სასურველი ესპანელი "ენფილდზე" - გავიცნოთ "ლივერპულის" ახალწვეული ლუის ალბერტო

AutoSharing Option
დოსიე
სახელი: ლუის ალბერტო რომერო ალკონჩელი
დაიბადა: 1992 წლის 28 სექტემბერს სან ხოსე დელ ვალიეში
საკლუბო კარიერა: 2004/09 წლებში - "სევილიას" აკადემია; 2011 წლის აპრილი - დებიუტი პროფესიულ დონეზე; 2012/13 წლების სეზონი - "ბარსელონა B"; 2013 წლის 22 ივნისიდან - "ლივერპული"
სანაკრებო კარიერა: ესპანეთის U18 (2), U19 (9) და U21 (1)


პარასკევს, საღამოს, ლუის ალბერტო ლივერპულს ეწვია, მეორე დღესვე წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ბარსელონა B-ში" ჩატარებული უკანასკნელი სეზონის განმავლობაში მან 11 გოლი გაიტანა და 17
შედეგიანი საგოლე გადაცემა მიითვალა. სწორედ ასეთმა შთამბეჭდავმა თამაშმა გადააწყვეტინა მერსისაიდელებს მისი შეძენა.

აი, რა თქვა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა იან ეირმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე:

"ფანტასტიკური ინფორმაციაა. ლუისი ის ფეხბურთელია, ვისზეც ბრენდან როჯერსი დიდხანს ფიქრობდა. მას თვეების განმავლობაში ვაკვირდებოდით. შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებათა ურთულესი პროცესი "სევილიასთან" და ფეხბურთელის აგენტთან.

ბედნიერები ვართ, რომ ამხელა შრომა წყალში არ გვეყრება. ლუისი საინტერესო ფეხბურთელია. ის ჩვენს სატრანსფერო სამიზნეებში ერთ-ერთი პირველი იყო. იმედია, გულშემატკივრები მისი თამაშით უკმაყოფილონი არ დარჩებიან"
.

20 წლის ესპანელი ახალწვეულის გარდა, ბრენდან როჯერსმა საკლუბო ვებგვერდზე კომენტარი გუნდის სხვა ახალწვეულებზეც გააკეთა. ჩრდილოირლანდიელის ნააზრევს აქვე გთავაზობთ:

- ლუის ალბერტო, ნიჭისა და პოტენციალის გათვალისწინებით, მეორე კოუტინიოა. იანვარში, როცა ფილიპე შევიძინეთ, უკვე შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ის გამოცდილი ფეხბურთელი იყო. ესპანელი კი მას ძალიან ჰგავს. მჯერა, რომ მას უმაღლეს დონეზე შეუძლია ასპარეზობა. უახლოესი წლების განმავლობაში მისგან საგრძნობ პროგრესს ველით.

სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ალბერტოს ესმის, თუ რას ვითხოვთ ზოგადად ფეხბურთელებისგან და კარგია, რომ ის აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს.

კოლო ტურეთი ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. მართალია, ჯეიმი კარაგერის შეცვლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გუნდს ტურეს გამოცდილება და გამარჯვებულის მენტალიტეტი
მაინც წაადგება.

მას ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებს და შესაბამისად, შეუძლია ძირითადისთვის ბრძოლა. იაგო ასპასი "სელტას" ლიდერი გახლდათ. ის სწრაფი, მოძრავი და აგრესიული თავდამსხმელია. მან გუნდს დამატებითი იმპულსი უნდა მისცეს.

"ლივერპულს" ყველაზე მეტად სწორედ ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, რომელთაც ბოლომდე ბრძოლა შეუძლიათ.

პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა თავად ლუის ალბერტომაც:

- ძალიან ბედნიერი ვარ. "ლივერპული" სახელოვანი ისტორიის კლუბია. ჩემი დიდი ხნის მიზანი იყო ასეთ ადგილას მოხვედრა და რაკი ოცნება ამიხდა, მინდა, მომენტით ბოლომდე დავტკბე. აქამდე არასოდეს მსგავსი ემოცია არ მქონია.

თავდაპირველად, როცა "ლივერპულის" დაინტერესების შესახებ გავიგე, გავოცდი. მიჭირდა დაჯერება, რომ ჩემს კარიერაში შეიძლებოდა ასე სწრაფად შეცვლილიყო ყველაფერი. გადაწყვეტილება მომენტალურად მივიღე.

იმედი მაქვს, გულშემატკივართა დახმარებით კლუბს ძველ დიდებას დავუბრუნებთ
.

ალბერტოს შემდეგ მინიოლეც
"ლივერპულმა" 11 მილიონ ფუნტად "სანდერლენდთან" 24 წლის გოლკიპერის, სიმონ მინიოლეს ტრანსფერი შეათანხმა. მოლაპარაკება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მხარეებმა საერთო ენა მალე გამონახეს. სავარაუდოა, რომ ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი "მელვუდის" ბაზას რამდენიმე დღეში ეწვევა, პირადი კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ცხადია, პრემიერლიგის 2012/13 წლების სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული კარის დარაჯის გადაბირება პეპე რეინას ლივერპულურ მომავალთან დაკავშირებით შეკითხვებს ბადებს. 30 წლის ესპანელი, ალბათ, "ბარსელონაში" დაბრუნდება, სადაც ის 1999/2002 წლებში თამაშობდა. კატალონიურ გრანდს სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს, რადგან კლუბთან რეინას ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის ზაფხულში გასდის.

ერთია, რას ვარაუდობს პრესა და მეორეა "ლივერპულის" ოფიციალური პოზიცია.

"ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება. შარშანდელ სეზონში "ლივერპულის" უმთავრესი პრობლემა სწორედ საკადრო პრობლემები იყო. ცუდი არ არის, როცა აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები ძირითად გუნდში გადმოდიან, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გუნდში თითოეულ პოზიციაზე იყოს უმკაცრესი კონკურენცია.

ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია, ამით ვიამაყოთ. პეპე რეინამ დიდი ხანია იცოდა ჩემი გეგმის შესახებ, რომ მისთვის სერიოზული კონკურენტის ყიდვა მსურდა. ჩვენს რიგებში მინიოლეს გამოჩენა მისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ იქნება.

მესმის, რომ პეპე ძალიან კარგია თავის საქმეში, მაგრამ სიმონის ყოველწლიური პროგრესიც თვალშისაცემია. ის ბელგიის ახალი ფორმაციის ნაკრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც მალე ახალ ფანტასტიკურ ეპოქას დაიწყებს. ამის მიუხედავად, რეინას ავტორიტეტს კლუბში არაფერი ემუქრება",
- განაცხადა ბრენდან როჯერსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის ალბერტო: "ლივერპულში" გადასვლით ჩემი ოცნება ახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული