ინგლისის ნაკრები: ჯეკ უილშირი გუნდშია

AutoSharing Option
ჯეკ უილშირის უიღბლობა და ტრავმები ცნობილი თემაა. ეჭვი გაქვს, რომ 21 წლის ასაკში ამდენი ოპერაციით, ლაზარეთში გატარებული ამდენი დროით ბევრი ვერ "დაიკვეხნის".

"არსენალის" ლიდერმა ზაფხულში უმნიშვნელო ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გაუცდა. ცენტრალური ნახევარმცველი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს. როი ჰოჯსონმა ის შოტლანდიასთან ამხანაგური შეხვედრისთვის შეკრებაზე მიიწვია, იქამდე კი არსენ ვენგერთან გაიარა კონსულტაცია და აღუთქვა, რომ ჯეკს შეკრებაზე მაქსიმალურად გაუფრთხილდება.

"მანჩესტერ სიტისთან" საკონტროლო მატჩამდე გადავწყვიტე, რომ უილშირს მხოლოდ 45 წუთს მივცემდი სათამაშოდ. მიხარია, რომ მას ახლა ნაკრებში მიეცემა
თავის გამოჩენის საშუალება, რადგან ფორმაში შესასვლელად რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ჯეკი შოტლანდიელებთან ითამაშებს. ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში ჩვენი ნებართვის შემდეგ გაემგზავრა," -
განაცხადა არსენ ვენგერმა.

"მიხარია, რომ უილშირი ჩვენთან არის. ყველას გვესმის, რომ მას ამ ეტაპზე 90 წუთის გაძლება არ შეუძლია. ვენგერმა ისიც იცის, რომ ჩვენ არავისზე ნაკლებად არ ვზრუნავთ თითოეული ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე. სეზონის დასაწყისია და მხოლოდ ერთეულები არიან ისეთ კონდიციებში, რომ თავიდან ბოლომდე ითამაშონ. ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებას პირადად მე ვიღებ, თუმცა პრემიერლიგაში მომუშავე მწვრთნელებთან ურთიერთობა ყოველთვის სასარგებლოა," - დაამატა როი ჰოჯსონმა.

დაბოლოს, გეტყვით, რომ თავდაპირველი სიიდან როი ჰოჯსონს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ეშლი იანგზე მოუწევს უარის თქმა. 28 წლის გარემარბმა დღემდე ვერ მოახერხა აპრილში ტრავმირებული ფეხის მოშუშება. "იუნაიტედისა" და ნაკრების ექიმები რისკზე წასვლას არ გეგმავენ. ასე რომ, გუნდის განაცხადიდან მისი სახელი უკვე ამოვარდა.

როი ჰოჯსონი: უეინ რუნის გონება სრულ წესრიგშია
როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ 27 წლის უეინ რუნი ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, იმის მიუხედავად, რომ მისი სავარაუდო ტრანსფერის გამო კლუბში დაძაბული სიტუაცია აქვს.

შეგახსენებთ, რომ უეინს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" აბარგება და ლონდონის "ჩელსიში" გადასვლა სურს. ოფიციალური მიზეზით მას ტრავმა აქვს. ამიტომ არ თამაშობს კლუბში, მაგრამ ამავე დროს, "ტრავმირებული" რუნი ნაკრებშია და შოტლანდიასთან მატჩისთვის ემზადება.

"მისი გონება სრულ წესრიგშია, მას ძალიან კარგად შეუძლია კლუბის პრობლემების დავიწყება, როცა ნაკრებში გამოდის.

მე ამას ნებისმიერ ფეხბურთელს ვთხოვ. ყოველთვის ველი, რომ ჩემ მიერ გამოძახებული ფეხბურთელები მუდმივად მხოლოდ სანაკრებო ბატალიებზე ფიქრობენ. ფიზიკურად ის კარგადაა და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ამას შოტლანდიასთან მატჩში დაამტკიცებს"
, - განაცხადა როი ჰოჯსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როი ჰოჯსონი: უეინ რუნის გონება სრულ წესრიგშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული