იქამდე კი, ვიდრე სლოვაკის ბედი გაირკვევა, მან საკლუბო ვებგვერდის შეკითხვებს უპასუხა.
- მას შემდეგ, რაც "ენფილდზე" თამაშობთ, საუკეთესო ფორმაში როდის იყავით?
- ვფიქრობ, მაშინ, როცა ლიგის თასი მოვიგეთ. ჩემთვის ეს "ლივერპულში" პირველი ტიტული იყო და თანაც, ფინალში გოლი გავიტანე.
- ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო რუსეთის ჩემპიონის ტიტული.
- ჯეიმი კარაგერმა კარიერა დაასრულა. მისგან რა ისწავლეთ?
- უნდა გითხრათ, რომ ის ძალიან დამეხმარა საწყის ეტაპზე. ვარჯიში ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც ჯეიმი და სამი ჰიიპია იყვნენ, ძალიან სასარგებლო გამოდგა. მან პირადად გადაწყვიტა პენსიაზე გასვლა. მის ნებას კი ყველამ პატივი უნდა ვცეთ და ახალ ცხოვრებაში წარმატებები ვუსურვოთ.
- ბევრი სვირინგი გაქვთ. რას ნიშნავს ისინი თქვენთვის?
- ზურგზე ჩემი შვილისა და მეუღლის სახელები მაწერია, ხელზე №37 მაქვს დახატული. ასე რომ, ყოველი ტატუირება რაღაცას ნიშნავს.
- შარშან "ლივერპული"-"ბლექბერნის" შეხვედრაში გუნდს უკაპიტნეთ. როგორი შეგრძნება იყო?
- ფანტასტიკური გრძნობა იყო, რადგან სამკლავურის ტარება თითოეული ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული პატივია. მეც დიდი სიამოვნება მივიღე ამ როლით. იმედია, ოდესმე კიდევ მომეცემა ამის შანსი.
- ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც ოდესმე გითამაშიათ?
- ზინედინ ზიდანს დავასახელებდი. მე მას ერთხელ ვეთამაშე სანაკრებო შეხვედრაში. მიმაჩნია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა. მასთან დაპირისპირება ძალიან რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი იყო.
- აწ დასრულებულ სეზონში თქვენს ასპარეზობას როგორ შეაფასებდით?
- აშკარად მეტი შემეძლო. ურთულესი სეზონი იყო, მაგრამ ფეხბურთში მსგავსი რამ ხშირად ხდება ხოლმე. ჩემზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალში უფრო კარგად ვითამაშო.
- რა არის საჭირო, რომ თქვენი თამაშის ხარისხი გაუმჯობესდეს?
- 28 წლის ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ფეხბურთი მუდმივი სწავლის პროცესია. სწორედ ამას ვცდილობ ყოველდღე: გავაუმჯობესო პოზიციის შერჩევა და ბურთის ფლობის ტექნიკა.
- თქვენს კარიერაში რამეს თუ შეცვლიდით?
- არა მგონია, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი კარიერა მუდმივად ვითარდება. თამაში სლოვაკეთში დავიწყე, შემდეგ რუსეთში წავედი, ახლა ინგლისში ვარ.
- როგორ ფიქრობთ, "ლივერპულს" გარკვეული პროგრესი მაინც თუ ჰქონდა ამ სეზონში?
- დიახ, რადგან გაიზარდა იმ თამაშების რაოდენობა, რომლებშიც ჩვენი თამაშის ხარისხი მაღალი იყო, მაგრამ სამ ქულას უიღბლობის გამო ვერ ვიღებდით. ჩემპიონატის ლიდერებთან მატჩებში თუ არ ვდომინირებდით, ბურთის ფლობა თანაბარი გვქონდა. იმედია, კიდევ მოვუმატებთ და სათანადო შედეგიც მალე გვექნება.
- მართალია, რომ სლოვაკურ რეპს უსმენთ?
- დიახ, ერთ კონკრეტულ ჯგუფს ვუსმენ, რომლის წევრებსაც პირადად ვიცნობ. შვებულების დროს ვცდილობ ხოლმე, რომ მათ რომელიმე კონცერტს დავესწრო.
- ამბობენ, რომ ერთხელ "ბურგერ კინგში" მიხვედით და იქ "მაკდონალდსის" "ბიგ მაკი" მოითხოვეთ...
- არა, არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. კარგად მახსოვს, ეს ხმები როდის გავრცელდა - ზუსტად ლიგის თასის ფინალის წინ. მეც ბევრი ვიხალისე.
- რას აირჩევდით - გადამწყვეტ უხვგოლიან შეხვედრაში თქვენი დარტყმით გამარჯვებას თუ უბრალოდ, მშრალად მოგებულ თამაშს?
- მე მცველი ვარ და მეორე ვარიანტი მირჩევნია.
- თქვენი აზრით, ყველა დროის საუკეთესო მცველი ვინ არის?
- ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს ვცემდი ფაბიო კანავაროს. ჩემი ხმა მას ეკუთვნის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ლივერპული": მარტინ შკრტელი წავა, თუ ბრენდან როჯერსი დარჩება