ინგლისი. პრემიერლიგა. II ტურის შეჯამება და სიმბოლური: დიდი თამაში სანახაობის გარეშე

AutoSharing Option
"იუნაიტედისა" და "ჩელსის" თამაშზე რამდენიმე თემა გვინდა ცალკე გამოვყოთ და ჩვენი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

უპირველესად, მთავარ მსაჯზე, 42 წლის მარტინ ატკინსონზე ვთქვათ. არბიტრმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, ალოგიკური გვგონია, როცა მან ოსკარის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის დაუსჯელი დატოვა ანტონიო ვალენსია, რამდენიმე წუთში კი კევინ დე ბრუინს რობინ ვან პერსის შეტევის ჩაშლისთვის უჩვენა ყვითელი ბარათი.

გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა რეაქცია მსაჯს მეტოქის საჯარიმოში ეშლი კოულის აშკარა სიმულაციაზე.

სალაპარაკოდაც კი არ ღირს კუთხურები, ატ
კინსონმა და მისმა ასისტენტებმა რომ ვერ დაინახეს. აი, დაუნიშნავი თერთმეტმეტრიანი კი ყოველთვის ხდება ხოლმე განსჯის საგანი.

ძალიან რთული გვგონია, ტომ კლევერლის დარტყმის შემდეგ ფრენკ ლემპარდის ხელით თამაშში წესების დარღვევა ვერ დაინახო. 34 წლის ვეტერანის მარცხენა ხელზე მოხვედრის შემდეგ ბურთმა არათუ მიმართულება შეიცვალა, არამედ გაჩერდა კიდეც და "ჩელსის" საჯარიმოდან გამოტანის საშუალება მიეცა.

ცხადია, დევიდ მოიესს საკმარისი საფუძველი მიეცა, რომ ამის გამო დაეჩივლა.

განყენებული თემაა უეინ რუნი. ის, რომ 27 წლის თავდამსხმელი ძირითადში იყო, სტადიონმა თამაშის დაწყებამდე 40 წუთით ადრე შეიტყო, რასაც მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. თავისუფლად შეიძლება იმის თქმაც, რომ რუნი "ეშმაკების" რიგებში საუკეთესო იყო. თანაგუნდელები ყველაზე რთულ მომენტებში სწორედ მას ეძებდნენ და ფეხბურთელიც ერთი შეხედვით მარტივი სვლებით ახერხებდა კვანძის გახსნას.

უეინის სამუშაო არეალი, ტრადიციულად, მოედნის 3/4-ს მოიცავდა. ის იწყებოდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე და მეტოქის საჯარიმოსთან მთავრდებოდა. მან რამდენჯერმე შორიდანაც მოსინჯა პეტრ ჩეხის რეაქცია, თუმცა უშედეგოდ. აშკარაა, "იუნაიტედს" უეინი სჭირდება და რაც მთავარია, ძირითად შემადგენლობაში.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მატჩის შემდგომ:
დევიდ მოიესი ("მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი):
"ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეტოქე თავს ორგანიზებულად იცავდა და გატანა ვერ მოვახერხეთ. ეს ჩვენივე ბრალია, რადგან უკანასკნელ მომენტში მწვავე პასების კეთებას ვერ ვახერხებდით.

მიმაჩნია, რომ ანგარიშის გახსნის უკეთესი შანსები მაინც ჩვენ გვქონდა. დღეს თავდასხმაში სამმა ფეხბურთელმა ითამაშა. გპირდებით, რომ აქცენტს შეტევაზე მომდევნო თამაშებშიც არაერთხელ გავაკეთებთ. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავიღეთ, თუმცა ვან პერსიმდე და უელბეკამდე ბურთი ძნელად მიგვქონდა.

ამ კვირაში "ჩელსი" პენალტს მეორედ გადაურჩა. ჩემი აზრით, ლე
მპარდის ეპიზოდი იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ კამათიც კი არ ღირს. იყო თუ არა წესის დარღვევა, ეს მწვრთნელების გადასაწყვეტი ნაკლებად არის, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ არბიტრების დიდი უმრავლესობა ამ ეპიზოდს განსხვავებულად განსჯიდა.

რუნის დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მესიამოვნა ის, როგორ შეხვდა მას გულშემატკივარი. სიმართლე გითხრათ, ზუსტად ამას ველოდი.

თამაშამდე უეინს შევპირდი, რომ მინიმუმ 60-70 წუთს მივცემდი, იმის მიხედვით, წაუვიდოდა თუ არა თამაში. ის იმდენად კარგი იყო, რომ მერე მის შეცვლაზე აღარც მიფიქრია. კომპენსირებულ დროში მას შეეძლო ჩვენთვის სამი ქულის მოტანა, თუმცა, უბრალოდ, არ გაუმართლა.

ვამაყობ, რომ ასეთ ძლიერ გუნდს ვხელმძღვანელობ და მიხარია, რომ გულშემატკივარი ასე თბილად შემხვდა. მინდა, მომავალში უბრალოდ კი არა, ტაში ტიტულების წყალობით დავიმსახურო".


ჟოზე მოურინიო ("ჩელსის" მწვრთნელი):
"ფრე სამართლიანი შედეგი იყო. დღეს წაგებას არცერთი გუნდი არ იმსახურებდა. დღევანდელი ქულა, მით უფრო, ჩემპიონთან გასვლით დაპირისპირებაში, დადებითი შედეგია.

"ჩელსის" ოთხი შემტევი ფეხბურთელი ჰყავდა და აქედან 22-ზე უფროსი ასაკის
არცერთი არ ყოფილა. დე ბრუინმა, აზარმა და შიურლემ "ოლდ ტრეფორდზე" სულაც პირველად ითამაშეს და თანაც, ფერდინანდთან და ვიდიჩთან მოუხდათ დაპირისპირება. ამის მიუხედავად, ფეხბურთელებმა მათზე დაკისრებული ამოცანები მაინც შეასრულეს.

ვერ ვივარგეთ ბურთის გათამაშებაში. საკუთარ ნახევარზე ხშირად არაზუსტ პასებს ვაკეთებდით, თუმცა, საერთო ჯამში, ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. ბიჭებს აშკარად განვითარებული აქვთ ტაქტიკური აზროვნება და შეუძლიათ რეალური შედეგისთვის ბრძოლა.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მოთამაშეთა პროფესიული ზრდისთვის დროდადრო აუცილებელია ტაქტიკური თვალსაზრისით ისეთი რთული თამაშები, როგორიც დღევანდელი იყო. მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჩემი გუნდი ასეთ მომენტებშიც კი არ იბნევა. ორი თამაშის მოგებისა და ჩემპიონთან ქულის აღების შემდეგ წლევანდელ სტარტს უკვე შეიძლება წარმატებული ვუწოდოთ.

უნდა აღვნიშნო, რომ ის, რაც უეინ რუნის თავს გადახდა, მის თამაშზე ოდნავადაც არ ასახულა. უეინი ნამდვილი პროფესიონალია. შეუძლებელია არ დააფასო, რომ მან მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის პირობებშიც კი უმაღლეს დონეზე ითამაშა".


ტურის ფაქტები
ფულჰემი-არსენალი 1:3
* დედაქალაქური გუნდების უკანასკნელი 6 დაპირისპირებიდან 3 თამაში ფრედ დასრულდა, 2-ჯერ "არსენალმა" იმარჯვა, ერთხელ "ფულჰემმა".
* "მეთოფეებმა" "ქრევეინ კოტეჯზე" ზედიზედ მეორედ აიღეს 3 ქულა, 12 სტუმრობიდან კი 8-ჯერ მოახერხეს გამარჯვება.
* პრემიერლიგაში 24 ურთიერთშეხვედრაში "ფულჰემმა" მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა და 3-ჯერვე საშინაო შეხვედრაში.
* პირველად უკანასკნელ 4 თამაშში, გუნდებმა სრული შემადგენლობებით დაასრულეს ასპარეზობა.

ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 0:0
* "ევერტონმა" პირველად ვერ მოახერხა უკანასკნელ 4 თამაშში "ვესტ ბრომვიჩის" დამარცხება.
* "ვესტ ბრომვიჩმა" 34 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოახერხა "გუდისონ პარკზე" 3 ქულის აღება. ეს 2010 წლის ნოემბერში მოხდა.

ჰალ სიტი-ნორვიჩი 1:0
* სიტი" "ნორვიჩთან" უკანასკნელ 8 თამაშში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ეს 2007 წლის აპრილში მოხდა.
* შაბათს პირველად მოხდა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს უმაღლესი ლიგის მატჩში შეხვდნენ.

ნიუკასლი-ვესტ ჰემი 0:0
* "კაჭკაჭები" "ჩაქუჩებს" ისტორიაში 124-ედ შეხვდნენ.
* "ნიუკასლმა" უკანასკნელად 2011 წლის იანვარში იმარჯვა "ვესტ ჰემთან" - 5:0. ეს ანგარიში ჩრდილოელებისთვის რეკორდად ითვლება "ვესტ ჰემთან" დაპირისპირებების ისტორიაში. მას შემდეგ ტაინსაიდელებმა მიჯრით მესამე შეხვედრაში ვერ შეძლეს გატანა. მეტიც, სემ ელერდაისის გუნდი შარშანდელ სეზონში ერთადერთი იყო, რომელსაც "ნიუკასლისგან" გოლი არ გაუშვია.

ასტონ ვილა-ლივერპული 0:1
* 1998 წლიდან მოყოლებული, "ასტონ ვილამ" "ლივერპულთან" საშინაო შეხვედრებში ერთადერთხელ იმარჯვა (5 ფრე, 10 წაგება), უკანასკნელი 5 მატჩიდან კი 4-ჯერ დამარცხდა. 16 თამაშში ბირმინგემელებმა მხოლოდ 7-ჯერ მოახერხეს თავის გამოჩენა. ერთზე მეტი გოლის გატანა "ვილამ" ბოლოს სწორედ 1998 წელს შეძლო (4:2).

სტოკ სიტი-კრისტალ პალასი 2:1
* მეტოქეები მე-13-ედ შეხვდნენ ერთმანეთს ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, თუმცა შაბათს ეს პირველად მოხდა პრემიერლიგაში. "მეთიხეებმა" გამარჯვების შემდეგ დადებითი ბალანსი დაიბევეს. აქამდე გუნდებს 5-5 მოგება და თითო ფრე ჰქონდათ.
* უკანასკნელად ისინი შარშანდელ სეზონში შეხვდნენ ასოციაციის თასზე და მაშინაც უძლიერესი "სტოკი" იყო (4:1).

საუთჰემპტონი-სანდერლენდი 1:1
* "სანდერლენდს" "სენტ მერიზე" მიჯრით ორი თამაში ჰქონდა მოგებული, სულ კი უკანასკნელი 6-დან 4-ჯერ 3 ქულა ჰქონდა აღებული.

კარდიფი-სიტი 3:2
* უკანასკნელად ეს გუნდები ერთმანეთს 1994 წელს შეხვდნენ. მაშინ მესამე დივიზიონის წარმომადგენელმა "კარდიფმა" ასოციაციის თასის მე-4 ეტაპზე 1:0 დაამარცხა "ქალაქელები".
* ჩემპიონატში კი ისინი ბოლოს ერთმანეთს 1985 წელს შეხვდნენ მანჩესტერის "მეინ როუდზე" და 2:2 ითამაშეს.

ტოტენჰემი-სუონსი 1:0
* "სუონსის" "უაით ჰართ ლეინზე" ჩემპიონატის 16 შეხვედრიდან ჯერ ერთიც არ მოუგია (14 მოგება, 2 ფრე).
* "გედებმა" "დეზები" ბოლოს 1982 წელს დაამარცხეს (2:0).

იუნაიტედი-ჩელსი 0:0
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრეფორდზე" "ჩელსის" უკანასკნელი 4 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ სძლია.
* "ეშმაკებმა" ზედიზედ მეორედ დაასრულეს "ლურჯებთან" საშინაო დაპირისპირება უგოლოდ.
* "იუნაიტედმა" უკანასკნელად ნულოვანი ფრე 2011 წლის 19 აპრილს ითამაშა "ნიუკასლთან" "სენტ ჯეიმს პარკზე". მას შემდეგ 83 თამაშში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გადიოდა.

Sportall.Ge

მომდევნო ტური
31 აგვისტო:
მანჩესტერ სიტი-ჰალ სიტი, კარდიფი-ევერტონი, ნიუკასლი-ფულჰემი, ნორვიჩი-საუთჰემპტონი, ვესტ ჰემი-სტოკ სიტი, კრისტალ პალასი-სანდერლენდი.

1 სექტემბერი:
ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი, ვესტ ბრომვიჩი-სუონსი, არსენალი-ტოტენჰემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. II ტური: პირველი დიდი სენსაცია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
* "ეშმაკებმა" ზედიზედ მეორედ დაასრულეს "ლურჯებთან" საშინაო დაპირისპირება უგოლოდ.
* "იუნაიტედმა" უკანასკნელად ნულოვანი ფრე 2011 წლის 19 აპრილს ითამაშა "ნიუკასლთან" "სენტ ჯეიმს პარკზე". მას შემდეგ 83 თამაშში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გადიოდა.
ხომ არ გგონიათ რომურთიერთგამომრიცხავი წინადადებებია?
Valeri
13:47 28-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული