულა გადაურჩინა.

მოურინიომ მას ეს წარმატებაც "არ შეარგო" და თამაშის მერე განაცხადა - შოუმ თავის მონაცემებთან და სხეულთან ერთაც, ჩემი ტვინი გამოიყენა, ჭკვიანურად ითამაშა და იმიტომ იყო ასეთი კარგი, მაგრამ ეს ჯერ საკმარისი არ არის, უნდა დასტაბილურდეს და მთლიანობაში მოჭკვიანდესო. ლუკს ამ სეზონში მხოლოდ 16 მატჩი აქვს ჩატარებული.

"მწვრთნელმა შეიძლება გაპატიოს შეცდომა, თანაც, თუ ხედავს, რომ მონდომებული ხარ და ბოლომდე იხარჯები, მაგრამ, არა მგონია, ვინმეს მოსწონდეს შემართების გარეშე მოთამაშე ფეხბურთელი. მოურინიო ამას არ აიტანს. შოუს კი დიდი ტალანტი აქვს და ყველა პირობა იმისთვის, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს, მაგრამ, თითქოს, ამის ბოლომდე გამოყენება არ უნდა. დისციპლინისა და მოტივაციის მხრივ, ასეთი პრობლემები ძალიან ცუდია და მან ეს დამოკიდებულება ფეხბურთისადმი უნდა შეიცვალოს" - ამბობს მილსი.

ინგლისური გამოცემები კი კვლავ ამტკიცებენ, რომ თავად 21 წლის ფეხბურთელს წასვლა აქვს გადაწყვეტილი. სიტუაციით სარგებლობა შესაძლოა, "ტოტენჰემმა" სცადოს, რომელიც ახალგაზრდა ინგლისელების ნავსაყუდელია.

მთავარი კი ამ ამბავში ის არის, რომ მაურისიო პოჩეტინოს ყოფილი შეგირდის დამატება სურს და იცის ის, როგორ გააკონტროლოს. მართალია, "დეზებს" დაცვაში ფლანგებზე ყველაფერი მშვენივრად აქვთ, მაგრამ არგენტინელ სპეციალისტს თავის გადაზღვევა და ისედაც ძლიერი მხარის გაძლიერება უყვარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული