ლიგის თასი. ფინალის წინ: აუტსაიდერთა ვარსკვლავური საათი

AutoSharing Option
თებერვლის დასაწყისში ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელი "ბრედფორდი" ბუდისტების სულიერმა ლიდერმა, XIV დალაი-ლამამ დალოცა და წარმატებები უსურვა.

წერილში, რომელიც ფილ პარკინსონის ფეხბურთელებმა მიიღეს, ეწერა, რომ ეს პატივი მათ განსაკუთრებული წარმატებების წყალობით დაიმსახურეს. დალაი-ლამა მართალია. სხვაგვარად შეუძლებელია შეფასდეს ქვედალიგელის ამხელა ნახტომი. "უემბლის" საგზურის ხელში ჩასაგდებად ხომ მათ ურთულესი გზა გაიარეს, დაამარცხეს რა "ნოთს ქაუნთი" 1:0 (I ეტაპი), "ბრედფორდი" 2:1 (II), "ბარტონ ალბიონი" 3:2 (III), "უიგანი" 0:0 (პენ, IV), "არსენალი" 1:1 (პენ, 1/4-ფინალი), "ასტონ ვილა" 3:1, 1:2 (1/2-ფინალი).

უელსელებმა დალაი-ლამას დალოცვას თამაშის
წინა დღეებში კლუბის კაპელან კევინ ჯონსის ლოცვით "უპასუხეს". როგორც ირკვევა უკანასკნელი სულიერ ცხოვრებას მსახიობობასა და რადიოწამყვანობასაც უთავსებს. მან მიკაელ ლაუდრუპისთვის რჩევებიც არ დაინანა. ვიცი, რომ ფავორიტები ვართ, მაგრამ "ბარსელონასავით" თუ ვითამაშებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთო. ფეხბურთელებისთვის ღვთისმოსავი ადამიანების გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უმთავრესი მაინც მთავარი მწვრთნელების დარიგებებია. აი, რას აცხადებენ გუნდების თავკაცები თამაშის წინ:

ფილ პარკინსონი (ბრედფორდი): "აქამდეც ასე იყო და ახლაც არაფერი შეცვლილა. ჩვენ ლიგის თასის აუტსაიდერები ვართ. თუმცა ფეხბურთში არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეს. წინდაწინ უნდა შევეგუოთ, რომ "სუონსი" ბურთს წაგვართმევს, რადგან ის ამას პრემიერლიგელების წინააღმდეგაც ახერხებს. ჩემს გუნდს ცოტა თავს ზემოთ ახტომა და იმის იმედად ყოფნა მოუწევს, რომ ეს უელსელების დღე არ იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ იქნება თანაბარი თამაში".

მიკაელ ლაუდრუპი (სუონსი): "როგორც ფეხბურთელმა უამრავი ტიტული მოვიგე. როგორც მწვრთნელისთვის კი ეს ჩემი მეოთხე ფინალია (მან 2003 და 2005 წლებში ორჯერ იმარჯვა დანიის თასზე "ბრონდბიუსთან" ერთად, 2008-ში კი "ხეტაფეში" ესპანეთის თასის ფინალში წააგო. რედ) და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. მოედანზე როცა ხარ, ეს უფრო იოლია, რადგან ერთ-ერთი ხარ გუნდში. მწვრთნელის რანგში კი ყველა თავსატეხი შენი ამოსახსნელია. როცა გუნდი პროგრესის გზას ადგას, ესე იგი შენი მუშაობის შედეგს ხედავ, ამაზე დიდი სიამოვნება ალბათ ძნელად წარმოსადგენია"
.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალი: დაცემული შოტლანდიელის არჩევანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული