- კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. როგორ ბრძანდებით?
- იმდენად ბედნიერი ვარ, რომ თავის შეკავება დამჭირდა, რათა ემოციები მომეთოკა ჩემი დაბრუნების გამო, თუმცა სახეზე მაინც მეტყობა, რასაც ვგრძნობ.
- რამდენად ძნელი იყო თქვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება? როგორც წესი, მწვრთნელები არ ბრუნდებიან ხოლმე...
- მას შემდეგ, რაც ლონდონიდან წახვედით, "ჩელსი" აგრძელებდა წარმატებულ სვლას თქვენ მიერ გაკვალულ გზაზე...
- 2007 წლის სექტემბერი ჩემთვისაც და "ჩელსისთვისაც" ურთულესი პერიოდი იყო. თუკი ემოციებს განზე გადავდებთ, მას მერე ჩემი კარიერა წარმატებით განვითარდა. ძალიან მინდოდა, ერთგვარი "დიდი სლემი" შემესრულებინა, ინგლისის შემდეგ მომეგო ჩემპიონატები იტალიასა და ესპანეთში, ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთ გუნდთან ერთად მიმეღწია წარმატებისთვის და მე ამ ყველაფერს მივაღწიე.
მუშაობა სამივე ქვეყანაში მომეწონა. ვფიქრობ, რომ ჩემთვის, როგორც მწვრთნელის განვითარებისთვის, მსგავსი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. "ჩელსიმაც" დიდ წარმატებებს მიაღწია. ახლა ჩვენ ისევ ერთად ვართ და ალბათ, დიდხანს მოვახერხებთ ბედნიერად თანაარსებობას.
- რა გეგმები გაქვთ?
- გეგმა ყოველთვის ერთი და იგივეა: გუნდის განვითარება, რათა მან რეგულარულად შეძლოს უმაღლეს დონეზე თამაში. მახსოვს, 2004 წელს, როცა აშშ-ში პირველად გავემგზავრეთ, ჩვენს ღია ვარჯიშზე სულ რამდენიმე ადამიანი მოვიდა, ინგლისიდან კი ფანები არ გამოგვყოლიან. ეს რომან აბრამოვიჩის ეპოქის დასაწყისი იყო.
ამის შემდეგ ჩვენ ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ პრემიერლიგა და ხელახლა გავემგზავრეთ ამერიკაში. ვარჯიშებზე აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია დაგვხვდა. იოლი წარმოსადგენია, რა მოხდება ახლა, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, რადგან კლუბის განვითარებაში ეს უმაღლესი წერტილია. ამის შემდეგ "ჩელსი" უკვე დიდ კლუბებში შედის, აჟიოტაჟი კი მის გარშემო ყოველთვის განსაკუთრებული იქნება.
- როგორც წესი, კლუბებში თქვენ არასოდეს ატარებდით სამ წელიწადზე მეტხანს. ამჯერად ყველაფერი ბევრად უფრო ხანგრძლივი იქნება?
- იმედი მაქვს. როცა "ჩელსის" ამჟამინდელ შემადგენლობას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ის, რაზეც ოცნება შეიძლება. ჩემი დროიდან "სტემფორდ ბრიჯზე" 4-5 ფეხბურთელი კიდევ არის შემორჩენილი და გუნდისთვის ისინი ძალიან ბევრს ნიშნავენ, განსაკუთრებით, შემადგენლობის დასაბალანსებლად. ძირითადად, ახალგაზრდა, უნიჭიერესი ბიჭები არიან თავმოყრილნი და მათ სტაბილური გარემო სჭირდებათ იმისთვის, რომ კარიერაში მაქსიმუმს მიაღწიონ. ამის გარანტიის მიცემა კი მე შემიძლია.
არც მე და არც კლუბის მესაკუთრეს წამითაც კი არ გვეპარება ეჭვი იმაში, თუ საით უნდა იყოს მიმართული გუნდის განვითარების ვექტორი. დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია, ბიჭებს განვითარებაში ხელი შევუწყო. თავს მხოლოდ "ჩელსის" მწვრთნელად არ მივიჩნევ. კარიერაში პირველად ვიწყებ მუშაობას იქ, სადაც უკვე ყველაფერი მიყვარს.
როგორც წესი, ჩემი კლუბების მიმართ გრძნობები მას მერე მიჩნდებოდა ხოლმე, როცა გარკვეულ დროს დავყოფდი იქ. ახლა კი, როცა "ჩელსის" მაისურა მაცვია, უკვე ვგრძნობ მას. გამოდის, რომ ერთდროულად ამ გუნდის გულშემატკივარიც ვარ და მთავარი მწვრთნელიც. ჩემთვის ეს უცხო, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი შეგრძნებაა.
- თქვენ ერთი უპირატესობაც გაქვთ: გულშემატკივრებს უკვე უყვარხართ...
- დიახ, ეს ნამდვილად ვიცი. ისიც ვიცი, რომ აქაურ გულშემატკივრებს უყვართ ყველა, ვინც კი კლუბს თუნდაც ძალიან ცოტას, მაგრამ რაღაცას მაინც აძლევს. როცა "ჩელსის" თამაშებს ვუყურებდი, მუდმივად ვხედავდი დროგბას ბანერებს. ამ გუნდს სწორედ მსგავსი დამოკიდებულება აქცევს განსაკუთრებულად.
ვიცი, რომ ფანებს ჩემ მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ. "ჩელსის" "ინტერში" მუშაობისას დავუპირისპირდი. ჩემთვის ურთულესი მომენტი იყო, რადგან ტრიბუნებზე შეკრებილი ხალხი გრძნობდა, რომ მე ჯერ კიდევ მათიანი ვიყავი. მსგავსი გრძნობა მქონდა მეც.
ისინი, ასე თუ ისე, მიცნობენ და იციან, რომ წარმატებული წარსულის ხარჯზე არ ვაპირებ ცხოვრების აწყობას. როდესაც "ბრიჯზე" პირველად გამოვალ, ფანებმა შეიძლება ჩემი სახელის სკანდირება დაიწყონ, მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და შესაბამისად, საკუთარ თავთან ძალიან მომთხოვნი. ცხადია, დამჭირდება მათი მხარდაჭერა, რადგან თავიდან მომიწევს მუშაობის დაწყება და ახალი გუნდის მშენებლობა, თუმცა არა ისეთის, როგორიც ერთხელ უკვე მყავდა.
მინდა, გულშემატკივრებისა და ბოსისთვის გავიღო ყველაფერი, რისი გაღებაც შემიძლია და ამისთვის უნდა დავივიწყო, რომ აქ ოდესღაც უკვე ვიყავი ჩემპიონი. ძალიან მინდა, ისევ შევიგრძნო ის ზეწოლა, რასაც პირველად ვგრძნობდი.
- უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში თქვენ "ინტერში" ჰეთ თრიკი შეასრულეთ; წარმოუდგენლად ძლიერი სეზონი ჩაატარეთ "რეალში". ამბობთ, რომ მას მერე კიდევ უფრო დაღვინებული ხართ. რამდენად წინ წახვედით "ჩელსის" შემდეგ?
- მინდოდა იტალიაში საკუთარი თავის გამოცდა, რადგან ამ ქვეყანაში ფეხბურთი ყველაზე უფრო დახუნძლულია ტაქტიკით და შესაბამისად, ძალიან რთულია. მით უფრო, როცა შენ მოგებაზე თამაშობ, მაგრამ უპირისპირდები იმას, ვისაც მიზნად აქვს დასახული, რომ არ წააგოს. მივედი კლუბში, სადაც დაბნეულები იყვნენ იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მიღწევას ვერ ახერხებდნენ. ჩვენ მოვიგეთ ეს ტურნირი და პირველად იტალიური ფეხბურთის ისტორიაში, კლუბმა ჰეთ თრიკი შეასრულა. ამის შემდეგ წავედი ქვეყანაში, სადაც ფეხბურთის შეგრძნება აბსოლუტურად განსხვავებულია.
ძალიან რთული იყო თითოეული ამ ნაბიჯის გადადგმა. ვფიქრობ, როგორც მწვრთნელმა ყველაზე დიდი პროგრესი "ინტერში" განვიცადე. მადრიდში, პირველ რიგში, "დიდი სლემისთვის" წავედი და კიდევ იმის გამო, რომ "რეალმა" მესამედ შემომთავაზა მწვრთნელობა. ამჯერად უკვე მივხვდი, რომ სხვა კულტურა და სხვა გაქანების კლუბი მჭირდებოდა.
შარშანდელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ: 100 ქულა დავაგროვეთ და 121 გოლი გავიტანეთ. ამ სეზონში კი ყველა ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობდა. 1/2-ფინალში გავაღწიეთ, იმ კრიტიკულ ეტაპზე, როცა გარკვეულწილად საკუთარ თავზე გადახტომა გჭირდება კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად. "რეალმა" ეს ვერ მოახერხა. "ჩელსიში" დავბრუნდი ბევრად უფრო სტაბილური მწვრთნელი და სტაბილური პიროვნება. ვფიქრობ, რომ კარიერაში საუკეთესო პერიოდი მიდგას.
- ბოლო პერიოდში მადრიდში თქვენი ყოფნისას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ღიმილს გადაეჩვიეთ, მაგრამ ახლა ისევ ბედნიერი ჩანხართ...
- უბრალოდ ბედნიერი კი არა, ძალიან ბედნიერი ვარ. წეღანაც გითხარით, ვემზადებოდი, რომ ემოციები მაქსიმალურად შემეკავებინა, მაგრამ რაც უნდა იყოს, მე მაინც მეტისმეტად მგრძნობიარე ადამიანად ვრჩები. ვცდილობ, არ შევიმჩნიო, მაგრამ ბედნიერი და ამაყი ვარ. როცა სადღაც ბრუნდები, ამას თავისი მიზეზები უნდა ჰქონდეს.
არ არის საჭირო ამ ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც იქ კარგი შედეგები გქონდა ან იმიტომ, რომ ფანებს უყვარხარ და წასვლისას შენი სულის ნაწილი დატოვე. ჩემს დაბრუნებას წმინდა პროფესიული მიზეზების გარდა, სუბიექტურიც ჰქონდა.
- მწვრთნელები შეიცვალა ინგლისის ჩემპიონატის სამ ლიდერში...
- პრემიერლიგა მაინც პრემიერლიგად დარჩება. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ გათამაშებაში, ტურნირში, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის განვითარების საზომად მიიჩნევა, ინგლისური კლუბები დროზე ადრე ჩამოშორდნენ გათამაშებას, რის გამოც ხალხმა პრემიერლიგის დონის დაცემაზე დაიწყო ლაპარაკი, თუმცა მათი მტკიცებების პირადად მე დიდად არ მჯერა. ხანდახან ასე ხდება ხოლმე ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
მიუხედავად ყველაფრისა, მიმაჩნია, რომ ის ჯერაც ძალიან ძლიერი ტურნირია. არ ვიცი, მაგრამ მჯერა, რომ აქ 5-6 ძალიან ძლიერი გუნდი თამაშობს. წლების წინ ასე არ იყო. მაშინ ამინდს მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ქმნიდნენ. მათ მიმდევრებთან უზარმაზარი სხვაობა ჰქონდათ. ახლა გუნდებს მეტი ამბიცია გაუჩნდათ და სანამ ასე იქნება, პრემიერლიგა საინტერესო ტურნირად დარჩება.
- პრემიერლიგა თუ იქნება პრიორიტეტი?
- მთავარია, გუნდი განვავითაროთ. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ამ სიტყვაში ვგულისხმობ მილიონებს, რომელსაც შემადგენლობის გაძლიერებაში დავხარჯავთ, მაგრამ ჩემთვის ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ნაბიჯების წინ გადადგმას. ჩემი საქმეა "ჩელსის" თამაშში პროგრესის შეტანა და ფეხბურთელების პროფესიული დონის გაზრდა. თუკი ამას ვერ ვახერხებ, ესე იგი, ცუდად ვმუშაობ. ასე რომ, პრიორიტეტი გუნდის პროგრესი და განვითარებაა.
- "ჩელსიში" ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. რას ფიქრობთ ამჟამინდელი გუნდის თამაშის სტილზე?
- პირველ ეტაპზე მათთან მუშაობას უნდა შევუდგე, თუმცა დონე ნამდვილად მაკმაყოფილებს. ახალგაზრდა მოთამაშეების დონეში ვგულისხმობ მათი პოტენციური ზრდის შესაძლებლობას. კონტრაქტი ოთხი წლით გავაფორმე. აზარის, ოსკარისა და ლუისის ასაკის გათვალისწინებით, გამიმართლა, რომ მათთან მომიწევს საქმის დაჭერა. ჩემთან მუშაობა მათაც წაადგებათ. ერთად ჩვენ ნამდვილად შევძლებთ უფრო ძლიერი გუნდის აშენებას, ვიდრე ახლა გვყავს.
- რისი თქმა შეგიძლიათ ახალ სამწვრთნელო შტაბზე?
- რუი ფარია ჩემი პირველი თანაშემწეა. მას ყველაფერი უთქმელად ესმის და ჩემს სტილთანაც შეგუებულია. ის დიდი ხანია, გვერდში მიდგას, ისევე, როგორც სილვინიო. ჟოზე მორაიშმა ჩემს შტაბში გვიან დაიწყო მუშაობა. ეს "ინტერში" იყო, მას მერე, როცა ანდრე ვილაშ ბოაში პორტუგალიაში დაბრუნდა. მორაიში არის სკაუტი და ანალიტიკოსი. მას მჭიდრო თანამშრომლობა მოუწევს "ჩელსის" ანალიტიკოს ჯეიმს მელბურნთან.
ჩემი პირველი სამწვრთნელო შტაბიდან ჯერ კიდევ "ჩელსიში" არიან კრისტოფ ლოლიშონი, სტივ ჰოლანდი და კრის ჯონსი. მიხარია, რომ ისინი ჩემთან რჩებიან. დღეიდან ჩვენ უკვე ერთიანი გუნდი ვართ და ბევრს ვიშრომებთ იმისთვის, რომ ჩვენზე გაცემული ავანსი გავამართლოთ.
- დასვენება არ გჭირდებათ?
- სამწუხაროა, მაგრამ მუშაობას ხვალიდანვე უნდა შევუდგეთ. ფეხბურთელები როცა იღლებიან, მუდამ ვუმეორებ ხოლმე, რომ გამარჯვებას სასწაულები შეუძლია. როცა ზედიზედ იგებ ტიტულებს, არასოდეს დაიღლები. საქმე ბედნიერების განცდაშია. მოთამაშეებს ნამდვილად სჭირდებათ შვებულება, მე - არა. როცა საქმეს შევუდგებით, ბაზაზე ბიჭებს დახვდებათ გაჭაღარავებული ადამიანი, უზარმაზარი მოტივაციით.
- "ჩელსი" ჯერ აზიაში მიდის, მერე ამერიკაში და სეზონს ევროპის სუპერთასზე პეპ გვარდიოლას "ბაიერნთან" დაიწყებს...
- ეს მატჩი არ არის მოურინიო გვარდიოლას წინააღმდეგ, მოედანზე არც ერთი იქნება და არც მეორე; ეს არის "ჩელსი" "ბაიერნის" პირისპირ. მოედნის პირას ვიდგები, რათა ჩემს გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. ის არ მოახდენს სეზონის დანარჩენ ნაწილზე განსაკუთრებულ გავლენას.
- ცხრა წლის წინ "ჩელსის" სატელევიზიო სტუდიაში განაცხადეთ, გარანტიას იძლეოდით, რომ იმუშავებდით ხარისხიანად და ვნებით, რათა "ჩელსი" მაქსიმალურად წარმატებული ყოფილიყო. იმავეს დღესაც გაიმეორებდით?
- დიახ, სიტყვა-სიტყვით გავიმეორებდი და დავამატებდი, რომ მე დღეს ერთ-ერთი თქვენგანი ვარ. ეს კი ძალიან ბევრ რამეს ცვლის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიოს "მეორედ მოსვლა" ლონდონის "ჩელსიში"