რომან აბრამოვიჩის "ჩელსის" საუკეთესო და უცუდესი ტრანსფერები

AutoSharing Option
ივნისის ბოლოს 10 წელი გახდა მას შემდეგ, რაც რომან აბრამოვიჩმა "ჩელსი" შეიძინა. ამ მოვლენას ლონდონური კლუბის ვებგვერდზე სტატიების მთელი სერიები მოჰყვა, საიდანაც მკითხველს ყველაზე საინტერესო მასალას უახლოეს ნომრებშივე შევთავაზებთ. დეკადის შეჯამება პრესაშიც ხდება. მაგალითად, "სანმა" "ლურჯების" ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი ტრანსფერების საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა.

წარმატებული გარიგებები
5. ხუან მატა. ესპანელი "ვალენსიიდან" 23,5 მილიონ ფუნტად შეიძინეს. ის ძალიან მალე იქცა გუნდის ლიდერად. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მოგებაში მატას განსაკუთრებული ღვაწლის გადაფასება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მის წასვლაზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ,
უეჭველია, რომ ხუანმა "ჩელსის" ისტორიაში თავისი სახელი უკვე ჩაწერა.

4. ეშლი კოული. 2006 წელს "ჩელსიმ" ეშლი ვილიამ გალასში გაცვალა, რაშიც აშკარად არ შემცდარა. ყოველი ცენტი, რაც მასში იყო გადახდილი, ფეხბურთელმა ბოლომდე გაამართლა.

3. კლოდ მაკელელე. ფრანგი საყრდენი "ჩელსიში" კლაუდიო რანიერიმ მიიყვანა. მაშინ ბევრს ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ თავისი თამაშით კლოდმა ყველა გააჩუმა. სწორედ ის იქცა იმ მოთამაშედ, რომლის წყალობითაც გუნდს ევროპაშიც კი ანგარიშს უწევდნენ.

2. დიდიე დროგბა. აბრამოვიჩმა დროგბაში 24 მილიონი ფუნტი გადაიხადა. დიდიე წლების განმავლობაში ითვლებოდა ლონდონელთა სიმბოლოდ. მას გოლები გაჰქონდა ყველგან და ყოველთვის. მისი ეშინოდათ და პატივს სცემდნენ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნის" წინააღმდეგ ივუარელის ბურთი ლონდონური კარიერის პიკი იყო.

1. ჟოზე მოურინიო. რუსი ოლიგარქის საუკეთესო გარიგება არა ფეხბურთელს, არამედ მწვრთნელს უკავშირდება. სწორედ ჟოზემ ჩაუყარა საფუძველი "ჩელსის" ძლიერებას. მან შეკრა გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მის გარეშეც კი მოიგო.

ყველაზე ცუდი ტრანსფერები
5. მატეა კეჟმანი. სერბის შეძენა 5,3 მილიონი ფუნტი დაჯდა, მაგრამ მან ვერ მოახერხა "ჩელსიში" თავის გამოჩენა. კეჟმანმა სეზონში 40 თამაში ჩაატარა, მხოლოდ 5 გოლი გაიტანა და ინგლისიდან წავიდა.

4. ადრიან მუტუ. რუმინელის ტრანსფერი 15,8 მილიონი ფუნტი დაჯდა. ის რანიერის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო. ადრიანმა კარგადაც დაიწყო, მაგრამ... მის სისხლში კოკაინის კვალის აღმოჩენის შემდეგ "ჩელსიში" მისი კარიერა დასრულდა.

3. შონ რაიტ-ფილიპსი. რაიტ-ფილიპსში 21 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, მაგრამ გარემარბმა მასზე გაცემული ავანსი ვერ გაამართლა და გუნდის ღრმა რეზერვისტად იქცა.

2. ანდრეი შევჩენკო. ლონდონელებს უკრაინელი 30 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. ანდრეიმ ვერა და ვერ მოახერხა ფორმის დაბრუნება. თანაც, მან ვერ გაუძლო დროგბას კონკურენციას და მისი კარიერა ასე უსახელოდ დასრულდა.

1. ხუან სებასტიან ვერონი. 2003 წელს "სტემფორდ ბრიჯზე" მისვლისას ვერონის კარიერა უკვე დაღმავალ ხაზზე იყო. მასზე დამღუპველად იმოქმედა "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულმა ორმა წელიწადმა. არგენტინელში გადახდილი 15 მილიონი ფუნტი ჰაერში აღმოჩნდა გასროლილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: გაინტერესებთ სიმართლე შევჩენკოს ტრანსფერზე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული