"ჩელსი": ჟოზე მოურინიო ღირსეულ თამაშს ითხოვს

AutoSharing Option
17 ივლისს ჟოზე მოურინიოს "ჩელსის" პირველი თამაში აქვს დაგეგმილი აზიურ ტურნეში.

ლონდონელები ტაილანდის ჩემპიონატის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, გუნდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "მანჩესტერ იუნაიტედი" 1:0 დაამარცხა.

პორტუგალიელის შეგირდებმა შეკრების პირველი ოთხი დღე ლონდონში, "კობემის" ბაზაზე გაატარეს, რის შემდეგაც ტაილანდში გაფრინდნენ. აზიაში ჩასვლის შემდეგ გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობს. ორშაბათს გუნდის თავკაცმა მზადების პირველი ეტაპი შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გუნდით კმაყოფილია.

- კვირის განმავლობაში 14 ვარჯიში გავმართეთ, რომელიც, საერთო ჯამში, 21 საათი გაგრძელდა. წვრთნები საკმაოდ ინტენსიური გახლდათ. ბიჭები დაღლილები არიან, მაგრამ
სანერვიულო არაფერია, თუკი პროცესის მნიშვნელობას კარგად გავიაზრებთ. პირიქით, ეს ნორმალურიც არის. ერთი კვირის შემდეგ ფეხბურთელების ორგანიზმი პირველი შოკიდან გამოვა, დაღლილობა გაივლის და შეგრძნებებიც უკეთესი გახდება.

პირველი საწვრთნელი ეტაპის შემდეგ მოკვდავთა შორის ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი შეგირდები, უბრალოდ, საუკეთესოები არიან. ისინი ყოველდღე მიმტკიცებენ, რამდენად დიდი სურვილი აქვთ თამაშის. ჩემი გამოცდილება კი მეუბნება, რომ მთავარი სწორედ მოტივაციაა.

როცა მათ რაღაც ძალიან უნდათ, ისინი ამას შეძლებენ. მათი შემხედვარე მეც ვიჯერებ, რომ ყველაფრის მიღწევა ძალუძთ.

ჩემი ასისტენტი ჟოზე მორაიში პირადად დაესწრო ტაილანდელი ვარსკვლავებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრას და თავად დარწმუნდა, თუ რამდენად სახიფათო მეტოქესთან გვაქვს საქმე. "ჩელსი" ამისთვის მზად უნდა იყოს.

მასპინძელთა გუნდში მხოლოდ ადგილობრივი კი არა, უცხოელი ფეხბურთელებიც არიან, რომელთაც ურთულესი სქემებით თამაში შეუძლიათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შაბათს "იუნაიტედთან" მინდორზე საუკეთესო შემადგენლობა არ გასულა. მაგალითად, არ უთამაშია ლიგის საუკეთესო ბომბარდირს, ბრაზილიელ კლეიტონ სილვას.

მეტოქისგან განსხვავებით, ერთ კონკრეტულ მატჩზე კონცენტრაციას ვერ გავაკეთებთ. ჩვენთვის ეს შეხვედრა მთელი სეზონისთვის მზადების მხოლოდ ნაწილია. გუნდი შორს არის იდეალური ფორმისგან, თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან არ მიყვარს წაგება, ჩემს ფეხბურთელებს ჩემზე მეტად არ უყვართ. ასე რომ, შედეგის მისაღებად ყველაფერს გავაკეთებთ.

თუნდაც დავმარცხდეთ, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მოგება კი კარგი იქნება, რადგან ეს ერთგვარად კლუბური კულტურის შემადგენელი ნაწილია. თავის გამოჩენის შანსს ფეხბურთელთა მაქსიმალურ რაოდენობას მივცემ. მართალია, ისინი აქამდე დღეში 3 საათს ვარჯიშობდნენ, მაგრამ 45 წუთისთვის ძალა ყველას უნდა ეყოს. გუნდისგან ღირსეულ ასპარეზობას ვითხოვ
.

მოგვიანებით სპორტულ ვებგვერდებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტაილანდელებთან შეხვედრისთვის "განსაკუთრებულმა კაცმა" ძირითადი შემადგენლობა წინდაწინ დაასახელა: ჩეხი, უოლასი, კალასი, ტერი, კოული, ლემპარდი, ესიენი, პიაზონი, დე ბრუინი, შიურლე, ლუკაკუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ლონდონის "ჩელსის" გაძლიერებას 31 აგვისტომდე განვაგრძობთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული