დევიდ მოიესი "მანჩესტერ იუნაიტედში" რეფორმას იწყებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სატრანსფერო კამპანია პასიურად ჩაატარა და მხოლოდ უკანასკნელ საათებში მოახერხა "ევერტონიდან" მარუან ფელაინის ყიდვა.

ამის შემდეგ "ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა კლუბის ხელმძღვანელობას სკაუტთა სისტემის ძირეული ცვლილებების გეგმა წარუდგინა. შოტლანდიელს სურს, რომ "იუნაიტედის" სამსახურში მისი ნდობით აღჭურვილი სპეციალისტები ჩააყენოს.

მოიესს სჭირდება ხალხი, ვინც მხოლოდ ნიჭიერ მოთამაშეებზე დაკვირვებით კი არ იქნება დაკავებული, არამედ შეუცდომლად შეეძლება იმის შეფასება, ღირს თუ არა მათთან კონტრაქტების გაფორმება. პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი ერთადერთი არ არის, ვისაც სისტემის გაუმართავმა მუშაობამ ხელი შეუშალა. გულშემატკივარს ეხსომება, რომ რომან აბრამოვიჩმა
"ჩელსიში" მსგავსი რეფორმა რამდენიმე წლის წინ გაატარა და კლუბიდან ათზე მეტი სკაუტი გაუშვა, მათ შორის, ჯგუფის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი ფრანკ არნესენიც, ვისაც ის იქამდე ლამის ბრმად ენდობოდა.

"იუნაიტედის" მოქმედმა მთავარმა სკაუტმა ჯიმ ლავლორმა კლუბი წელს რამდენჯერმე დააღალატა. ჯერ იყო და მისმა თანამშრომლებმა საწინააღმდეგო დასკვნები დადეს ტიაგო ალკანტარასთან დაკავშირებით, იქამდე კი, სანამ სიტუაცია გაირკვეოდა, 22 წლის ესპანელმა თავი მიუნხენის "ბაიერნში" ამოყო. ამას გარდა, წარუმატებელი გამოდგა "ბარსელონასთან" სესკ ფაბრეგასზე დაწყებული მოლაპარაკებებიც.

მოიესი უკმაყოფილო დარჩა აღმასრულებელი დირექტორის, ედ ვუდვორდის მუშაობითაც, ვინც თავი ვერ მოაბა ფაბიო კოენტრაუს, მესუთ იოზილისა და სამი ხედირას ტრანსფერებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის გეგმის თანახმად, ახალმა სკაუტებმა ვუდვორდს საქმე უნდა გაუიოლონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობინ ვან პერსი: დევიდ მოიესის მუშაობის სტილი მომწონს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული