მიგელ მიჩუ: შემიძლია, გუნდს შევთავაზო უფრო მეტი, ვიდრე უბრალო პლეიმეიკერობა

AutoSharing Option
შარშან "რაიო ვალეკანო" ესპანური პრიმერადან გავარდნას სასწაულით გადაურჩა, რაშიც 15 გოლით დიდი წვლილი შეიტანა მადრიდელთა ნახევარმცველმა მიგელ პერეს კუესტამ. ფეხბურთის გულშემატკივარი მას მიგელ მიჩუს სახელით უფრო იცნობს.

"რაიომ" 2012 წლის ზაფხულში გუნდის ლიდერი 2,57 მილიონ ევროდ "სუონსის" მიჰყიდა.

ტანმაღალი (190 სმ) ფეხბურთელი პრემიერლიგაში თავდასხმაში გადაიყვანეს. მან მოლოდინი 100%-ით გაამართლა. მიმდინარე სეზონში 26 წლის უნივერსალმა ყველა ტურნირში ერთად, 35 თამაშში, 19 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გთავაზობთ მცირე ინტერვიუს "გედების" უმთავრეს ვარსკვლავთან.

- თუკი ვან პერსი ან მესი გქვია,
მთელი მსოფლიო ყურადღებით გადევნებს თვალს. ვინ არის მიჩუ?
- ინგლისში თავიდან არავინ მიცნობდა და მცველები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მაქცევდნენ, რაც ხელს მიწყობდა. ახლა კი სულ უფრო ცოტა თავისუფალ სივრცეს ვპოულობ. როგორც ისინი აკეთებენ, ჩემს მომავალ მეტოქეებს თავადაც ვსწავლობ, განსაკუთრებით მეკარეებს, მათი გადაადგილების მანერას.

- როგორც ჩანს, მეტოქეთა "ზრუნვის" ობიექტი რომ ხდებით, ეს გარემოება ოდნავადაც არ გაშინებთ...
- "სუონსიში" ფეხზე მყარად დავდექი. ზოგადად, ინგლისურ ფეხბურთში მეტი ფიზიკური ძალაა საჭირო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დადებითად აისახება ჩემს თამაშზე.

- მიკაელ ლაუდრუპს უყვარს გადანაცვლებები შემადგენლობაში. თქვენ ხან სუფთა თავდამსხმელად თამაშობთ, ხან შეტევის სიღრმეში იწევთ. უპირატესობას რომელ პოზიციას ანიჭებთ?
- თუკი გამუდმებით ვმოძრაობ, მცველები ყოველთვის ვერ ახერხებენ ჩემთან გამკლავებას და, შესაბამისად, მეტი მომენტი მექმნება. ყოველი ასეთი თამაშის შემდეგ გადაქანცული ვარ ხოლმე.

ჩემი უმთავრესი პლუსი შეტევის მეორე ხაზში ასპარეზობაა. მირჩევნია, ათი ნომრის პოზიციაზე ვითამაშო, რადგან ასე უფრო მიადვილდება თავისუფალი ზონების მონახვა. შემიძლია, გუნდს შევთავაზო უფრო მეტი, ვიდრე უბრალო პლეიმეიკერობა, რადგან ჩემი პოზიცია მეტოქის კართან უფრო ახლოს არის. მესმის, რატომაც მანდობენ ცენტრფორვარდის ადგილს.

მზად ვარ, იქამდე ვითამაშო, სანამ მწვრთნელი ამას მავალებს, მაგრამ უფრო მეტად მაინც უკან დახეულს მირჩევნია თამაში.

- ლაუდრუპი და მისი გავლენა გუნდზე... რას იტყვით?
- მისი თამაშის კოპირება შეუძლებელია, მაგრამ რაღაც დონეზე მისი მიბაძვა მაინც შეიძლება. დროდადრო ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. შეიძლება ხანდახან ბურთი ისე წაგართვას, რომ ვერც ვერაფერს მიხვდე. თუკი მის გუნდში ხარ, იოლი არც მაშინ არის. მიკაელს შეუძლია, მოვლენათა განვითარება ისე გათვალოს, რომ შენ ეს გაგიჭირდება. ის უბრალოდ კი არ ერთობა, გვასწავლის, როგორ შეიძლება თამაშის გაუმჯობესება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მეჯიქ" მიჩუ 2016 წლამდე "სუონსი სიტიში" დარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული