33 წლის ფეხბურთელმა მერსისაიდელთა ყველა ასაკობრივი გუნდის საფეხური გაიარა. 1998-დან კი მას უკვე პროფესიული კონტრაქტი აკავშირებს მშობლიურ კლუბთან. მას შემდეგ გუნდის კაპიტანმა წითელი მაისურა 588 შეხვედრაში მოირგო. ასეთი ერთგულება გუნდის მიმართ იშვიათია. "ლივერპულმა" სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჯერ კიდევ აპრილში, რომ სტივის საპატივცემულოდ ამხანაგური მატჩი დაეგეგმა მოსამზადებელ ეტაპზე. და აი, 3 აგვისტოს "ენფილდს" საბერძნეთის ჩემპიონი "ოლიმპიაკოსი" ეწვია.
საკონტროლო შეხვედრის პერიპეტიებზე ლაპარაკი ზედმეტად მიგვაჩნია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ბრენდან როჯერსის გუნდმა
იშვიათი გამონაკლისების გარდა სტუმარი სიმონ მინიოლეს კართან მიახლოებას ვერც კი ახერხებდა. მასპინძლები 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდნენ მოვლენებს. განსაკუთრებით ეფექტური იყო შუა ხაზი. ჯო ალენი გოლამდეც და მას მერეც დაუღალავად დარბოდა. ასწრებდა შავი საქმის შესრულებას როგორც ცენტრში, ისე მარცხენა ფლანგზე. აქტიურები იყვნენ კოუტინიო და რაჰემ სტერლინგიც. თამამად შეიძლება თქმა, რომ ასეთი გარჯით გულშემატკივართა გულებს მალე დაიპყრობს იაგო ასპასი. ესპანელმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულა.
დაბოლოს, გეტყვით, რომ 62-ე და 73-ე წუთებზე ტრიბუნები განსაკუთრებულად ახმაურდნენ, როცა მოედანზე ჯეიმი კარაგერი და რობი ფაულერი გამოვიდნენ. უკანასკნელს ჯერარდის ჩაწოდების შემდეგ გატანაც შეეძლო. ბოლო წუთებზე "ზედმეტად ამხანაგური ხასიათის" გამო მატჩის შემდეგ შეფასებებს და დასკვნებს მწვრთნელები მოერიდნენ. ჩვენც "ლივერპულზე" წერას სხვა თემით განვაგრძობთ.
სუარესისა და ბეილის ტოლობა
ფეხბურთის გულშემატკივარს "რეალსა" და "ტოტენჰემს" შორის გარეთ ბეილის ტრანსფერზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ მოეხსენება. ამბობენ, რომ სამეფო კლუბი მზად არის, 23 წლის უელსელში 100 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ბრენდან როჯერსის აზრით, ლუის სუარესი არ უნდა ღირდეს იმაზე ნაკლები ვიდრე ბეილი და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად არაადეკვატურია "არსენალის" 40-მილიონიანი შეთავაზება. აი, რა თქვა "ლივერპულის" დამრიგებელმა:
"ფეხბურთში ყველას აქვს თავისი ფასი. კლუბის მეპატრონეებთან პირადად ვილაპარაკე ამ თემაზე. ჩვენ ერთ აზრზე ვართ. ბეილი ცხრანიშნა რიცხვად არის შეფასებული. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სუარესი და ბეილი შარშან პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოდნენ, როგორ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ გარეთი ლუისზე ორჯერ და მეტად ძვირია? ურუგვაელის ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი არაფერია. მიუხედავად მთელი რიგი სპეკულაციებისა, რეალობა ასეთია: "არსენალისგან" ორჯერ მივიღეთ წინადადება, თუმცა არც ერთი მათგანში არ იყო მითითებული ადეკვატური საკომპენსაციო თანხა".
ჩრდილოირლანდიელის პოზიციამ "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი აშკარად გააღიზიანა. ფრანგის პასუხს აქვე გთავაზობთ: "არ მესმის მსგავსი ლოგიკის. ძალიან არ მინდოდა სატრანსფერო საქმეებზე ხმამაღლა ლაპარაკი, რადგან ეს არ არის თემა, რომელიც პრესკონფერენციებზე უნდა განიხილო. სამომავლოდაც ყოველ მოლაპარაკებას ისე წარვმართავთ, როგორც აქამდე ვიყავით ჩვეულნი. მეორე მხარეს ყოველთვის სამართლიანად და პატივისცემით მოვექცევით. თუკი სხვებისთვის სხვა წესები მოქმედებს, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა.
"არსენალი" არასოდეს გადაუხვევს საკუთარ ღირებულებებს, ანუ პროცესის დასრულებამდე კონკრეტულ სახელებს არ დაასახელებს და არც დეტალებზე ილაპარაკებს. რაც შეეხება ფეხბურთელების ფასებს. თავადაც კარგად ვერკვევი ბაზრის პრინციპებში და სხვების მითითება არ მჭირდება. ზღაპრებისა და ხმამაღალი განცხადებების სმენას ამ თემაზე არ ვარ მიჩვეული. ვადასტურებ, რომ "არსენალმა" "ლივერპულს" კონკრეტული თანხა შესთავაზა. დანარჩენს კი, თქვენი ნებართვით, საიდუმლოდ შევინახავ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. ტრანსფერები: სეზონის დაწყებამდე ნახევარი თვით ადრე