ალბათ იმიტომ, რომ რობერტო მანჩინის "ინტერის" ზეობა "კალჩოპოლის" ცნობილ პროცესებს მოჰყვა; იმიტომაც, რომ "მანჩესტერ სიტიში" ფეხბურთელთა საოცარი კრებული ჰყავდა; ან, შესაძლოა იმიტომ, რომ ფაბიო კაპელოს, გუუს ჰიდინკის ან ჟოზე მოურინიოს მსგავსი მკაცრი გამოხედვა არ აქვს. ასეა თუ ისე, მანჩინის აქტივში არაერთი სკუდეტო და პრემიერლიგის ჩემპიონობაა, რაც სახუმარო ამბავი ნამდვილად არ გახლავთ. რობერტო მანჩინი იტალიური პრესის ფურცლებზე გამოჩნდა, საკუთარ თავსა და საინტერესო თემებზე ისაუბრა...
ვისვენებ და ვაანალიზებ იმ პერიოდს, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" გავატარე. ინგლისში უდიდესი გამოცდილება მივიღე, რომელიც აუცილებლად გამომადგება. ვფიქრობ, ჩემს მიერ გაწეული გარჯა არ შეფასდა სწორად. არადა, გუნდმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოიპოვა საჩემპიონო ტიტული. კარგი ფეხბურთელები ტროფეების მოგების გარანტი არაა და ეს არაერთი მაგალითით დამტკიცებულა. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო იმ გულშემატკივრებს, რომლებიც დღემდე მწერენ ინტერნეტის მეშვეობით და ჩემდამი სითბოს გამოხატავენ. მათგან დაფასებას ნამდვილად ვგრძნობ.
მოკლედ, ფეხბურთისგან არ ვისვენებ - მეტიც, კონფედერაციათა თასსა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ყურადღებით მივადევნე თვალი. ძალიან საინტერესო მატჩები ვნახეთ და ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელიც გამოჩნდა.
მომავალი
არაერთ კლუბთან მქონდა კავშირი, მაგრამ ჯერჯერობით საქმე მოლაპარაკებას არ გასცდენია. ჩემთვის მთავარი სპორტული მოტივაციაა და ამიტომ ყველა ნიუანსს ყურადღებას ვაქცევ. ვიცი, რომ ჩემი გვარი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მაგრამ არც ერთი არ გამართლდა. ერთი ხანობა, აქტიურად წერდნენ, რომ პსჟ-ს უნდა ჩავდგომოდი სათავეში, მაგრამ ამ გუნდს უკვე ლორან ბლანი ჰყავს მწვრთნელად.
ლაპარაკობდნენ "მონაკოზე", "რომაზე", მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი იყო.
როგორც აღვნიშნე, ჩემით არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. ვიტყვი იმას, რომ სერია A-ში მუშაობით ნაკლებად ვარ დაინტერესებული და მსურს, გარკვეული დროით ისევ უცხოეთში გავემგზავრო. მიზიდავს ესპანური ლა ლიგა, თუმცა არც ინგლისურ პრემიერლიგაზე ვიტყოდი უარს. ამ ქვეყნებიდან მეხმიანებიან და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
მიზნები
იტალიის და ინგლისის ჩემპიონი ვარ და მსურს, ეს სია კიდევ უფრო გავზარდო. სწორედ ამიტომ მინდა ესპანეთში ძალების მოსინჯვა, შემდეგ კი შეიძლება ბუნდესლიგის ჯერიც დადგეს. ნებისმიერი მწვრთნელის მიზანი ტიტულების მოგებაა და არც მე ვარ გამონაკლისი. შედეგები ყველაფერზე მეტყველებს და ჯერჯერობით, ამ მხრივ, საწუწუნო არაფერი მაქვს. სანაკრებო ფეხბურთი? - ჯერ ზედმეტად ენერგიული ვარ იმისთვის, რომ გუნდი მოედანზე სამ თვეში ერთხელ გავიყვანო. ალბათ დადგება დრო, როდესაც სანაკრებო ფეხბურთი მიმიზიდავს, მაგრამ როდის, ნამდვილად ვერ გეტყვით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რობერტო მანჩინი: დღემდე არ ვიცი, "მანჩესტერ სიტიდან" რატომ გამიშვეს