"მანჩესტერ იუნაიტედი": უეინ რუნი რჩება

AutoSharing Option
2012/13 წლების სეზონის მეორე ნახევარში უეინ რუნისა და სერ ალექს ფერგიუსონს შორის ურთიერთობები საკმაოდ დაიძაბა.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რა გახდა ამის მიზეზი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 27 წლის ფეხბურთელის გაღიზიანება შოტლანდიელი დამრიგებლის მიერ მისთვის პოზიციის შეცვლამ გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ რუნი მთელი წელი ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობდა, მიუხედავად ტრავმებისა, დროდადრო სათადარიგოთა სკამზე გატარებული დროისა, უეინის სტატისტიკას ცუდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. პრემიერლიგის 27 შეხვედრაში მან 12 გოლი გაიტანა და 10 პასი გააკეთა. ფერგიუსონმა ჯერ კიდევ სეზონის დასრულებამდე განაცხადა, რომ რუნიმ ტრანსფერზე
დაყენება გვთხოვაო.

თვენახევრის თავზე კი უეინი კლუბისგან ამ ინფორმაციის ოფიციალურად უარყოფას ითხოვს. სერ ალექსის განცხადების შემდეგ რუნის მსურველების რიგი დაუდგა. სავარაუდო შემძენთა შორის დასახელდნენ: "ბაიერნი", "პარი სენ-ჟერმენი", "მონაკო", "რეალი", "არსენალი".

დევიდ მოიესმა "იუნაიტედში" დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ რუნისთან პირისპირ აპირებდა შეხვედრას, თუმცა "ეშმაკების" ვარსკვლავი შვებულებაშია და მოლაპარაკება ჯერ არ შემდგარა. "იუნაიტედში" ვარსკვლავთან გამოთხოვება რომ არ სურდათ, ეს დიდი ხანია, ცნობილი იყო. ამჟამად უეინი კვირაში 250 ათას ფუნტს იღებს, ბონუსების ჩათვლით კი, თანხა 300 ათასზე ადის.

კლუბი მზადაა, ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს, რომლიც თანახმადაც, მისი ხელფასი შემცირდება, მაგრამ მას შემოსავლის ალტერნატიული წყაროები გაუჩნდება.

რუნი და მისი აგენტი კლუბის წარმომადგენლებს ივლისის პირველ რიცხვებში შეხვდებიან. თემას, დარჩება თუ არა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი "ოლდ ტრეფორდზე", კითხვის ნიშანი მხოლოდ ამის მერე თუ მოეხსნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უეინ რუნი განვლილ სეზონში საკუთარი პოზიციით უკმაყოფილო დარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული