პრემიერლიგა. ბოლო ტური: ჰარი კეინის ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
ფარდა დაეშვა და პრემიერლიგის მორიგი სპექტაკლიც დასრულდა. უკან დარჩა 380 მატჩი და 1064 გოლი. ახლა ზოგისთვის ზაფხულის არდადეგებია, ზოგისთვისაც - დღეიდანვე იწყება ზრუნვა მომავალი ბატალიებისთვის - ანალიზი, სელექცია... მაგალითად, პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მისთვის შვებულება არ იქნება და აქედანვე იწყებს ფიქრს ახალ კამპანიაზე...

გვარდიოლასა და "სიტიზე" ცოტა ქვემოთ, ჯერ ჩემპიონზე ვთქვათ, რომელმაც ჩემპიონურად დაასრულა სეზონი. "ჩელსიმ" კარგა ხნით ადრე გავარდნილ "სანდერლენდთან" მატჩშიც კი საბრძოლო შემადგენლობა დააყენა, რაც სიმბოლური ჟესტი და მადლიერების გამოხატულება იყო "სტემფორდ ბრიჯის" ერთგული პუბლიკის მიმართ.

"არისტოკრატების" სახელით
ბოლო მატჩი ითამაშა ჯონ ტერიმ; ბოლო ორ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა ახალგაზრდა ბელგიელმა ფორვარდმა მიჩი ბატშუაიმ, ხოლო მთელ სეზონში სულ 8-ჯერ დაარტყა კარში და 5 გოლი ჩაიწერა აქტივში. ეს იმის ნიშანია, რომ ანტონიო კონტეს რეზერვიც ჰყავს და ეს ძალიან გამოადგება იმ ტურნირისთვისაც (ჩემპიონთა ლიგა), რომელშიც "ჩელსი" ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება...

და ერთი მიღწევაც - "ჩელსიმ" მოიგო 30 მატჩი, რაც 38-ტურიანი ინგლისური მარათონისთვის რეკორდია და "ლურჯებს"" თვით ჟოზე მოურინიოს ზეობის ხანაშიც არ ჰქონიათ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გვარდიოლას "სიტი" მესამე ადგილზე გავიდა და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ზედიზედ 7 სეზონია, "ქალაქელები" პრემიერლიგის ოთხეულში ხვდებიან. სერხიო აგუერო კი მეხუთე ფეხბურთელია ტიერი ანრის, ალან შირერის, რუუდ ვან ნისტელროისა და ჰარი კეინის შემდეგ, რომელმაც მიჯრით მესამე სეზონში 20 და მეტი გოლის გატანა შეძლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე ადგილი და ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ერგო წილად "ტოტენჰემს", რომელმაც სეზონის დასკვნითი ნაწილი ბრწყინვალედ ჩაატარა. მაურისიო პოჩეტინომ შეკრა შესანიშნავი გუნდი, რომელიც მომავალ სეზონშიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და ტიტულის შანსიც, დაგროვილი გამოცდილების კვალობაზე, კიდევ უფრო მეტი ექნება...

ბოლო დღეს "ტოტენჰემმა" 7 გოლი გაუტანა "ჰალს", რითიც "მანჩესტერისა" და "ნოტინგემის" შემდეგ მესამე გუნდი გახდა პრემიერლიგაში, სტუმრად ამდენი და კიდევ მეტი რომ შეძლო.

ბრწყინვალე შედეგი ჰქონდა ჰარი კეინს, რომელიც 30 მატჩში 29 გოლით მარათონის მთავარი მეგოლე გახდა. ამასთან, ბოლო ორ მატჩში მან 7(!) გოლი შეაგდო. უეინ რუნის შემდეგ (2011) ეს პირველი შემთხვევაა (სულ - მეექვსე), როცა ფეხბურთელმა მიჯრით ორი ჰეთ-თრიკი (წინა ტურში კი სულაც - "პოკერი") შეასრულა. ხოლო ერთ სეზონში შესრულებული ჰეთ-თრიკების რაოდენობით (4), კეინი მხოლოდ ალან შირერს (5 - 1995/96 წლების სეზონში) ჩამორჩება.

