"ასეთი გუნდი სრულიად მაკმაყოფილებს. ახლა მთავარია ეს ბიჭები კარგ ფორმაში შევინარჩუნო და თუ ეს მოვახერხე ჩემპიონობის დიდი შანსი გვექნება", - თქვა სერ ალექსმა.
"ვფიქრობ, დღეს ყველამ დაინახა, რომ ჩემი ფეხბურთელები თამაშის ჟინით არიან შეპყრობილები. ამ შეხვედრაში ეპიზოდურად ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მომენტები შევქმენით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ასეთი თამაში ვეტერანების გამოცდილებაზე აგებული. ნემანია ვიდიჩს, პოლ სქოულზსა და რაიან გიგზს ვგულისხმობ. როდესაც თავმოყვარე გუნდი ჩემპიონი ვერ ხდები, ვალდებული ხარ ტიტული შემდეგ წელიწადს მოიპოვო. ფეხბურთს ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს: შემდეგ წელიწადთან ერთად გამოსწორების შანსიც ყოველთვის მოდის".
რასაკვირველია, ფერგიუსონი თავისი საყვარელი ფეხბურთელის უეინ რუნის შექების შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. რუნიმ, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად გამოსვლისთვის "უემბლიზე" ტრადიციული ინგლისური "ბუუ" უძახეს, ვალენსიას საგოლე პასი ჩააწოდა:
"დღეს ისეთი დრო დადგა, რომ კარგ ფეხბურთელებს მეტოქის ფანები "ბუუს" აუცილებლად ეძახიან, მაგრამ უეინმა ვალენსიას საუცხოო პასი რომ მიაწოდა, ფაქტია. მას ყველაზე მეტად გამძლეობაში უჭირდა და ამ კომპონენტში სჭირდება გაძლიერება, თორემ რაც ითამაშა დიდებული იყო".
დამარცხებულების თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კი ყველაფერი ზაფხულს დააბრალა. მან თქვა, რომ მის საუკეთესო ფეხბურთელებს საუკეთესო ფორმამდე ჯერ კიდევ აკლიათ რამდენიმე კვირა, თუმცა ინგლისის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ყველა ღონეს რომ იხმარენ და ამის უნარიც შესწევთ, რად უნდა ლაპარაკი. სხვათაშორის, მოსამზადებელ პერიოდში "ლურჯებმა" ამხანაგური შეხვედრებიდან მხოლოდ ერთი მოიგეს, "კრისტალ პალასთან", თუმცა ისიცაა, რომ კალენდარმა ჩემპიონი დაინდო და პირველი თამაში შინ, "სტემფორდ ბრიჯზე", პრემიერლიგაში ახალ აღზევებულ "ვესტ ბრომვიჩთან" არგუნა.
"ვიცოდით, რომ სეზონისწინა პერიოდში გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ამას ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს. მთავარია წინ ვიყუროთ, მომავლისკენ. ამხანაგურ თამაშებში ცუდი შედეგები გვქონდა, მაგრამ ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ. ჩემი ვარაუდით, ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს გვიან შემოუერთდნენ ორი კვირის შემდეგ კარგად ათამაშდებიან. "ქომუნითი შილდზე" დამარცხება არ მაღელვებს, თუმცა ფაქტია, რომ იმ დღევანდელთან შედარებით თამაში უნდა გამოვასწოროთ".