"ლივერპულის" გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა "სიტის" საკუთრებაში მყოფი მეკარის, ჯო ჰარტის "ენფილდზე" შესაძლო გადაბარგებისგან თავი შორს დაიჭირა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის მეკარეს, რომელიც ახლა "ტორინოშია" განათხოვრებული, "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უკავშირებენ და "ჩელსისაც", თუ რომელიმეს ძირითადი მეკარე დატოვებს გუნდს და არც "კლოპოა" თავისი გოლკიპერებით, სიმონ მინოლეთი და ლორის კარიუსით ბოლომდე კმაყოფილი.
"ჰარტი დიდებული მეკარეა, უმაღლესი კლასის. თუმცა ჯოსა და "ლივერპულის" თანამშრომლობის შანსს ვერც ახლა ვხედავ და ვერც მომავალში, ის ჩვენთვის არ არის" - თქვა კლოპმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა გუნდის ლაზარეთზე და
აღნიშნა, რომ დენი ინგსი, რომელიც სერიოზულმა ტრავმებმა გააწამა, ისევ ვარჯიშობს. ექსბარნლელი მუხლს ნელ-ნელა იშუშებს. ჯორდან ჰენდერსონის თავს კი რაღაც უცნაურობა ხდება. გერმანელი სპეციალისტის თქმით, ჰენდერსონი, თითქოს, მომჯობინდა, მაგრამ ფეხბურთის თამაშს ვერ ახერხებს და ამაზე სხვადასხვა ექიმთან გავდივართ კონსულტაციებსო. რაც შეეხება ადამ ლალანას, მან იმ კვირაში სრული დატვირთვით ვარჯიში უნდა განაახლოს.
კიდევ ერთი ლივერპულური ამბავი ის გახლავთ, რომ კლუბი, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს ემრე ჯანთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას. არადა, მოქმედს ვადა 2018 წლის ზაფხულში გასდის. თუმცა, ბოლო ცნობებით, მერსისაიდელები 23 წლის ნახევარმცველს არც ერთ შემთხვევაში არ გაყიდიან და მხარეებმა საერთო ენა რომც ვერ გამონახონ, იგი ამ კონტრაქტის ბოლომდე "ენფილდზე" იბურთავებს, მერე კი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"