"წითელი ეშმაკი" დევიდ მოიესი

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "ევერტონმა" საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონში გუნდს დევიდ მოიესი აღარ უხელმძღვანელებს.

50 წლის შოტლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" ალექს ფერგიუსონს შეცვლის.

"ოთხშაბათს მწვრთნელი კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ბილ კენრაიტს პირისპირ შეხვდა. შეხვედრაზე მან პირადად განაცხადა, რომ მანჩესტერში სურდა სამუშაოდ გადასვლა.

დირექტორმა მას უღრმესი მადლობა გადაუხადა 2002 წლიდან გუნდისთვის გაწეული ამაგის გამო. მოიესი უდიდესი მწვრთნელი იყო. გუნდს დარჩენილ ორ ტურში "ვესტ ჰემსა" და "ჩელსისთან" კვლავ ის უხელმძღვანელებს. კლუბი კი დაუყოვნებლივ დაიწყებს მისი მემკვიდრის ძებნას,"
- ვკითხულობთ მერსისაიდელთა ოფიციალურ განცხადებაში.

აქვე
გეტყვით, რომ ჯერჯერობით "იუნაიტედს" ლივერპულელებისადმი ოფიციალური წერილით საკუთარი განზრახვის შესახებ არაფერი უცნობებია.

მართალია, მოიესს კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და ის თავისუფალი აგენტი ხდება, მაგრამ მსგავს ფორმას, ტრადიციულად, ყველა კლუბი იცავს და დარწმუნებულები ვართ, "იუნაიტედი" ამ საქმესაც მოაბამს თავს.

"ეშმაკების" ოფიციალურ ვებგვერდსა და "ფეისბუქის" გვერდზე ინფორმაცია მოიესის დანიშვნის შესახებ ერთდროულად უნდა გამოჩენილიყო.

როგორც ჩანს, უკანასკნელმა ცოტა იჩქარა და ინფორმაცია რამდენიმე წუთში წაშალა, თუმცა მალე ის კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამჯერად ყველაფერი სინქრონულად მოხდა. როგორც ირკვევა, მოიესმა მანკუნიანელებთან ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა. "ოლდ ტრეფორდზე" მუშაობას ის 1 ივლისიდან შეუდგება.

მოიესის პირველი პრობლემა: რუნის საკითხი
"ტელეგრაფის" ცნობით, იქამდე, ვიდრე ალექს ფერგიუსონი წასვლას გადაწყვეტდა და მით უფრო, ვიდრე მოიესის დანიშვნა გაცხადდებოდა, უეინ რუნიმ კლუბს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა, რაზეც მენეჯმენტმა კატეგორიული უარი უთხრა.

თავდამსხმელმა მწვრთნელისგან იმის გარანტია მოითხოვა, რომ მომდევნო სეზონში რეგულარულად ითამაშებდა ძირითად შემადგენლობაში.

რაკი მსგავსი პირობა ვერ მიიღო, ამან სერიოზულად გაანაწყენა. "იუნაიტედმა" პრესაში აგორებული ხმების გამო ოფიციალურად განაცხადა, რომ რუნი არ იყიდება და მსურველებს შეუძლიათ, თავი არ შეიწუხონ.

აქვე ერთი ისტორიის გახსენება შეიძლება: 2004 წელს "ევერტონიდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ რუნიმ ყოფილ მწვრთნელზე საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში არცთუ სასიამოვნო ამბები გააცნო საზოგადოებას, რის შემდეგაც შოტლანდიელ სპეციალისტს "იუნაიტედის" ფეხბურთელთან ურთიერთობა დაეძაბა.

როგორც მოიესისა და რუნის საერთო მეგობრები აცხადებენ, აღნიშნული კონფლიქტი დიდი ხანია, მოგვარებულია.

ამის დამადასტურებლად მათ მწვრთნელის შარშანდელი განცხადება მოჰყავთ, სადაც ის ამბობდა, იმედი მაქვს, რუნი ოდესმე "ევერტონში" დაბრუნდებაო.

მართალია, რუნიმ ტრანსფერზე უარი მიიღო, მაგრამ როგორც ჩანს, ის ასე იოლად დანებებას არ აპირებს. ფეხბურთელმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე პირად ინფორმაციებში წაშალა, რომ ის "იუნაიტედის" წევრია და დამსაქმებელთა შორის მხოლოდ "ნაიკი" დატოვა.

რუნი დიდ ბრიტანეთში ამერიკული კომპანიის სარეკლამო სახეა.

დოსიე
საფეხბურთო კარიერა:
სელტიკი 1980/83, კემბრიჯ იუნაიტედი 1983/85, ბრისტოლ სიტი 1985/87, შრიუსბერი თაუნი 1987/90, დანფერმლაინი 1990/93, ჰემილტონი 1993, პრესტონი 1993/99

სამწვრთნელო კარიერა:
პრესტონი 1998/2002, ევერტონი 2002/13, მანჩესტერ იუნაიტედი 2013-

მიღწევები:
შოტლანდიის ჩემპიონი 1981/82
პრემიერლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2002/03, 2004/05, 2008/09
პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი - 10-ჯერ.
ევერტონს უხელმძღვანელა 516 თამაშში - 217 მოგება, 139 ფრე, 160 წაგება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული