გადავხედოთ პრემიერლიგის ოცივე მონაწილეს და ვნახოთ, რომელ ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს პირველ გუნდში დამკვიდრების შანსი...
არსენალი
სერჟ გნაბრი
ასაკი: 18, პოზიცია: ნახევარმცველი/გარემარბი
შარშანდელ სეზონში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული გააგრძელებდა თუ არა კლუბთან კონტრაქტს თეო უოლკოტი, ბევრი სპეციალისტი არსენ ვენგერს აქცენტის სერჟ გნაბრიზე გაკეთებას
ასტონ ვილა
სამირ კარუთერსი
ასაკი: 20, პოზიცია: გარემარბი
"ასტონ ვილას" ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი, რომელმაც დასრულებულ სეზონში NextGen Series მოიგო. საერთაშორისო ტურნირზე შთამბეჭდავი გამოსვლის გამო, ირლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრმა "ასტონ ვილასგან" 2-წლიანი კონტრაქტი დაიმსახურა. ბირმინგემული გუნდის ძირითადში შესაძლოა მოხვდნენ მისი სხვა ახალგაზრდა თანამემამულეები, გრემ ბურკი და მაიკლ დრენანი, რომელთაც ახალგაზრდული გუნდის წარმატებაში არანაკლები წვლილი მიუძღვით.
კარდიფი
კადიმ ჰარისი
ასაკი: 20, პოზიცია: ნახევარმცველი
სწრაფი და ტექნიკური - ჰარისი უნიჭიერესი ფეხბუთელია, რომელსაც თამაში ორივე ფლანგზე და მოედნის ცენტრშიც შეუძლია. მართალია, მას "კარდიფის" ძირითად გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშე იმედოვნებს, რომ თავის გამოჩენის შანსი წელს მიეცემა. ჰარისი "უიკომბის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია - კადიმს დებიუტი 16 წლის და 201 დღის ასაკში ჰქონდა.
ჩელსი
ბერტრან ტრაორე
ასაკი: 17, პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
ბურკინაფასოელი შემტევი ნახევარმცველი მხოლოდ 17 წლის გახლავთ და ბრიტანეთში სტუდენტური ვიზით იმყოფება. ამის გამო, ის ოფიციალურად "ჩელსის" ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ ტრაორემ აზიაში მომდინარე მოსამზადებელ ეტაპზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ორი გოლიც გაიტანა. ჟოზე მოურინიო მოუთმენლად ელის სექტემბერს, როდესაც ბერტრანი 18 წლის გახდება და "ჩელსის" მისი ოფიციალურად გაფორმების საშუალება ექნება.
კრისტალ პალასი
რის ალასანი
ასაკი: 17, პოზიცია: ფორვარდი
17 წლის ფორვარდმა, რომელიც ორივე ფეხს თანაბრად კარგად ხმარობს, "კრისტალ პალასის" 21-წლამდელთა გუნდში თავი სწრაფად დაიმკვიდრა და გარდა ამისა, ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებშიც მოასწრო თამაში, სადაც დებიუტი შედეგიანი ჰქონდა - ალასანიმ უელსის ნაკრების კარი დალაშქრა. მისი შეძენა "ტოტენჰემს" და "სელტიკს" სურდათ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა "კრისტალ პალასში" დარჩენა ამჯობინა.
ევერტონი
ჯონ ლუნდსტრამი
ასაკი: 19, პოზიცია: ნახევარმცველი
თუ წელს "ევერტონში" როს ბარკლის გაბრწყინებას ელიან, მალე დადგება ის დღე, როდესაც ძირითადი გუნდის კანდიდატი ჯონ ლუნდსტრამი გახდება. 19 წლის ნახევარმცველმა ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში მოასწრო თამაში და უკვე სამ დიდ ტურნირზე იასპარეზა. ლუნდსტრამი ძლიერია ართმევაში და კარგი პირველი პასი აქვს.
ფულჰემი
ნოე ბაბა
ასაკი: 16, პოზიცია: მცველი
"ფულჰემმა" ახალგაზრდა ბაბასთვის ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა და ნიჭიერი მცველი, რომელიც კამერუნში დაიბადა, მაგრამ შოტლანდიაში 10 წლის ასაკში გადავიდა, ლონდონში ჩაიყვანა. ბაბა ირლანდიის 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერია. საინტერესოა, რომ ირლანდიაში ჩასვლის შემდეგ, ფეხბურთელი თავდამსხმელად თამაშობდა, რადგან ინგლისური არ იცოდა და მწვრთნელს დაცვაში დაყენებას ვერ თხოვდა.
ჰალი
მაქს კლარკი
ასაკი: 17, პოზიცია: მარცხენა მცველი
ინგლისის ასაკობრივი ნაკრების და "ჰალის" 18-წლამდელთა გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი. კლარკს მარცხენა ფლანგზე ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ინგლისის ახალაზრდული ნაკრების ხელმძღვანელთა ყურადღება კლარკმა ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში მიიქცია.
ლივერპული
ჯორდან როსიტერი
ასაკი: 16, პოზიცია: ნახევარმცველი
როდესაც როსიტერს NextGen Series-ში დებიუტი ჰქონდა, რობი ფაულერმა ტვიტერზე დაწერა: "შესაძლოა ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ეს ბიჭი ახალგაზრდა სტივენ ჯერარდივით თამაშობს". როსიტერზე "ლივერპულის" აკადემიაში დიდ იმედებს ამყარებენ. აგრესიული ნახევარმცველი ყოველთვის წინ იყურება და პასის გაკეთების თუ კარში დარტყმის შანსს ხელიდან არ უშვებს.
მანჩესტერ სიტი
ხოსე ანხელ პოსო
ასაკი: 17, პოზიცია: ფორვარდი
"მანჩესტერ სიტიმ" ნიჭიერი ესპანელი ფორვარდი მადრიდის "რეალიდან" წამოიყვანა, სადაც მას თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონდა. პოსომ NextGen Series-ში 5 გოლი გაიტანა.
მანჩესტერ იუნაიტედი
ადნან იანუზაი
ასაკი: 18, პოზიცია: ფორვარდი
ახალგაზრდა ბელგიელმა თავი "იუნაიტედის" აზიურ ტურნეში გამოიჩინა. იანუზაი იმედოვნებს, რომ დევიდ მოიესის ხელში სათამაშო დრო სეზონის დაწყების შემდეგაც ექნება. მისი შეძენა "ბარსელონას" და "იუვენტუსს" სურთ, მაგრამ ეჭვი გვაქვს, "წითელი ეშმაკები" ადნანს არსად გაუშვებენ.
ნიუკასლი
ადამ კემპბელი
ასაკი: 18, პოზიცია: გარემარბი/ფორვარდი
ცნობილი "უოლსენდ ბოის კლაბის" აღზრდილი ფეხბურთელი, რომელმაც წინა სეზონში "ნიუკასლის" რიგებში რამდენიმე თამაში ჩაატარა. გარეგნულად კემპბელი პოლ სქოულზს ჰგავს, მაგრამ თამაშის მანერით ის უფრო უეინ რუნის მოგაგონებთ. ადამი "ნიუკასლის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროთასებზე ითამაშა, როდესაც 2012 წლის აგვისტოში, "ატრომიტოსთან" ცვლილებაზე გამოვიდა.
ნორვიჩი
ჯოშუა და ჯეიკობ მერფი
ასაკი: 18, პოზიცია: გარემარბი
ტყუპმა ძმებმა შარშანდელ სეზონში "ნორვიჩს" ინგლისის ახალგაზრდული თასი მოაგებინეს. ძმები ფლანგებზე თამაშობენ და გარდა იმისა, რომ ერთმანეთს თვალდახუჭულნი უგებენ, ინდივიდუალურადაც ძალიან ძლიერები არიან. მოსამზადებელ ეტაპზე ორივემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა - ჯოშ მერფიმ აშშ ტურნეში გაიტანა, ჯეიკობ მერფიმ კი ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაში პოკერი შეასრულა.
საუთჰემპტონი
კალუმ ჩემბერსი
ასაკი: 18, პოზიცია: მარჯვენა მცველი
18 წლის ფეხბურთელი პირველ გუნდში სეზონის დაწყების წინ დააწინაურეს. ჩემბერსმა კონკურენცია ნათანიელ კლაინს უნდა გაუწიოს, მაგრამ გარდა ამისა, მას თამაში ნახევარდაცვაშიც შეუძლია. ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრებში კალუმმა შარშან ორი გოლი გაიტანა, როდესაც ჯერ ფარერების, შემდეგ კი თურქეთის კარი დალაშქრა. თამაშის მანერით, ყველაზე მეტად კაილ უოკერს წააგავს.
სტოკი
ალექს გრანტი
ასაკი: 19, პოზიცია: მცველი
ნიჭიერი მცველი "სტოკმა" ამ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, "პორტსმუთმა" ახალგაზრდა მოთამაშე გუნდიდან უსასყიდლოდ გაუშვა. გრანტს მხოლოდ კონფერენს ლიგის გუნდებში აქვს ნათამაშები, სადაც "პორტსმუთიდან" განათხოვრებული იყო. მარკ ჰიუზი მასზე დიდ იმედებს ამყარებს და არ გამოვრიცხოთ, რომ სეზონის დაწყებისთანავე "სტოკის" პირველ გუნდში ვიხილოთ. ალექს გრანტი მანჩესტერშია დაბადებული, თუმცა ის ავსტრალიის მოქალაქეც გახლავთ, რადგან მისი მშობლები სწორედ იქ ცხოვრობენ და ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატიც არის.
სანდერლენდი
მიკაელ მანდრონი
ასაკი: 18, პოზიცია: ფორვარდი
საფრანგეთში დაბადებული შოტლანდიელი ფეხბურთელი, რომელსაც თამაში ინგლისის ნაკრებშიც შეუძლია. მანდრონი "სანდერლენდმა" "ბულონიდან" შეიძინა და დასრულებულ სეზონში, ტანმაღალი ფორვარდი პრემიერლიგის მატჩებშიც ვიხილეთ - პაოლო დი კანიომ ახალგაზრდა მოთამაშე "ასტონ ვილასთან" და "ტოტენჰემთან" ცვლილებაზე ათამაშა.
სუონსი
რორი დონელი
ასაკი: 21, პოზიცია: ფორვარდი
რორი დონელი "სუონსიში" ბრენდან როჯერსმა მიიყვანა, თუმცა ჯერჯერობით მას პირველ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონია. წესით, ამ სეზონში შანსი უნდა მიიღოს, განსაკუთრებით ლიგის და ასოციაციის თასებზე, რადგან დონელიმ მოსამზადებელ ეტაპზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩრდილო ირლანდიელი ფეხბურთელი "კლიფტონვილში" საკმაოდ შედეგიანი იყო (20 გოლი, 49 თამაშში) და მისი შეძენა ორივე მერსისაიდულ კლუბს, "ევერტონს" და "ლივერპულს" სურდა, თუმცა ყველას როჯერსმა დაასწრო და დონელი უელსურ კლუბში მიიყვანა.
ტოტენჰემი
კენი მაკევოი
ასაკი: 18, პოზიცია: მარჯვენა გარემარბი
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ხუმრობა, რომ "ტოტენჰემმა" მადრიდის "რეალის" შეთავაზება უნდა მიიღოს, გარეთ ბეილი გაყიდოს, მაგრამ მის ნაცვლად ესპანეთში მაკევოი გაუშვას. ახალგაზრდა ფეხბურთელი ბეილს გარეგნობით მართლაც ჰგავს, თუმცა მან ყურადღება მხოლოდ ამის გამო როდი მიიქცია. მაკევოი საკმაოდ სწრაფი და ტექნიკურია, თუმცა სპეციალისტების აზრით, ხშირად გუნდისთვის საზიანო გადაწყვეტილებას იღებს და ამ კომპონენტში უნდა მოუმატოს.
ვესტ ბრომვიჩი
ჯორჯ მონკური
ასაკი: 17, პოზიცია: ცენტრალური მცველი
კალუმ ჯოუნსი პირველ გუნდში წინა სეზონის ბოლოსკენ გადაიყვანეს. სტივენ კლარკი ახალგაზრდა ფეხბურთელს ენდობა და მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში მას დებიუტიც ექნება. ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, "ვესტ ბრომვიჩის" 21-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
ვესტ ჰემი
ჯორჯ მონკური
ასაკი: 19, პოზიცია: ნახევარმცველი
"აპტონ პარკის" ლეგენდა, ჯონ მონკურის შვილი, ჯორჯ მონკური წელს პირველ გუნდში დამკვიდრებას ეცდება. შარშან, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ლიგის თასზე ითამაშა, მარტში კი ლონდონურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მონკური ერთი წლით ადრე "უიმბლდონში" იყო განათხოვრებული, სადაც დიდი გამოცდილება მიიღო. 19 წლის ნახევარმცველი ინგლისის 18-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლდათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისური ფეხბურთის პრობლემა: ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობა