ფერდინანდი დაბრუნდა და წავიდა, ვეტერანს დასვენება სჭირდება

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, 65 წლის როი ჰოჯსონს დანიშვნის დღიდან უიღბლობა ფეხდაფეხ სდევს. ჯერ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები სრულად გამოცხადებულიყვნენ. ასე იყო ევრო 2012-ის დაწყებამდეც და ასე გრძელდება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც.

ჰოჯსონს სან მარინოსა და ჩერნოგორიის ნაკრებების წინააღმდეგ შეხვედრებში თავდაპირველი სიიდან მინიმუმ 3 ფეხბურთელი დააკლდება: აარონ ლენონი, მაიკლ დოუსონი და რიო ფერდინანდი. დიახ, რიო ფერდინანდი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანის თქმით, ის იძულებულია, ექიმების მოთხოვნებს დაემორჩილოს და ამ ეტაპზე საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოს.

"დეილი მეილმა" მის
ამ ნაბიჯს "ფერდინანდის ფარსი" უწოდა. მას ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით, ახლა პირველ ორზე ვთქვათ. ლენონის ტრავმის შესახებ პრემიერლიგის XXX ტურამდე გახდა ცნობილი. კვირას, "ფულჰემთან" დერბიში, ის საზარდულის პრობლემების გამო "ტოტენჰემის" განაცხადშიც არ იყო.

დოუსონს რაც შეეხება, მან მუხლის ტრავმა პირველივე ტაიმში მიიღო, რის გამოც ანდრე ვილაშ ბოაშმა ის შესვენებაზევე შეცვალა. როი ჰოჯსონმა ჯერ კიდევ ფერდინანდის განცხადებამდე, დაცვის ხაზში შექმნილი საკადრო პრობლემების გამო შეკრებაზე "მანჩესტერ სიტიდან" ჯოლეონ ლესკოტს უხმო, ხოლო მას მერე "ტოტენჰემიდან" სტივენ კოლკერიც გამოიძახა.

ვეტერანის ბოროტი ხუმრობა
რიო ფერდინანდი თვეების განმავლობაში დუმდა სანაკრებო თემატიკაზე. ალექს ფერგიუსონი კი აცხადებდა, რომ ვერც კი წარმოედგინა მისი შეგირდის ეროვნულ გუნდში დაბრუნება. ერთ დღეს ფეხბურთელმა დუმილი საკუთარი ინიციატივით დაარღვია და განაცხადა, რომ მზად იყო, "სამი ლომის" ფორმა ხელახლა მოერგო.

როი ჰოჯსონის მიერ შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ რიოს გვარის ამოკითხვა ბევრისთვის მაინც სიურპრიზი იყო. მწვრთნელი იმედოვნებდა, რომ ცნობილი რასისტული სკანდალის შემდეგ ფერდინანდსა და ეშლი კოულს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა მოგვარდებოდა. უკიდურეს შემთხვევაში კი, გუნდზე არ აისახებოდა.

მოკლედ, ყველანი იმედიანად განეწყვნენ. ამ ფონზე რიოს ნაბიჯმა მწვრთნელი შოკში ჩააგდო. "იუნაიტედის" ფეხბურთელი მიუნხენელი ექიმების ზურგს ეფარება (ის სწორედ გერმანიაში მკურნალობს) და აცხადებს, რომ მათ 7-10-დღიანი დასვენება ურჩიეს, რათა ხერხემლის პრობლემები არ გაირთულოს და სეზონი მშვიდად ჩაამთავროს.

რიომ მხოლოდ კვირას, ჰოჯსონთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაუმხილა პრესას საკუთარი გადაწყვეტილება და დასძინა:

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰოჯსონთან პირისპირ საუბარი. მე მას გულწრფელად ვუთხარი, რომ ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ეს ყოველთვის იყო. სამწუხაროა, რომ უახლოეს შეხვედრებში ვერ ვითამაშებ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ როისთან თანამშრომლობის შანსი მომავალშიც მომეცემა".

"იმედგაცრუებული ვარ, რომ რიო ნაკრებს ვერ დაეხმარება. სამწუხაროდ, მან მკაცრად უნდა დაიცვას სპეციალურად მისთვის შედგენილი სამედიცინო პროგრამა, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს ნაკრებში მის ასპარეზობას. თუმცა მიხარია, რომ მან ამის შესახებ პირადად მაცნობა,
" – განუცხადა ჰოჯსონმა "გარდიანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რიო ფერდინანდმა ინგლისის ნაკრები დატოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული