ინგლისი. პრემიერლიგა. V ტურის წინ; მანჩესტერული დერბი სხვა სახეებით

AutoSharing Option
პრემიერლიგის V ტურის უმთავრესი სანახაობა 22 სექტემბერს "ეტიჰადზე" გაიმართება. ჩემპიონატის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულები და მიმდინარე სეზონის ფავორიტები ერთმანეთს პრინციპულ მატჩში დაუპირისპირდებიან.

რისი თქმა შეიძლება მეტოქეებზე? აშკარაა, რომ ორივე გუნდი ფორმაშია. ამის დასტურია თუნდაც ჩემპიონთა ლიგაში მათი ასპარეზობა.

თუკი "ქალაქელებს" შიდა ასპარეზზე გასვლაზე თამაშები არ მისდით, ევროპაში ესეც მოახერხეს და პლზენის "ვიქტორიას" 3:0 მოუგეს. "იუნაიტედმა" თავის მხრივ გერმანული "ლევერკუზენი" გათელა (4:2).

რა პრეტენზიები აქვთ ექსპერტებს მანუელ პელეგრინისა და კომპანიასთან? ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩილელის ხელმძღვანელობით "სიტი" ისეთივე პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობს, როგორც
ამას შარშანდელ სეზონში რობერტო მანჩინი აკეთებდა, თუმცა ამჟამინდელი შედარებით ნაკლებად ახარებს გულშემატკივრის თვალს.

ლოგიკურია, რადგან პირველ ტურში "ნიუკასლთან" მატჩის (4:0) შემდეგ "სიტის" მხოლოდ ერთი შეხვედრა იყო სასიამოვნოდ სანახავი და ისიც "კარდიფის" დამსახურება გახლდათ.

ხოლო ლაპარაკი იმაზე, რომ ექსჩემპიონი დაცვაში კარგად გამოუყურება ნაადრევი გვგონია, ვინაიდან ჯერჯერობით მას სერიოზული გამომცდელი არც ჰყოლია. კომპანი-ნასტასიჩის დუეტის აღდგენის შემდეგ კი, შესაძლოა, ჯო ჰარტს საქმე მართლა შეუმცირდეს.

სიახლეა "იუნაიტედშიც": ჩემპიონთა ლიგის მსგავსად დევიდ მოიესს შეუძლია, ძირითადში დააყენოს მარუან ფელაინი, ვისაც დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად შეუძლია გუნდის დახმარება. "წითელი ეშმაკების" ბანაკში ბელგიელით აღფრთოვანებულნი არიან. განსაკუთრებით ეს ნახევარდაცვაში მის მეწყვილე მაიკლ კერიკზე ითქმის.

ძალიან კარგ ფორმაშია უეინ რუნიც, ვინც ტრავმის მოშუშების შემდეგ არასრულ ოთხ შეხვედრაში 3 გოლი და 3 პასი ჩაიწერა აქტივში. თანაც, 27 წლის თავდამსხმელმა შუა კვირაში საიუბილეო მე-200 გოლი გაიტანა "იუნაიტედის" მაისურით. მისთვის არც "ეშმაკების" ყველა დროის ბომბარდირობა უნდა იყოს მიუღწეველი. პირველადგილოსან ბობი ჩარლტონს მასზე 49 გოლით მეტი აქვს გატანილი.

მძიმე სტარტის შემდეგ
"ჩელსისგან" სეზონის სტარტზე აშკარად მეტს ელოდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში ერთ-ერთი ყველაზე თანაბრად დაბალანსებული შემადგენლობაა.

II ტურში "ასტონ ვილასთან" საეჭვო ვითარებაში აღებული სამი ქულის შემდეგ (ბირმინგემელებს ბოლო წუთზე აშკარა პენალტი არ დაუნიშნეს) დასავლეთლონდონელებს 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.

ამჯერად დერბიში მათგან უკვე ყველა წარმატებას ელოდება. "ჩელსის" საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაცია სჭირდება. მასპინძელი "სტემფორდ ბრიჯზე" წარმატებით ასპარეზობს. მას უკანასკნელი 11-დან 9 თამაში აქვს მოგებული.

მეორე მხრივ, გასვლაზე "ფულჰემსაც" არა უშავს - 3 მარცხი უკანასკნელ 9 შეხვედრაში. ასე რომ, სიურპრიზი გამორიცხული არ არის.

სუარესის მოლოდინში
ცხრილს თუ ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ აქამდე ჩემპიონატში დაუმარცხებლად მხოლოდ მერსისაიდელები ასპარეზობენ - ჯერ ერთხელაც არ წაუგიათ "ევერტონსა" და "ლივერპულს". უკანასკნელის შეტევა არ ბრწყინავს, თუმცა რა შედეგსაც აჩვენებს, საკმარისია იმისთვის, რომ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერად დარჩეს.

"საუთჰემპტონთან" თამაშში ლუის სუარესის დისკვალიფიკაციას ვადა გასდის.

ასე რომ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს პრობლემაც გადაიჭრება. წინა სეზონიდან მოყოლებული "წითლებს" უკვე 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. უკანასკნელი, ვინც მათი დამარცხება მოახერხა, სწორედ "საუთჰემპტონი" იყო. ეს 16 აპრილს მოხდა.

მაურისიო პოჩეტინიოს შეგირდები გასვლაზე უსუსურად ნამდვილად არ გამოიყურებიან ხოლმე, თუმცა მასპინძელს ნამდვილად შეუძლია მათზე შურისძიება. "ლივერპულმა" "საუთჰემპტონს" "ენფილდზე" უკანასკნელი ორი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოუგო.

აუტსაიდერთა ჭიდილი
"ჰაუტორნსზე" ერთმანეთის პირისპირ ის გუნდები დადგებიან, რომელთაც ჯერ მოგება არ ღირსებიათ. აუტსაიდერობის გარდა "ვესტ ბრომვიჩსა" და "სანდერლენდს" კიდევ ერთი საერთო აქვთ: 8-მატჩიანი მოუგებელი სერია. თუმცა სხვაობაც თვალში საცემია.

"შავი კატების" რიგებში რაღაც პანიკის მაგვარი შეინიშნება. პაოლო დი კანიომ უკვე აღარ იცის, როგორ გაუმკლავდეს ზეწოლას. მსგავს ეპიზოდებში ბევრად უფრო გამოცდილია სტივ კლარკი. მასპინძლის სასარგებლოდ მეტყველებს სტატისტიკაც. "ვესტ ბრომვიჩმა" "სანდერლენდი" ზედიზედ ოთხჯერ დაამარცხა შინ. ტოტალიზატორები უპირატესობას ამჟამადაც მას ანიჭებენ.


ინგლისი. პრემიერლიგა. V ტური
21 სექტემბერი:
ნორვიჩი-ასტონ ვილა 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჟორეს ოკორე, შარლ ნზოგბია - ელიოტ ბენეტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +11=13-17 (56-64)

ვესტ ჰემი-ევერტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ენდი კეროლი, ალუ დიარა, სტიუარტ დაუნინგი, ჯო კოული - დარონ გიბსონი, არუნა კონე, სტივენ პიენაარი, ანტოლინ ალკარასი
ურთიერთშეხვედრები
სულ 109 თამაში: +30=23-56 (123-189)

ნიუკასლი-ჰალ სიტი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაიკლ უილიამსონი, რაიან ტეილორი, ხონას გუტიერესი, შოლა ამეობი, გაბრიელ ობერტანი, სტივენ ტეილორი - მეინორ ფიგეროა, რობერტ კორენი, რობი ბრეიდი, პოლ მაკშეინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0=2-2 (2-4)

ლივერპული-საუთჰემპ. 18:00
დისკვალიფიკაცია: ლუის სუარესი (ლივ)
ტრავმა: გლენ ჯონსონი, დანიელ აგერი, სებასტიან კოატესი, ალი სისოკო, ჯო ალენი - დენიელ ფოქსი, ტადანარი ლი
ურთიერთშეხვედრები
სულ 72 თამაში: +35=18-19 (111-82)

ვესტ ბრომ-სანდერლ. 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენ ფოსტერი, სტივენ რიდი, შეინ ლონგი, ჯორჯ ტორნი, მატეი ვიდრა, ზოლტან გერა - ფილ ბერდსლი, ვეს ბრაუნი
ურთიერთშეხვედრები
სულ 110 თამაში: +41=29-40 (179-186)

ჩელსი-ფულჰემი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტომაშ კალაში - მაარტენ სტეკელენბურგი, დიმიტარ ბერბატოვი, ბრაიან რუისი, მეტიუ ბრიგსი, აარონ ჰიუზი, დარენ ბენტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +29=16-3 (81-42)

22 სექტემბერი:
მანჩესტერი. "ეტიჰადი"
სიტი-იუნაიტედი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მიკა რიჩარდსი, დავიდ სილვა, გაელ კლიში, მარტინ დემიკელისი - რაფაელ და სილვა, ფილ ჯონსი, დარენ ფლეტჩერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 141 თამაში: +40=45-56 (194-203)
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი - ი. ტურე, ფერნანდინიო - ხ. ნავასი, აგუერო, ნასრი - ნეგრედო
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა - კერიკი, ფელაინი - ვალენსია, რუნი, იანგი - ვან პერსი

არსენალი-სტოკი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტომაშ როსიცკი, მიკელ არტეტა, ლუკას პოდოლსკი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანტი კასორლა, იაია სანოგო, აბუ დიაბი, გედიონ ზელალემი - მარკ მუნიესა
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +43=20-23 (132-81)

კრისტალ პალ-სუონსი 16:30
დისკვალიფიკაცია: კაგიშო დიკგაჩოი (კრ.პ)
ტრავმა: ჯოელ ვორდი, ჯონათან პარი, პატრიკ მაკარტი, იანიკ ბოლასი, ჯერომ ტომასი, გლენ მარი, ჯონათან უილიამსი, ჯეკ ჰანტი - ნილ ტეილორი, ეშლი უილიამსი, პაბლო ერნანდესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2=1-3 (5-8)

კარდიფი-ტოტენჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დევიდ მარშალი, ანდრეას კორნელიუსი, კრეიგ ბელამი – დენი როუზი, იუნეს კაბული, აარონ ლენონი, ემანუელ ადებაიორი, ეტიენ კაპუ, მუსა დემბელე, ნასერ შადლი
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +7=8-15 (29-50)

ბომბარდირები: 4 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), ოლივიე ჟირუ (არსენალი) დენიელ სტარიჯი (ლივერპული); 3 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული