28 წლის ტოგოელი შარშანაც "ტოტენჰემში" თამაშობდა, მაგრამ საიჯარო ხელშეკრულებით. ახლა კი ის "უაით ჰართ ლეინზე" ნამდვილი "დეზის" სტატუსით ითამაშებს.
ლონდონურმა კლუბმა "მანჩესტერ სიტისგან" მისი კონტრაქტი საბოლოოდ გამოისყიდა (BBC-ის ცნობით, 5 მილიონ ფუნტად), ფეხბურთელთან თანამშრომლობა კი 2015 წლის ივლისამდე გააფორმა.
ადებაიორის თქმით, ის არ ელოდა, თუკი მოლაპარაკებები "სიტისთან" ასე გაიწელებოდა, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ მასა და მანჩესტერელებს ერთმანეთთან თანამშრომლობა აღარ ხიბლავდათ.
თითო ნაბიჯი განშორებამდე
"სქაი სპორტსის" ცნობით, "ტოტენჰემის" ნახევარმცველ ტომას ჰადლსტოუნს, თამამად შეიძლება,
მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჰადლსტოუნმა მთელი შარშანდელი სეზონი გამოტოვა და მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში თვენახევრის წინ განაახლა, ფორმაში შესვლა აქამდე ვერ მოახერხა.
ანდრე ვილაშ ბოაშმა კი მას გულწრფელად განუცხადა, რომ მისი კონდიციები არ აკმაყოფილებდა და შესაბამისად, ვერც სათამაშო დროს მისცემდა. 25 წლის საყრდენის ტრანსფერი ოფიციალურად ამ დღეებში უნდა გამოცხადდეს.
"ბაზაზე სავარჯიშოდ მივედი და ჩემი მეგობარი ტომასი დავინახე, რაც ჩემთვის სრული შოკი იყო. თუკი მისი ამბავი საბოლოოდ დადასტურდა, ჩვენი გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება," - დაწერა "ტვიტერზე" "სტოკის" ნახევარმცველმა ჯერმეინ პენანტმა.
ჰადლსტოუნის ამბავი გასაგებია. 22 აგვისტოს "ლელო" იმასაც წერდა, რომ "ტოტენჰემიდან" მაიკლ დოუსონის აბარგებაც გადაწყვეტილი იყო.
BBC წერს, რომ ფეხბურთელი კარიერას "ქუინზ პარკში" განაგრძობს. "სქაი სპორტსის" ცნობით კი, გარიგება ლონდონურ კლუბებს შორის 9 მილიონ ფუნტად არის შეფასებული და თუკი ფეხბურთელმა "ლოფტუს როუდზე" წარმატებული კარიერა აიწყო, ბონუსების სახით "დეზები" დამატებით კიდევ 1 მილიონს მიითვლიან.
აქ კიდევ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი - თანხის 10%, 2005 წელს "ნოტინგემ ფორესტთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჩემპიონშიპის წარმომადგენელს ეკუთვნის.
დოუსონი, ვინც, ჰადლსტოუნისა არ იყოს, შარშან ტრავმებმა დატანჯა, სამედიცინო შემოწმებას ახალი კლუბის ექიმების თანდასწრებით, ყველაზე გვიან, კვირის ბოლომდე გაივლის.
ის ფაქტი, რომ ვილაშ ბოაშს 28 წლის სტოპერი არ სჭირდება, არავის აკვირვებს, რადგან პორტუგალიელს განკარგულებაში ჰყავს ვილიამ გალასი, იუნეს კაბული, იან ვერტონგენი და სტივენ კოლკერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"