"დეზების" ყოფილი სამეული

AutoSharing Option
თვის ბოლოს "ტოტენჰემის" შემდეგ სამ ფეხბურთელს - ჯონ ბოსტოკს (21 წლის), ვილიამ გალასსა (35) და დევიდ ბენტლის (28) დაუმთავრდა კონტრაქტი კლუბთან. "დეზებმა" სამივეს აცნობეს, რომ მათთან თანამშრომლობის გაგრძელება არ იგეგმება. ნება მოგვეცით, თითოეულ მათგანზე ორიოდე სიტყვა ვთქვათ. მაშ ასე:

ჯონ ბოსტოკი ჩრდილოლონდონელებმა 2008 წლის ზაფხულში "კრისტალ პალასიდან" გადაიბირეს. 5 წლის წინ ჯონზე წერდნენ, რომ ის ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი იყო. ბოსტოკის დებიუტი 2008 წლის 6 ნოემბერს უეფას თასზე, ზაგრების "დინამოსთან" შედგა. ის ამ დროისთვის 16 წლისა და 295 დღისა
გახლდათ. ჯონი დღემდე ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება, ვისაც ოდესმე "ტოტენჰემის" ოფიციალურ შეხვედრაში უთამაშია. სამწუხაროდ, მისი კარიერა სასურველი მიმართულებით არ განვითარდა. მან სულ 4 შეხვედრა ჩაატარა "ტოტენჰემში".

დევიდ ბენტლი 2008 წლის ზაფხულში "უაით ჰართ ლეინზე" რომ გადავიდა, უკვე ვარსკვლავის სტატუსი ჰქონდა. მთელ ინგლისს ახსოვდა 2006 წლის 1 თებერვალი, როცა ფეხმარდმა ნახევარმცველმა დრამატულ შეხვედრაში (4:3) "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჰეთ თრიკი შეასრულა. დევიდი ჯერ კიდევ "ვარდების" რიგებში თამაშობდა, როცა სვენ გორან ერიკსონმა ინგლისის ნაკრებში მიიწვია.

"დეზები" ბენტლის ტრანსფერს ამრეზით შეხვდნენ, რადგან ის "არსენალის" აკადემიის აღზრდილია. ფეხბურთელმა გულშემატკივართა შემორიგება 2008 წლის 29 ოქტომბერს "არსენალთან" ჩრდილოლონდონურ დერბიში (4:4) გატანილი ფანტასტიკური გოლით მოახერხა. პირველი ორი სეზონი ბენტლის ასე თუ ისე გამოუვიდა, მაგრამ 2010/11 წლებისთვის გუნდმა ის უკვე იჯარით გაუშვა და ასე გრძელდებოდა უკანასკნელ სეზონამდე. დევიდმა სულ ლონდონურ კლუბში 62 შეხვედრა ჩაატარა.

ვილიამ გალასი ლონდონში 2001 წლის ზაფხულში ჩავიდა და სამუდამოდ შეიყვარა ეს ქალაქი. "მარსელის" შემდეგ კარიერის გაგრძელება მას "ჩელსიმ" შესთავაზა. ვილიამმა "სტემფორდ ბრიჯი" 2006 წელს უკმაყოფილომ დატოვა, რადგან ჟოზე მოურინიო ცენტრალური მცველის გარდა, ლამის ყველგან ათამაშებდა.

კარიერა მან "არსენალში" განაგრძო, 2010-ში კი უკვე მესამე ლონდონურ კლუბში ამოჰყო თავი. უკანასკნელი სეზონი გალასის ინგლისურ კარიერაში ყველაზე სუსტი აღმოჩნდა. თანაც, "ტოტენჰემში" ახალგაზრდა, პერსპექტიული სტოპერები გამოჩნდნენ. ამ ყოველივეს გამო ანდრე ვილაშ ბოაშმა ვილიამთან თანამშრომლობა აღარ ისურვა. საერთო ჯამში, "დეზებში" გალასის ანგარიშზე 77 თამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯერმეინ დეფო: ეს "ტოტენჰემი" საუკეთესოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული