ტალანტი შეთხელდა
დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერლიგის ხელმძღვანელმა რიჩარდ სკუდემორმა განაცხადა, რომ ინგლისის ახალგაზრდული გუნდების წარუმატებლობა (21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა მუნდიალზე) პრემიერლიგის ბრალი არ არის, თუმცა გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ იმ ინგლისელთა რაოდენობა, რომლებიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ, თანდათან მცირდება.
2012/13 წლების სეზონის შეჯამების შემდეგ "გარდიანმა" შემდეგი ციფრები მიიღო:
- პრემიერლიგის ამ სეზონში მხოლოდ 189 ინგლისელმა ფეხბურთელმა ითამაშა და აქედან 88-მ
- 189-დან 40-მა ფეხბურთელმა 5 ან ნაკლებ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
- ლა ლიგასა და ლიგა 1-ში ესპანელმა და ფრანგმა ფეხბურთელებმა ინგლისელებზე ორჯერ მეტ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
- პრემიერლიგის პირველმა ოთხეულმა ჯამში მხოლოდ 29 ინგლისელი ფეხბურთელი გამოიყენა. ყველაზე მეტმა ადგილობრივმა "ლივერპულის" და "ნორვიჩის" რიგებში ითამაშა, ყველაზე ცოტა ინგლისელი კი "უიგანს" ჰყავდა.
ისევ სკუდემორს მოვუსმინოთ:
"შარშან პრემიერლიგაში 210 ინგლისელი ფეხბურთელი თამაშობდა და აქედან 11 ისეთი მოთამაშის ამორჩევა, რომელიც ნაკრებში წარმატებით ითამაშებს, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ეს მოთამაშეები კვირაში ერთხელ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშობენ".
სამი მიზეზი
ფაქტია, რომ ინგლისელ ფეხბურთელთა უმეტესობას დიდი სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად არ აქვს და უმეტესობა მათგანი საკუთარ კლუბში მოკრძალებული როლით კმაყოფილდება. ასეთი მძიმე სიტუაციის ახსნას ქომაგები და სპეციალისტები, ძირითადად, სამი მიზეზით ცდილობენ:
1. ინგლისურ კლუბებში ძალიან ბევრი ლეგიონერია.
2. კლუბების მწვრთნელები ჟურნალისტებისა და მფლობელებისგან დიდ ზეწოლას განიცდიან, მათ წარმატებას უმალვე სთხოვენ, რის გამოც მწვრთნელებს არ აქვთ იმის დრო, რომ აკადემიაში გაზრდილი ფეხბურთელის ჩამოყალიბებას ელოდონ.
3. ინგლისში ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობაა.
მესამე მოსაზრებას ეთანხმება "ასტონ ვილას" აკადემიის დირექტორი ბრაიან ჯოუნსი: "მაღალი დონის ახალგაზრდა ფეხბურთელები აღარ გვყავს და ამას 20-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებთა შედეგიც ადასტურებს. სკუდემორმა თქვა, რომ კლუბების აკადემიებში ბევრი ფეხბურთელია, მაგრამ რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს. ახალგაზრდა მოთამაშეთა რაოდენობა კი გაიზარდა, მაგრამ მათი 50 პროცენტი მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს".
დასრულებულ სეზონში საკუთარი აკადემიის მიერ აღზრდილი ყველაზე მეტი ფეხბურთელი "ასტონ ვილას", "ტოტენჰემს" და "ვესტ ჰემს" ჰყავდათ, თუმცა კლუბების უმეტესობა ამ მხრივ არ გამოირჩეოდა. ჯოუნსის აზრით, მთავარი ცვლილებები 21-წლამდელთა ლიგებს უნდა შეეხოს, რადგან მათი დონე კრიტიკას ვეღარ უძლებს - ახალგაზრდულ ჩემპიონატსა და პრემიერლიგას შორის იმხელა სხვაობაა, რომ ფეხბურთელებს გადაწყობა და უმაღლესი ლიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირთ.
ფარმკლუბების აუცილებლობა
ჯოუნსის აზრით, ერთ-ერთი გამოსავალი ფარმკლუბების გაჩენა უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ახალგაზრდა ფეხბურთელები ადრეულ ასაკში შეიძენენ პროფესიონალების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილებას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2012/13 წლების სეზონში, პრემიერლიგაში 189 ინგლისელმა ითამაშა (და არა 210-მა, როგორც სკუდემორმა განაცხადა). ამ ფეხბურთელებმა ჯამში 3 411 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. წამყვან ჩემპიონატებთან სხვაობა აქაც თვალსაჩინოა: ლა ლიგა - 332 ესპანელი, 6 391 თამაში; ლიგა 1 - 320 ფრანგი, 6 274 თამაში; სერია A - 269 იტალიელი, 5 070 თამაში; გერმანია - 224 გერმანელი, 4 035 თამაში.
ყველაზე ახლოს ინგლისთან ბუნდესლიგაა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩამოთვლილ ჩემპიონატებს შორის გერმანია არის ერთადერთი, სადაც უმაღლეს ლიგაში 18 კლუბი მონაწილეობს და შესაბამისად, ნაკლებია როგორც კლუბების, ასევე თამაშების რაოდენობაც.
დიდი სხვაობაა წამყვანი გუნდების მხრივაც. "მანჩესტერ იუნაიტედის", "მანჩესტერ სიტის", "ჩელსის" და "არსენალის" რიგებში მხოლოდ 29 ინგლისელმა ფეხბურთელმა ითამაშა, იმ დროს, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატის ოთხეულში 60 ესპანელი ფეხბურთელი იყო დასაქმებული, გერმანიაში - 52, საფრანგეთში - 70, ხოლო იტალიაში - 52.
კომპენსაციები
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ინგლისს აწუხებს, კომპენსაციების გაუმართავი სისტემა გახლავთ. ახალი წესების მიხედვით, "ასტონ ვილამ" ინგლისის 15-წლამდელთა ნაკრების წევრის, დენ კროულის აღზრდისთვის მხოლოდ 209 000 ფუნტი მიიღო, თინეიჯერი ფეხბურთელი კი "არსენალში" გადავიდა.
"პრემიერლიგის ხელმძღვანელები ძალიან ცდებიან, თუ თვლიან, რომ ჩვენ ინგლისელ მოთამაშეებს 16 წლამდე იმისთვის გავზრდით, რომ შემდეგ ისინი იაფად დავკარგოთ. თუ სიტუაცია არ შეიცვალა, "ასტონ ვილა" ყურადღებას ევროპისკენ გადაიტანს და ახალგაზრდა მოთამაშეებს იქ შეარჩევს. ამის შესახებ მწვრთნელთან და დირექტორთა საბჭოსთან უკვე ვისაუბრეთ. ჩემი საქმე ტალანტების "ასტონ ვილასთვის" და არა "არსენალისთვის" აღზრდაა. რა აზრი აქვს ფეხბურთელის 8-9 წლის განმავლობაში გაზრდას, თუ შემდეგ ის იაფად, სასაცილო ფასად უნდა დაკარგო?!
მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთამაშეების აღზრდაზე არავინ იფიქრებს," - განაცხადა ბრაიან ჯოუნსმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"