"ევერტონი" - ინგლისური სატრანსფერო ბაზრის მოულოდნელი მეფე

AutoSharing Option
სანამ სხვა გუნდები სამომავლო ტრანსფერებზე ფიქრობენ, "ევერტონი" მათ უკვე აკეთებს. გასული სეზონი გუნდმა ინგლისურ პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ამ ზაფხულს კლუბმა უკვე დახარჯა 100 მილიონი ევრო ახალი ფეხბურთელების შესაძენად. ეს ჯერ კიდევ არაა დასასრული. კლუბი ისევ აპირებს ახალი ფეხბურთელების შეძენას.

როგორც ჩანს, "გუდისონ პარკზე" მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ დროა, გუნდმა რეალურად იბრძოლოს ინგლისის ოთხ საუკეთესო კლუბს შორის მოსახვედრად. გასულ სეზონში "ევერტონს" სანუკვარ ოთხეულამდე მთელი 15 ქულა დააკლდა. ახლა ეს უფსკრული აუცილებლად უნდა შეივსოს.

კლუბის ირანელი მფლობელი ფარჰად მოშირი და მწვრთნელი რონალდ
კუმანი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ "ევერტონმა" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს. ტრანსფერების მთავარი შემოქმედია კლუბის სპორტული დირექტორი სტივ უოლში. ის დაახლოებით იგივეა "ევერტონში", რაც მონჩი იყო "სევილიაში". მის გარეშე "ლესტერის" ტრიუმფი არ იქნებოდა. ახლა კი "ევერტონის" ტრანსფერებზე...

მაიკლ კინი, ბარნლიდან, 28,5 მილიონ ევროდ
24 წლის ინგლისელმა, ვისაც ირლანდიური ფესვები აქვს, სოლიდური სეზონი გაატარა "ბარნლიში". ყველამ იცოდა, რომ ზაფხულში ის კლუბს შეიცვლიდა. ყველაზე მაგრად "ევერტონი" დაიხარჯა და საწადელსაც მიაღწია. კინი "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილია, მაგრამ მან მშობლიურ კლუბში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო. კინს შანსი საერთოდ არ მისცეს. ჯერ ის გაანათხოვრეს, მერე კი "ბარნლიმ" მისი ტრანსფერი 2,5 მილიონ ევროდ გამოისყიდა. სულ ორი წელი აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ კლუბს ის თორმეტჯერ ძვირად გაეყიდა.

კინის ტრანსფერში არის რამდენიმე კითხვის ნიშანი. რა თქმა უნდა, "ევერტონის" დაცვას ძალიან სჭირდებოდა გაახალგაზრდავება. გუნდში აღარ ირიცხება ჯონ სტოუნსი. ეს გასაგებია. კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს - შეასრულებს კი კინი თავის ფუნქციას დამაჯერებლად მაშინ, როცა "ევერტონის" უკანა ხაზი "მაღლა" განლაგდება? ამის გამოცდილება მას "ბარნლიში" არ ჰქონდა.

ბევრი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ გუნდმა ზედმეტად ბევრი გადაიხადა კინში. ათი წლის წინ "ევერტონმა" იყიდა 24 წლის მცველი ფილ ჯაგიელკა. მან კარგი კარიერა გაიკეთა კლუბში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დიდი გამარჯვებების მოსაპოვებლად. კინი ძალიან ჰგავს თამაშის მანერით მერსისაიდელთა კაპიტანს.

ჯორდან პიკფორდი, სანდერლენდიდან, 28,5 მილიონ ევროდ
ეს ძალიან უცნაური ისტორიაა. როგორც ჩანს, "ევერტონის" მესვეურებს სჯერათ, რომ ინგლისელ მეკარესთან ერთად რაიმე სერიოზულის მიღწევა შეიძლება. პიკფორდი ინგლისის ნაკრების მომავალია. ცოტა ხნის წინ ის ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების კარს იცავდა ევროპის ჩემპიონატზე, ინგლისელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგეს გერმანელებთან. "სანდერლენდში" მას უამრავი სამუშაო ჰქონდა.

იყო ძალიან ეფექტური "სეივები", მაგრამ იყო ბევრი გაშვებული გოლიც. "ევერტონში" მისგან განსაკუთრებულ სტაბილურობას მოითხოვენ. საკითხავია, აქვს თუ არა მას ეს თვისება, შეუძლია თუ არა რეალურად, გრანდის კარი დაიცვას.

დავი კლაასენი, აიაქსიდან, 27 მილიონ ევროდ
ამ ტრანსფერისათვის "ევერტონს" მხოლოდ ქება ეკუთვნის. გუნდმა მიიღო ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელი, რომელსაც ერთნაირად კარგად ეხერხება შექმნა და ჩაშლა.

"აიაქსი" დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა თავისი ლიდერის შენარჩუნებას, მაგრამ საბოლოოდ მასთან შელევა მაინც მოუხდა. დიდი ალბათობით, კლაასენი, რომელსაც არაფრიდან შეუძლია გოლების შექმნა, პირველივე სეზონში შინაური კაცი გახდება "გუდისონ პარკზე" და გუნდს დიდ სარგებლობასაც მოუტანს.

ანრი ონიკურუ, ეუპენიდან, 8 მილიონ ევროდ
რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ნიგერიელი ვინგერი იშვიათად გამოვა მინდორზე, მაგრამ ეს არის ინვესტიცია მომავალში. "ევერტონმა" ონიკურუსათვის ბრძოლა რუსულ და ინგლისურ კლუბებს მოუგო.

სანდრო რამირესი, მალაგადან, 6 მილიონ ევროდ
კიდევ ერთი შესანიშნავი ტრანსფერი. მას შემდეგ, რაც "ბარსელონა" დატოვა, სანდრო "მალაგას" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. დიდებული ტრანსფერი მხოლოდ სიმბოლურ ფასად. რამირესი სრულფასოვნად შეცვლის ჟერარდ დეულოფეუს, რომელიც "ბარსელონამ" უკან გამოისყიდა.

არ დაგვავიწყდეს, რომ რიგში დგას უეინ რუნი - ოდინდელი ევერტონელი, რომელიც დღეს აღარ სჭირდება "მანჩესტერ იუნაიტედს". გაგრძელება კიდევ იქნება. "ევერტონი" ამაზე შეჩერებას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვნახოთ რას იზამენ.
6 ეულში მაინც ვერ შევლენ დიდი ალბათობით
Agf
06 ივლისი 2017 18:05
0
კინში და პიკფორდში მეტი გადაიხადეს , ვიდრე კლასებში?! ვერ გავიგე
კახა ქირია
06 ივლისი 2017 16:00
0
არ არიან ეს ის ფეხბურთელები რომლითაც ამ კლუბს შეუძლია ევროთასებზე გასვლა ინგლისში. ზედა ექვსეული და მათი ფეხბურთელები ერთი თავით ჯობია ევრტონს. ასე რომ ისევ მე-7 ადგილისთვისაა ეს კლუბი განწირული. არადა სხვა ნებისმიერ ჩემპიონატში რელურად იბრძოლებდა ლიგის საგზურისათვის, ინგლისში კი უბრალოდ შანსი არ ექნება ამის.
dadu
06 ივლისი 2017 14:51
0
ესენი უეჭველი ფულს ათეთრებენ თორე ამ ნახირში 100 ლიმონი?
fraternity
06 ივლისი 2017 14:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული