გასული წლის ზაფხულში, ინგლისში სათამაშოდ გადასვლის წინ, ოსკარმა უკვე იცოდა, რომ მას სერიოზულ ზეწოლასთან გამკლავება მოუწევდა. ახალგაზრდას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რადგან 11-ნომრიანი მაისურის არჩევა დიდიე დროგბას მემკვიდრეობას ნიშნავდა. თუმცა ბრაზილიის ნაკრების მე-10 ნომერს მსგავსი ტვირთი უკვე დიდი ხანია, აწევს ზურგზე. "სელესაოში" ეს მაისურა პელეს, რიველინოს, ზიკოს, რივალდოს, რონალდინიოსა და კაკას სცმიათ.
ოსკარმა უკვე ძალიან ბევრი გააკეთა, რათა ამ ნომრის ისტორიაში თავისი კვალი დაეტოვებინა. მიუხედავად
"ეს არ ყოფილა მხოლოდ ჩემი ოცნება, რადგან მასზე ყველა ბრაზილიელი ბავშვი ფიქრობს. ნაკრებში მე-10 ნომრის ჩაცმა განსაკუთრებული პატივია", - ამბობს ის.
უყურებ წყნარ და მორიდებულ ბიჭს და ვერასოდეს წარმოიდგენ, რომ მასზე ამხელა ავანსი შეიძლება იყოს გაცემული. ის ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის ინგლისურ ფეხბურთთან და მიაჩნია, რომ უმჯობესია, მასზე საფეხბურთო საქმეები მეტყველებდეს. ის გრძნობს, რომ თანდათან ეჩვევა პრემიერლიგას და "სტემფორდ ბრიჯზე" თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში:
"ძალიან მომწონს ატმოსფერო ჩვენს საშინაო შეხვედრებზე. სასიამოვნოა "ჩელსის" გულშემატკივართა მხარდაჭერის შეგრძნება. ყველაზე სასიამოვნო იყო დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში "იუვენტუსის" წინააღმდეგ, როცა ორი გოლი გავიტანე. დუბლი შესანიშნავი მოსაგონარია, მაგრამ ჩვენ ეს მატჩი ვერ მოვიგეთ. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი ასეთი განსაკუთრებული დღე მექნება".
რამდენიმე დღეში ბრაზილიას რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ელის. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, რომელიც 2014 წელს ოსკარის სამშობლოში ჩატარდება. "შესანიშნავი იქნება ბრაზილიის ნაკრებში "სტემფორდ ბრიჯზე" თამაში," – ამბობს ის. - ეროვნულ გუნდში ასპარეზობა ყოველთვის პატივია, მაგრამ შენს სტადიონზე ნამდვილად განსაკუთრებულია. გოლს თუ გავიტან... ვერც კი წარმომიდგენია... იმედია, რეგულარულად ვითამაშებ და მერე 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზეც წავალ. თამაშს უნდა მოვუმატო და ოცნებები ავიხდინო".
ოსკართან ერთად მოედანზე შეიძლება გავიდნენ რონალდინიო და კაკა - ფეხბურთელები, რომელთაც ნაკრებში 10 ნომრად უთამაშიათ და რომელთაც მანო მენეზეში აღარ იწვევდა: "ისინი უფროსი ძმები არიან. კაკასა და რონალდინიოს ისეთ ფეხბურთელებად დავახასიათებდი, ვისთან გატოლებასაც ჩემი თაობა აუცილებლად შეეცდება. ისინი ჩვენთვის ისტორიას წერდნენ. მათი გამოძახება ბევრს ნიშნავს. ორივეს დიდ პატივს ვცემთ და ვიცით, რომ მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ ჩვენთვის სასწავლებელი. მოხარული ვარ, რომ ისინი ნაკრებში დაბრუნდნენ".
ნაკრებში ითამაშებენ დავიდ ლუისი და რამირესიც, "ჩელსის" ბრაზილიური ტრიოს დანარჩენი წევრები. ოსკარს ისინი ძალიან დაეხმარნენ ლონდონთან ადაპტაციაში. ფეხბურთელები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ: "ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩემ გვერდით არიან. სწორედ მათი დახმარებით არის, რომ ყველაფერს ასე სწრაფად ავუღე ალღო. მოედანს მიღმა უახლოესი მეგობრები ვართ. დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე "ჩელსიში" ერთად ვითამაშებთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრაზილიის ნაკრებში კაკა გამოიძახეს, რონალდინიო – არა