"არსენალის" პირველი ტრანსფერი: სეად კოლაშინაცს ხელში თოფი მისცეს

AutoSharing Option
სეად კოლაშინაცის ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა, ბოსნიელი მცველი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს.

ეს პირველი სიახლეა, რომლითაც "არსენალმა" არსენ ვენგერთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ფანები გაახარა. 23 წლის გარემარბს აქამდე "მანჩესტერ სიტის" უკავშირებდნენ და, თითქოს, გადაწყვეტილიც ჩანდა მისი "ქალაქელეთა" ბანაკში გადაბარგება.

თან, არავისთვის არის საიდუმლო, რომ ხოსეპ გვარდიოლა ფლანგის მცველების ჩანაცვლებას აპირებს. მერე მილანური გუნდები ახსენეს, მაგრამ საბოლოოდ, "მეთოფეებმა" ყველას აჯობეს. მოგეხსენებათ, რომ კოლაშინაცი "არსენალს" არაფერი არ დაუჯდება, რადგან ბოსნიელი გელზენკირხენის "შალკეს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. ტრანსფერი 1-ელ ივლისს, ანუ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე
შევა ძალაში, თუმცა ლონდონში კოლაშინაცის პრეზენტაცია უკვე მოეწყო.

"წარმატებები სამომავლოდ და მადლობა 6 შესანიშნავი წლისთვის" - ნათქვამია გერმანული კლუბის განცხადებაში.

"ყველაფერი შეთანხმებულია. ჩვენი ახალი მცველი ივლისიდან გუნდთან ერთად წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებებში ჩაერთვება და ვარჯიშს დაიწყებს" - ესეც "არსენალის" განცხადების ნაწილი.

"მინდა აღვნიშნო, რომ "არსენალს" ბავშვობიდან ვადევნებდი თვალყურს, ტიერი ანრისა და იენს ლემანის პერიოდიდან მოყოლებული. ეს დიდი ტრადიციების კლუბია, რომლის ცნობადობაც ევროპაშიც ყოველთვის მაღალი იყო, და თავისთავად, ინგლისშიც. მიხარია, რომ "მეთოფე" გავხდი. მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც შეეცდება, დაეხმაროს გუნდს მიზნების მიღწევაში. ჩემი მთავარი ძალა ხასიათი და მენტალური მზაობაა.

მიმაჩნია, რომ მარცხენა მცველად ყველაზე პროდუქტიული ვარ და თავსაც ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ წინაც შემიძლია თამაში, საკმაოდ მრავალმხრივი ვარ" - აი, ასეთი თავდაჯერებულია კოლაშინაცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული