"ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, "ლურჯებმა" "ანჟის" მასში 38 მილიონი ევრო გადაუხადეს.
სამხრეთამერიკელით დაინტერესებული იყვნენ "ლივერპული" და "ტოტენჰემიც". მან "დეზების" ბაზაზე სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, თუმცა საბოლოოდ მაინც "ჩელსიზე" გააკეთა არჩევანი.
"სტემფორდ ბრიჯზე" ფეხბურთელი უკვე წარადგინეს. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ვილიანმა კლუბის ვებგვერდს მისცა.
- "ჩელსის" ფეხბურთელობა როგორი შეგრძნებაა?
- "ჩელსის" თამაშებს რეგულარულად ვადევნებდი თვალს. როცა ლონდონში ჩამოვდიოდი ხოლმე, ვცდილობდი, "სტემფორდ ბრიჯზე" თამაშებს დავსწრებოდი. ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რა ხდებოდა კლუბში. შესაბამისად, როცა
- ალბათ მოუთმენლად ელოდებით, როდის მოგიწევთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან მუშაობა.
- დიახ, ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი ბედნიერი იქნება ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა, მისი სმენა და ცოდნის ათვისება. დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიული თვალსაზრისით აუცილებლად მოვუმატებ. მან უამრავი ტიტული მოიგო და დარწმუნებული ვარ, რომ მისგან ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი.
- თქვენ უკვე ელაპარაკეთ ჟოზე მოურინიოს. რას ელოდება პორტუგალიელი თქვენგან?
- ცოტა ხანი ვილაპარაკეთ. მომესალმა, მითხრა, რომ მოხარულია ჩემი არჩევანის, მირჩია, რომ მაქსიმალურად ბევრი ვივარჯიშო, რადგან "ჩელსი" ძალიან ძლიერია და მხოლოდ თავჩაღუნული შრომა მოიტანს შედეგს.
- თქვენ გითამაშიათ ბრაზილიაში, უკრაინასა და რუსეთში, მაგრამ პრემიერლიგას რამდენად იცნობთ?
- პრემიერლიგას თვალს ყოველთვის ვადევნებდი, რადგან აქ თამაში მინდოდა. ვიცი, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. ტელევიზორის გარდა მატჩებისთვის ცოცხლადაც მიდევნებია თვალი.
- "ჩელსის" გულშემატკივარს შარშან ჩემპიონთა ლიგაში "შახტარის" რიგებში "ბრიჯზე" შესრულებული დუბლით ახსოვხართ. თავად როგორ აღწერთ თქვენს სტილს?
- მიყვარს დრიბლინგი და სისწრაფე, შეტევაში წასვლა, კარებში დარტყმა, მაქვს სათანადო ტექნიკა, თუმცა დაცვაში თამაშის გაუმჯობესება მმართებს, თუ მინდა, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.
- ჩემპიონთა ლიგაში კარგი სტატისტიკა გაქვთ - 9 გოლი 34 თამაშში. ამ ტურნირთან დაკავშირებით ყველაზე კარგად რა გახსენდებათ?
- "შახტარის" რიგებში საუკეთესო გოლი 2011 წელს "რომას" გავუტანე. ლამაზი ბურთები სხვა ტურნირებშიც მაქვს, თუმცა ლიგაზე თუ ვლაპარაკობთ, სწორედ ამას ავირჩევ.
- "ჩელსის" გარდა, გითამაშიათ "არსენალის", "ტოტენჰემის", "ფულჰემისა" და "ნიუკასლის" წინააღმდეგ. რას ფიქრობთ მათზე?
- თითოეული ეს თამაში ნამდვილი გამოცდა იყო, რადგან ინგლისურ გუნდებთან თამაში საკმაოდ რთულია. პრემიერლიგელებს აქვთ კლასი და საკუთარი ხელწერა. მახსოვს "ფულჰემთან" მარცხი, "სტემფორდ ბრიჯზე" 2:3 წაგებაც შარშანდელ ლიგაში. ერთი სიტყვით, კარგი გაკვეთილები იყო.
- "შახტარის" რიგებში უკრაინის ჩემპიონატისა და თასის გარდა, უეფას თასზეც გიმარჯვიათ. როგორ ფიქრობთ, გამარჯვებულის მენტალიტეტი დაგეხმარებათ ახალ გუნდში, რომელიც შეჩვეულია წარმატებებს?
- დამეხმარება, რადგან თითოეული ფეხბურთელი ცდილობს იმ ყველაფრის მოგებას, რისთვისაც უწევს ბრძოლა. უკრაინაში არაერთი ტიტული მომიგია და მიხარია, რომ მოვხვდი კლუბში, რომელიც ასევე მიჩვეულია გამარჯვებებს. მინდა, "ჩელსის" ამ მენტალიტეტის შენარჩუნებაში დავეხმარო და რაც შეიძლება მეტი ჯილდო დავიმსახურო. დიახ, ერთადერთი, რაც ჩვენ გვაინტერესებს, ეს მოგებები და ტიტულებია.
- რა გეგმები გაქვთ პირად თუ გლობალურ დონეზე?
- მინდა, მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს, იყოს გამარჯვებული. მინდა, რომ ბევრი ვიმუშაო, რათა გუნდში ჩემი ადგილი დავიმკვიდრო. "ჩელსი" ძალიან ძლიერია და მას ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამინდელი შემადგენლობით შესანიშნავ სეზონს ჩავატარებთ და ტიტულებს მოვიპოვებთ.
- იმედი თუ გაქვთ, რომ "ჩელსიში" თამაში მომავალს წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრას გაგიადვილებთ?
ეს ჩემი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომ მოვხვდე ეროვნულ გუნდში და ვითამაშო მსოფლიოს ჩემპიონატზე. "ჩელსიში" ბოლომდე დახარჯვა მომიწევს, რათა ყველას დავუმტკიცო, თუ რა შემიძლია. დარწმუნებული ვარ, იმდენს კი მოვახერხებ, რომ ნაკრებში შანსი მაინც მომეცემა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"