"ლივერპულმა" ბოლო დღეს გაინაღდა ოთხეული (მხოლოდ მეორედ - ბოლო 8 სეზონში), თუმცა წარმოუდგენელი იყო, იურგენ კლოპის გუნდს ვერ დაემარცხებინა უკვე გავარდნილი "მიდლსბრო"...

"წითლების" მონაგარი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურია და არა გვგონია, ეს ბარიერი მისთვის დაუძლეველი იყოს. "ლივერპულს" ძალიან კარგი პერიოდი ჰქონდა ოქტომბერ-დეკემბერში, თუმცა კლოპს მეტისთვის რესურსი არ ეყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველად, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა "არსენალი", რომელიც, "ევერტონთან" ერთად, ევროპალიგაში გააგორებს ბურთს. იქვე იქნება "მანჩესტერ იუნაიტედიც", თუ ამავე ტურნირის ფინალში ვერ მოუგებს "აიაქსს"...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქმეს ისეთი პირი უჩანს, არსენ ვენგერი პოსტზე რჩება, მიუხედავად მისი პერსონის მიმართ ფანების დიდი ნაწილის მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებისა. ვენგერის გულისამაჩუყებელი სიტყვები "ევერტონთან" მოგებული მატჩის შემდეგ:

"მე ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე, რადგან ვარ პროფესიონალი და მიყვარს ეს კლუბი. ეს სიყვარული მეხმარება იმაში, რომ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ვაკეთო "არსენალისთვის". შეიძლება ყველაფერი დამაბრალოთ, მაგრამ ერთადერთი, რაშიც ეჭვს ვერ შეიტანთ, სწორედ ეს სიყვარულია. "არსენალის" გულისთვის კარიერაში ყველაფერზე უარი ვთქვი".

...თან სიყვარული აუხსნა და თან დააყვედრა კიდეც.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალგაზრდული შემადგენლობით მოუგო "კრისტალ პალასს". ჟოზე მოურინიომ სწორედ ამაზე თქვა მატჩის წინ - მეშინია, კვირას ფანებმა არ მომკლანო. საქმე ისაა, რომ "იუნაიტედმა" ყველაზე ნორჩი შემადგენლობა დააყენა, რაც კი პრემიერლიგა არსებობს - კვირას "ოლდ ტრაფორდის" მინდორზე გასული გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი და 284 დღე იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეტყობა, იმ დღეს მოუმ მხოლოდ რეკორდებზე იფიქრა. მაგალითად, 21 წლის ჯოშ ჰეროპი, რომელმაც გახსნა ანგარიში "კრისტალ პალასთან" მატჩში, გახდა "მანჩესტერის" მე-100 ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა. ანხელ გომესი კი, ვინც 88-ე წუთზე უეინ რუნი შეცვალა, "მანჩესტერის" მაისურით მოთამაშე პრემიერლიგის ყველაზე ახალგაზრდა (16 წლის და 263 დღის) ფეხბურთელი გახდა. ამასთან, ის არის მთავარი ინგლისური ლიგის პირველი ფეხბურთელი, რომელიც XXI საუკუნეშია დაბადებული...

ინგლისურ სეზონში დარჩა ერთი მატჩი - "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" 27 მაისს ასოციაციის თასის ფინალში იბრძოლებენ.

პრემიერლიგას დაემშვიდობნენ "სანდერლენდი", "მიდლსბრო" და "ჰალი". ელიტაში დაბრუნდა შარშან გავარდნილი "ნიუკასლი" და თან გაიყოლა "ბრაიტონი", ვისთვისაც ახალი სეზონი სადებიუტო იქნება პრემიერლიგაში.

კიდევ ერთი საგზურის მფლობელი კი 29 მაისს გაირკვევა, როცა ოთხთა პლეი ოფის ფინალში ერთმანეთს "ჰადერსფილდი" და "რედინგი" დაუპირისპირდებიან.

აბა, მომავალ პრემიერლიგამდე!

ბოლო ტური
არსენალი-ევერტონი 3:1
გოლები: 1:0 ბელერინი (8), 2:0 სანჩესი (27), 2:1 ლუკაკუ (58-პენ), 3:1 რემზი (90)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - გაბრიელ პაულისტა (53. მერტეზაკერი), კოსიელნი, ჰოლდინგი - ბელერინი, რემზი, ჯაკა (62. კოკელენი), მონრეალი - იოზილი, სანჩესი (68. ივობი) - უელბეკი.
ევერტონი (4-3-3): რობლესი - ჰოლგეიტი, იაგიელკა, უილიამსი, ბეინსი - გეიე (46. ბერი), შნაიდერლინი, ტ. დევისი (26. ბარკლი) - ე. ვალენსია (83. კონე), მირალასი, ლუკაკუ.
გაძევება: კოსიელნი (14. არსენალი)
მაყურებელი: 59 976

ბარნლი-ვესტ ჰემი 1:2
გოლები: 1:0 ვოუკსი (23), 1:1 ფეგული (27), 1:2 ა. აიუ (72)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კ. ლონგი, ტარკოვსკი, ს. უარდი - არფილდი, ჰენდრიკი, ვესტვუდი (78. დეფური), ბრეიდი (67. გუდმუნდსონი) - ვოუკსი, ე. გრეი (78. ბარნსი).
ვესტ ჰემი (3-4-2-1): ადრიანი - ფონტე, კოლინზი, ოგბონა - ბაირემი, ლანძინი, ე. ფერნანდესი (90. რაისი), კრისუელი - სნოდგრასი (84. ე. ფლეტჩერი), ფეგული - ა. აიუ.
მაყურებელი: 21 634

ჩელსი-სანდერლენდი 5:1
გოლები: 0:1 მანკილიო (3), 1:1 ვილიანი (8), 2:1 აზარი (61), 3:1 პედრო (77), 4:1 ბატშუაი (90), 5:1 ბატშუაი (90+2)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, ტერი (28. კეჰილი) - მოზესი, კანტე, ფაბრეგასი, ალონსო - ვილიანი, აზარი (71. პედრო) - დიეგო კოშტა (62. ბატშუაი).
სანდერლენდი (3-5-1-1): პიკფორდი - ბ. ჯოუნსი, ოში, ლესკოტი - მანკილიო, ლარსონი, კეტერმოლი (88. გიბსონი), როდუელი, ოვიედო - იანუზაი (62. გუჩი) - ბორინი.
მაყურებელი: 41 618

ჰალი-ტოტენჰემი 1:7
გოლები: 0:1 კეინი (11), 0:2 კეინი (13), 0:3 ალი (45), 1:3 კლუკასი (66), 1:4 ვანიამა (69), 1:5 კეინი (72), 1:6 ბ. დევისი (84), 1:7 ალდერვეირელდი (87)
ჰალი (3-4-2-1): მარშალი - რანოკია, დოუსონი, კ. დევისი (46. გროსიცკი) - ელაბდელაუი, ჰადლსტოუნი, ნდიაიე, ტაიმონი (73. რობერტსონი) - ბოუენი (72. ელმოჰამადი), კლუკასი - ნიასე.
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი - ე. დაიერი (73. დემბელე), ვანიამა - ერიქსენი, ალი (73. სისოკო), სონი - კეინი (79. იანსენი).
მაყურებელი: 23 804

ლესტერი-ბორნმუთი 1:1
გოლები: 0:1 სტანისლასი (1), 1:1 ვარდი (51)
ლესტერი (4-4-2): შმაიხელი - სიმპსონი, ბენალუანი (59. ემეტრი), ფუხსი, ჩილუელი - ნდიდი, ოლბრაიტონი (73. დ. გრეი), ე. კინგი, მაჰრეზი - სლიმანი, ვარდი.
ბორნმუთი (4-4-1-1): ოლსოპი - სმიტი, ფრენსისი, ს. კუკი, დანიელსი - ფრეიზერი (74. უორტინგტონი), გოსლინგი, სიურმენი, პაფი (63. პაფი) - სტანისლასი - მუსე (62. აფობე).
მაყურებელი: 32 000

ლივერპული-მიდლსბრო 3:0
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (45), 2:0 კოუტინიო (51), 3:0 ლალანა (56)
ლივერპული (4-1-2-1-2): მინოლე - კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი (86. მორენო) - ჩანი - ვეინალდუმი, კოუტინიო - ლალანა - სტარიჯი (82. ორიგი), ფირმინო (79. ლუკას ლეივა).
მიდლსბრო (4-3-3): გუსანი - ფაბიო (73. აიალა), ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი - ლედბიტერი, კლეიტონი, ფორშოუ - ბემფორდი, დაუნინგი, გესტედე (73. ნეგრედო).
მაყურებელი: 53 191

მანჩესტერ იუნ-კრ. პალასი 2:0
გოლები: 1:0 ჰეროპი (15), 2:0 პოგბა (19)
მანჩესტერი (4-3-3): პერეირა - ფოსუ მენსა, ბაილი, ფ. ჯოუნსი, მიტჩელი - მაკტომინი, ტუანზებე, პოგბა (45. ქერიკი) - ლინგარდი (45. მარსიალი), ჰეროპი, რუნი (88. გომესი).
კრ. პალასი (4-3-3): ჰენესი - ჯ. უარდი, კელი, ტომკინსი, შლუპი - მაკარტური (61. საკო), მილივოიევიჩი, ფენჩენი - ზაჰა (79. კემპბელი), ვან აანჰოლტი (67. კაიკაი), ბენტეკე.
მაყურებელი: 75 254

საუთჰემპტონი-სტოკი 0:1
გოლი: 0:1 კრაუჩი (60)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფ. ფოსტერი - სედრიკი, სტივენსი, იოშიდა, ბერტრანდი - ს. დევისი, რომეუ - ტადიჩი (65. ბუფალი), უარდ-პროუსი (86. პიე), რედმონდი - ოსტინი (65. გაბიადინი).
სტოკი (3-4-2-1): ბატლენდი - ქემერონი, შოუკროსი, მარტინს ინდი - დიუფი (70. უოლტერსი), უელანი, ალენი, პიტერსი - შაქირი (90+2. მუნიესა), სობი - კრაუჩი.
მაყურებელი: 31 286

სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 2:1
გოლები: 0:1 ევანსი (33), 1:1 ჯ. აიუ (72), 2:1 ლორენტე (86)
სუონსი (4-3-3): ნორდფელდტი - ნაფტონი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი - ფერი, ბრაიტონი (66. ნარსინგი), ფერი (81. კი) - ჯ. აიუ (90+3. კინგსლი), ლორენტე, სიგურდსონი.
ვესტ ბრომვიჩი (3-5-1-1): ბ. ფოსტერი - დოუსონი, ევანსი, უილსონი (90. ლეკო) - ნიომი, დ. ფლეტჩერი, იაკობი, ლივერმორი (79. მაკკლინი), ბრანტი - მორისონი (84. რობსონ-კანუ) - რონდონი.
მაყურებელი: 20 889

უოტფორდი-მანჩესტერ სიტი 0:5
გოლები: 0:1 კომპანი (5), 0:2 აგუერო (23), 0:3 აგუერო (36), 0:4 ფერნანდინიო (41), 0:5 გაბრიელ ჟეზუში (58)
უოტფორდი (3-5-2): გომეში - იანმაატი (39. ელეფტერიუ), ბეჰრამი, ჰოლებასი - მეისონი, ქლევერლი, დუკური, ამრაბატი (59. დინი), კაპუ - ნიანგი (74. პერეირა), ოკაკა.
სიტი (4-2-3-1): კაბალიერო - ფერნანდინიო, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ტურე (63. სანია), დე ბრუინი - გაბრიელ ჟეზუში, დავიდ სილვა, სანე (62. ნავასი) - აგუერო (71. იჰეანაჩო).
მაყურებელი: 20 829

ბომბარდირი: 29 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი).
სხვები: 25 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 24 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 20 - დიეგო კოშტა (ჩელსი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული