62,5 მილიონი უეინ რუნის სანაცვლოდ - ახლა ლონდონის "ჩელსი" გააქტიურდა

AutoSharing Option
"დეილი მეილმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელით, 27 წლის უეინ რუნით დაინტერესებულ კიდევ ერთ კლუბზე გაავრცელა ინფორმაცია.

აქამდე ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის პოტენციურ მყიდველებად მიიჩნეოდნენ "ბარსელონა", "პარი სენ-ჟერმენი" (რომელიც გასაგები მიზეზების გამო ბრძოლას ჩამოშორდა) და "არსენალი". გამოცემა ირწმუნება, ჟოზე მოურინიოს იმდენად სურს ფეხბურთელის ხელში ჩაგდება, რომ მზად არის, მას ლონდონური კლუბის ისტორიაში რეკორდული ხელფასი შესთავაზოსო.

ლაპარაკია კვირაში 240 ათას ფუნტზე, რაც წელიწადში 12,480 მილიონს უტოლდება. 5-წლიანი კონტრაქტით კი რუნი სულ 62,5 მილიონს გამოიმუშავებს.

"ოლდ ტრეფორდზე" ის 250 ათასს იღებს, მაგრამ "იუნაიტედი" ახალი ხელშეკრულებით
მას ანაზღაურების მნიშვნელოვნად დაკლებას სთავაზობს. იმისთვის, რომ "ჩელსის" მიერ შეთავაზებული ხელფასი დაიმსახუროს, ფეხბურთელმა კლუბის მენეჯმენტს პოზიცია უნდა შეაცვლევინოს და ლონდონელებთან მოლაპარაკებებზე დაითანხმოს.

"ჩელსის" დაჟინება გასაგებია, რადგან "მანჩესტერ სიტისა" არ იყოს, რადამელ ფალკაოსა და ედინსონ კავანისთვის ისიც იბრძოდა და თანაც, რაც დრო გადის, მაღალი დონის ფეხბურთელის ხელში ჩაგდების შანსები სულ უფრო მცირდება.

ფერდინანდი ურჩევს
რუნის დაუსრულებელ სატრანსფერო საგაზე კომენტარი გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რიო ფერდინანდმა. აი, რას ამბობს ის:

"ვერ წარმომიდგენია, არსებობდეს კლუბი, სადაც უეინი თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს, ვიდრე ჩვენთან. კრიშტიანო რონალდოც ძალიან დიდი ფეხბურთელია, მაგრამ განა მან იმდენი ტიტული მოიპოვა, რამდენის შანსიც ჩვენთან ექნებოდა? იმის თქმა არ მინდა, რომ პორტუგალიელი არ უნდა წასულიყო, რადგან "რეალი" მისი ოცნება იყო.

ადამიანს, ვინც "ოლდ ტრეფორდზე" იმდენი ტიტული მოიპოვა, რამდენიც უეინმა, უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს კლუბის განვითარების დინამიკა. ის საკმაოდ ჭკვიანია და გამოცდილი იმისთვის, რომ თავად განსაზღვროს, თუ სად ჯობია კარიერის გაგრძელება. თანაგუნდელების საქმე არ არის მისი განსჯა. მოვა დრო და ის ყველაფერს იტყვის. მოიესმა დამარწმუნა, რომ რუნი დარჩება, მაგრამ, მოდი, მაინც დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას
".

თუ არა რუნი...
უკვე ვწერდით, რომ "ჩელსი" რამდენიმე დღეა, სერიოზულად მუშაობს "ასტონ ვილადან" კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერზეც. თუკი დედაქალაქელებს რუნის შეძენა არ გამოუვათ, მაშინ ისინი აქცენტს სწორედ 22 წლის ბელგიელზე გადაიტანენ. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს, ბენტეკემ ბირმინგემელებს უკვე მიმართა ოფიციალური წერილით და ტრანსფერზე დაყენება ითხოვა.

კრისტიანს შვებულება 18 ივლისამდე აქვს. ასე რომ, იქამდე კონკრეტულად საკითხის გადაწყვეტას არ უნდა ველოდეთ.

"იმედგაცრუებულები ვართ, რომ ფეხბურთელმა გაშვება გვთხოვა, რადგან მიგვაჩნია, რომ ისინი, ვინც ჩვენთან კონტრაქტით არიან დაკავშირებულნი, ჩვენს მისწრაფებებს, ძლიერი გუნდის ასაშენებლად, პატივს უნდა სცემდნენ. ის ვალდებულია, კიდევ სამი წელი დარჩეს ჩვენთან, თუმცა გადაწყვეტილად ვერაფერს მოგახსენებთ," - აცხადებს პოლ ლამბერტი.

ბევრად უფრო მშრალია პრესსამსახურის მიერ გავრცელებული კლუბის ოფიციალური განცხადება: "სატრანსფერო თხოვნა ბენტეკესგან ნამდვილად მივიღეთ. საპასუხოდ მას უკვე ვაცნობეთ, რომ თუკი გარკვეულ დრომდე სოლიდურ შემოთავაზებას მივიღებთ, აუცილებლად გავეცნობით. თუმცა იქამდე მას გუნდის სრულფასოვან წევრად განვიხილავთ, ფეხბურთელად, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს 2013/14 წლების სეზონში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიოს სათადარიგო ვარიანტი - "ჩელსიმ" მზერა კრისტიან ბენტეკეს მიაპყრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული