პრემიერლიგა. XXXIII ტურის წინ: შეკრეჭილი ტური და და იტალიელის უმთავრესი მისია

AutoSharing Option
ოცნება ოთხეულზე
"არსენალს" სეზონის დარჩენილ ნაწილში ერთადერთი მიზანი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.

"მეთოფეები" მიზანთან ძალიან ახლოს არიან. მეტიც, დაკარგული ქულებით ისინი "ტოტენჰემს" უკვე აღემატებიან. დღეს კი არსენ ვენგერსა და კომპანიას კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ.

"ნორვიჩი" ნამდვილად არ არის ის გუნდი, ვისაც "ემირიტსზე" დიდი შანსი შეიძლება ჰქონდეს. წინა ტურში "ვესტ ბრომვიჩთან" ლონდონელებმა ცუდად ითამაშეს, მაგრამ მოიგეს. მთავარმა გმირმა ტომაშ როსიცკიმ ტრავმა მიიღო. მასპინძლებს ჩეხის გარეშეც ძლიერი შემადგენლობის გამოყვანა შეუძლიათ და თანაც პირველ წრეში წაგების (1:0)
გამო შური აქვთ საძიებელი.

მოტივაციის ძალა
"ასტონ ვილამ" კრიზისი საბოლოოდ გადალახა და აუტსაიდერთა შორის ნამდვილად საუკეთესო ფორმაშია. პოლ ლამბერტის გუნდმა ყველა უშუალო კონკურენტს კი სძლია, მაგრამ სამშვიდობოს თავი ჯერ ვერ დაიგულა. სხვაობა გასავარდნ ზონასთან სულ რაღაც 2 ქულაა.

"ფულჰემმა" კი თითქმის უწია კრიტიკულ ზღვრად წოდებულ 40 ქულას და შეუძლია აღარ ინერვიულოს. მას გავარდნა არ ემუქრება.

ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორია უხვგოლიან მატჩებს მრავლად ითვლის. ამჯერად გვგონია, რომ მასპინძლები უკანმოუხედავ შეტევებს ვერ გაბედავენ.

"ლივერპული" აუტსაიდერების წინააღმდეგ
ყოველი მომდევნო ტური "ქუინზ პარკს" ჩემპიონშიპთან სულ უფრო აახლოებს. 2002/03 წლების გლენ როუდერის "ვესტ ჰემის" შემდეგ ეს გუნდი ნამდვილად საუკეთესო შემადგენლობას ფლობს, მაგრამ ჰარი რედნაპმა ვერაფრით მოახერხა მარკ ჰიუზის მიერ პირველ წრეში გაფუჭებული საქმის გამოსწორება.

"რეინჯერებს" 13 აპრილს "გუდისონ პარკზე" ურთულესი დაპირისპირება ელით. "ევერტონს" თავისი ამბიციები აქვს. "ლურჯები" ევროთასების საგზურებისთვის ბრძოლაში არიან ჩაბმულნი. თანაც მერსისაიდელებს დისკვალიფიკაცია მოხდილი მარუან ფელაინი და სტივენ პიენაარი უბრუნდებიან. სტუმრებს კი ამავე მიზეზით ბობი ზამორა არ ეყოლებათ.

"რედინგმა" 2 თებერვალს "სანდერლენდთან" მოგების (2:1) შემდეგ ზედიზედ 7 თამაში წააგო და ახლა ჩემპიონატის ულაპარაკო აუტსაიდერია. "არისტოკრატებს" ვერც ბრაიან მაკდერმოტის გათავისუფლებამ უშველა და ჯერჯერობით არც ნაიჯელ ედკინსის დანიშვნას მოუტანია შედეგი. ყველას ესმის, რომ 6 ტურში 8-ქულიანი ფორის გაბათილება პრაქტიკულად შეუძლებელია.

თავის მხრივ ევროთასებზე მეოცნებე "ლივერპულსაც" თვალსა და ხელს შუა ეწურება ამის იმედი და ცხადია, ბრენდან როჯერსის შეგირდები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ახლავე არ დაუსვან წერტილი საკუთარ ამბიციებს.

შურისძიება
პირველ წრეში "ვესტ ჰემმა" საუკეთესო თამაში "საუთჰემპტონთან" ჩაატარა (4:1). "წმინდანები" ახლა სულ სხვა კონდიციებში არიან და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "სენტ მერიზე" ფავორიტები სწორედ ისინი არიან. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ ევროპელი ბუკმეიკერები.

აქ ერთი ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი: "ჩაქუჩები" წინა ტურშიც აუტსაიდერები იყვნენ "ენფილდზე", მაგრამ "ლივერპულის" ზეწოლა ბოლომდე არ შეიმჩნიეს.

მასპინძელთა შანსებს მხოლოდ ის თუ ამცირებს, რომ ტრავმის გამო, შესაძლოა, ჯეი როდრიგესმა მინდორზე გასვლა ვერ შეძლოს. არადა, მაურისიო პოჩეტინიოს მოსვლის შემდეგ 21 წლის ვინგერზე ძალიან ბევრი რამ გახდა დამოკიდებული.

დი კანიოს კიდევ ერთი განსაცდელი
პაოლო დი კანიოს "სანდერლენდი" დაკარგული ქულების გათვალისწინებით უკვე გასავარდ ზონაშია. "სენტ ჯეიმს პარკზე" კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში ის საკუთარი ნებით გაყოფს თავს ყულფში.

თანაბარი ქულები და 2 თამაში თადარიგში ("მანჩესტერ სიტისთან" გასვლაზე, "სუონსისთან" შინ), იმის გათვალისწინებითაც კი, რამდენად რთული შეხვედრები ელის, "უიგანისთვის" სერიოზული ფსიქოლოგიური უპირატესობა იქნება.

44 წლის იტალიელის პრემიერლიგური დებიუტი "სტემფორდ ბრიჯზე" შედგა, სტადიონზე, რომელიც ნამდვილად არ არის ამისთვის საოცნებო. "შავ კატებს" არა უშავდათ. წესით, მინიმუმ ქულის აღების შანსი მათ ხვალაც უნდა ჰქონდეთ. გამარჯვებაზე ფიქრი ცოტა რთულია, რადგან სტუმრად "კაჭკაჭებთან" ბოლოს ასეთი რამ 13 წლის წინ მოახერხეს.

ადგილობრივმა პოლიციამ უკვე გაავრცელა მოწოდება გულშემატკივრებისადმი, რომ თავი შეიკავონ სტუმართა დამცინავი და მით უფრო შეურაცხმყოფელი ფაშისტური შეძახილებისგან. მოგეხსენებათ, "შავი კატების" ახალი დამრიგებელი თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო საზოგადოების განსაკუთრებულ აგრესიას იწვევს.

"არ ვიცი, რატომ უსვამს ხაზს პოლიცია ამ გარემოებას, მაგრამ გარწმუნებთ, თამაშის დროს მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ და შესაბამისად, გულშემატკივართა მიერ შეურაცხყოფა პრობლემას არ შემიქმნის", - განაცხადა 44 წლის იტალიელმა.

დაბოლოს...
"სტოკმა" ბოლო 10 ტურიდან ერთადერთში იმარჯვა. მსგავსი სერიები გუნდებზე ყოველთვის მძიმედ აისახება. სწორედ ამ ფონზე "ბრიტანია სტედიუმს" "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრობს.

ჩემპიონატის ლიდერები წინა ტურში დერბიში დამარცხდნენ. "ეშმაკებს" წარმატება გულზე მალამოდ დაედებათ. "უილიამ ჰილი" ალექს ფერგიუსონის შეგირდების მოგებაზე 1,61 ფსონს იძლევა. ცხადია, ფავორიტად ჩვენც "იუნაიტედს" მივიჩნევთ.

პრემიერლიგა. XXXIII ტური
13 აპრილი:
არსენალი-ნორვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: პერ მერტეზაკერი (არს)
ტრავმა: ვასირიკი დიაბი, ტომაშ როსიცკი, ჯეკ უილშირი, თეო უოლკოტი - ჯონ რადი, ენდრიუ სერმანი, მარკ ბენი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +19=17-9 (79-47)

ასტონ ვილა-ფულჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: სტივ სიდუელი (ფულ)
ტრავმა: რიჩარდ დანი, კირან კლარკი, გაბრიელ აგბონლაჰორი, მარკ ოლბრაიტონი, სტილიან პეტროვი, კრის ჰერდი, გარი გარდნერი - მლადენ პეტრიჩი, მოჰამედ დიარა, ეიონგ ენო, ნილ ეტერიჯი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +16=15-12 (66-56)

ევერტონი-ქუინზ პარკი 18:00
დისკვალიფიკაცია: ბობი ზამორა (ქპრ)
ტრავმა: ტონი ჰიბერტი - ენდრიუ ჯონსონი, შონ რაიტ-ფილიპსი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +17=11-15 (64-60)

რედინგი-ლივერპული 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯიმი კებე, ჰოუპ აკპანი, ჯეისონ რობერტსი - ჯო ალენი, ფაბიო ბორინი, რაჰემ სტერლინგი, მარტინ კელი, ჯონ ფლენაგანი
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=1-6 (13-18)

საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯეი როდრიგესი, ლუკ შოუ, ჯეისონ პანჩეონი - უინსტონ რიდი, ჯორჯ მაკარტნი, ჯეიმს ტომკინსი, მარკ ნოუბლი, ჯო კოული, დენიელ პოტსი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 57 თამაში: +21=17-19 (79-75)

14 აპრილი
ნიუკასლი-სანდერლენდი 15:00
დისკვალიფიკაცია: კრეიგ გარდნერი (სანდ)
ტრავმა: ფაბრისიო კოლოჩინი, დავიდე სანტონი, რაიან ტეილორი, ჩეიკ ტიოტე, მატიო დებუში, სტივენ ტეილორი, ჰარის ვუკჩიჩი - ვეს ბრაუნი, ლი კატერმოული, დევიდ ვონი, ტიტუს ბრამბლი, სტივენ ფლეტჩერი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 113 თამაში: +44=35-34 (185-168)

სტოკ სიტი-იუნაიტედი 17:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გლენ უელანი, მარკ უილსონი, მეტიუ ეთერინგტონი - ჯონი ევანსი, კრის სმოლინგი, ნემანია ვიდიჩი, ეშლი იანგი, პოლ სქოულზი, დარენ ფლეტჩერი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 67 თამაში: +15=21-31 (71-112)

გადადებული თამაშები:
7 მაისი
უიგანი-სუონსი
სიტი-ვესტ ბრომვიჩი
ჩელსი-ტოტენჰემი

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
ბომბარდირები: 22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 17 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), მიგელ მიჩუ (სუონსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული