ინგლისის ნაკრები: ვინ იქნება პირველი ნომერი?

AutoSharing Option
ყველა მწვრთნელს გუნდის მომზადების თავისებური მეთოდი აქვს. ზოგჯერ ეს მეთოდი უცნაური და ორიგინალურია. ფსიქოლოგიურ მხარეს თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო და უფრო დიდი ყურადღება ექცევა.

გამონაკლისი არც ინგლისის ნაკრებია. მაგალითად, გლენ ჰოდლს სპეციფიკური პროფილის თანამშრომელი ჰყავდა, ერთგვარი ფსიქოლოგ-ფსიქიატრი, რომლებსაც ფეხბურთელებთან სპეციალური სეანსები ჰქონდა. გარეთ საუთგეიტმა კი ბიჭები 48 საათით სამეფო ჯარის ბანაკში წაიყვანა და ჯარისკაცების რეჟიმი გაათავისებინა. შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილმა ფეხბურთელებმა რამდენიმე სირთულე დაძლიეს და მეთაურის მითითებები ისმინეს თუ შეასრულეს.

ამ ყველაფრის მიზანი გუნდური სულისკვეთების მოძლიერება, ზეწოლასთან გამკლავების გაადვილება და პენალტების
სერიისთვის მომზადება გახლდათ. თერთმეტმეტრიანების სერია ინგლისელთათვის ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა.

"ისეთივე შეგრძნებები იყო, როდესაც პენალტების სერიაში დარტყმა უნდა შეასრულო და ბიჭები გელოდებიან. ეს დაგვეხმარება გუნდური სულისკვეთების ამაღლებაში და იმის გაანალიზებაში, რომ ჩვენ ერთად ვართ და ერთმანეთს ვეხმარებით და შენი თანამებრძოლი ფეხისდაცდენისას იქვე იქნება და შენც იქვე უნდა იყო, თუ მას მხარდაჭერა დასჭირდა. იდეალური საშუალებაა მოსამზადებლად. ჩვენ არ გვქონდა ტელეფონები და ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. უნიკალური და ძვირფასი გამოცდილება მივიღეთ" - აღნიშნა კომანდოს საწვრთნელ ბაზაზე გატარებული 2 დღით აღფრთოვანებულმა ვეტერანმა ფორვარდმა ჯერმეინ დეფომ.

"ჩემი აზრით, ამისგან ყველა მოგებული დავრჩებით. ძალიან საჭირო გამოცდილება მივიღეთ, რომელიც სამომავლოდ გამოგვადგება. ინგლისის ნაკრებში ახალი ცხოვრება იწყება, ბევრი ცვლილებაა და ერთმანეთი კიდევ უფრო უკეთ გავიცანით. ინგლისისგან მუდამ ბევრს ელიან და ჩვენც წარმატებების მიღწევა გვსურს. ამისთვის ბევრს ვიმუშავებთ და ცდას არ დავაკლებთ. როგორც მოემზადები და რამდენადაც დაიხარჯები, ისეთივე შედეგები გექნება. გარეთს ასეთი დამოკიდებულება აქვს და ის ბევრს შრომობს, რაც ძალიან მომწონს" - განაცხადა ნაკრების ერთ-ერთმა მეკარემ, ჯეკ ბატლენდმა.

მოგეხსენებათ, რომ "სტოკის" გოლკიპერს ბევრი გაუცდა, მაგრამ ტრავმის მერე დაბრუნებული კარგად გამოიყურება და სტატუსსაც ინარჩუნებს. თანაც, ჯო ჰარტის პრობლემების გათვალისწინებით, ბატლენდი, შესაძლოა, ნაკრების პირველი ნომერი გახდეს. თანაც, ფრეიზერ ფორსტერიც იქვეა.

"ჯოს დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, ჯანსაღი დამოკიდებულება და კონკურენცია. ეს კარგიც კია და საჭიროა. ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმალურად დაიხარჯოს, დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია" - განაცხადა 24 წლის მეკარემ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ვარჯიშისას დაშავდა ჯეიმი ვარდი და ნაკრებს გამოაკლდა. იგი შაბათს შოტლანდიასთან და 13-ში საფრანგეთთან ვეღარ ითამაშებს. თუმცა ექიმების თქმით, 30 წლის თავდამსხმელის ტრავმა სერიოზული არ ჩანს.

***
ამასობაში ინგლისელ ხულიგნებს ძველი ცოდვები მოეკითხათ: მარტში დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე" გერმანიისა და ინგლისის ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრას, რომელიც ნაციონალმანშაფტის გამარჯვებით (1:0) დასრულდა, ფანებს შორის გარჩევების გარეშე არ ჩაუვლია.

პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული გამოდის ხოლმე, მაგრამ გულშემატკივრებს ზოგჯერ ზედმეტი მოსდით და აურზაურებით განთქმული ინგლისელები ამჯერადაც "გამოირჩნენ".

რამდენიმე გულშემატკივარმა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღო, ზოგიც დაჯარიმდა, ორ ქომაგს კი ინგლისელებმა სამუდამო დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და ისინი საგარეო შეხვედრებზე ნაკრებს ვეღარასდროს გაჰყვებიან. ერთ-ერთი მათგანი გერმანელი გულშემატკივრების მისამართით ნაცისტურ ჟესტებს აკეთებდა და ამით აღიზიანებდა მათ, ხოლო მეორე ადოლფ ჰიტლერის ვარცხნილობისა და ულვაშის იმიტაციას აკეთებდა. ფანთა ნაწილი გერმანიის ჰიმნის დროს უსტვენდა, ზოგიც მეორე მსოფლიო ომზე "მღეროდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული