ფერნანდინიო: "სიტიში" დიდხანს მინდა დავრჩე

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიში" ფერნანდინიოს ტრანსფერი, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 40-დან 50 მილიონ ევრომდე დაჯდა.

თუმცა ზუსტი რიცხვი ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტია, რომ 28 წლის ბრაზილიელი "ქალაქელების" სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა. ექსპერტთა ნაწილი სწორედ მის სტაბილურ თამაშს უკავშირებს იაია ტურეს საგოლე მადას.

სამხრეთამერიკელი, ძირითადად, დაცვაში დგას, ივუარელი კი, დაცვის გარდა, შეტევებისთვისაც იცლის და თან როგორ იცლის! პრემიერლიგაში მან უკვე ოთხი გოლი გაიტანა. "სიტის" საკლუბო არხმა ბრაზილიელ ფეხბურთელს ინტერვიუ სთხოვა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

- ბრაზილიის სამხრეთში, ლონდრინში დავიბადე. ამ ქალაქში 17 ბედნიერი წელიწადი
გავატარე. ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა, სხვა თამაშებს კი არც არასოდეს ვაღიარებდი. მე და ჩემი მეგობრები ხეებზე დავცოცავდით, ველოსიპედებით ვსეირნობდით და, რა თქმა უნდა, ბურთს დავდევდით. შანსი რომ მქონდეს, ამ წლებს ხელახლა გავივლიდი.

კარიერა 13 წლისამ ერთ პატარა გუნდში დავიწყე, სადაც სამი წელი გავატარე. 17 წლისა "ატლეტიკო პარანაენსეში" გადავედი, იქაც სამი წელი დავყავი და დიდი გამოცდილება მივიღე. ერთ დღესაც ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემით უკრაინული კლუბი იყო დაინტერესებული. ჩემთვის ეს ნამდვილი შოკი იყო, თუმცა ხანმოკლე ფიქრის შემდეგ "შახტართან" კონტრაქტზე ხელის მოწერა მაინც გადავწყვიტე.

ახალმა კლუბმა, განსხვავებულმა კლიმატმა, უცხო კულტურამ და სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხმა კიდევ უფრო დიდი გამოცდილება შემძინა. ინგლისს რაც შეეხება, მე და ჩემი ოჯახი ნელ-ნელა აქაც გავივლით ადაპტაციას. თავიდან ჩემს შვილს ცოტა გაუჭირდა, რადგან პატარაა და ბევრ რამეს ვერ ხვდება, თუმცა მე და მეუღლე მას ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწავლით ყველაფერს და ახალ გარემოსთან შეგუებას გავუადვილებთ.

მეუღლეს უნივერსიტეტში უნდა სწავლა, შვილს კი მალე სკოლა მოუწევს. ასე რომ, მნიშვნელოვანი ცვლილებები გველის. მინდა, რაც შეიძლება დიდი ხნით დავრჩე აქ. კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი მაქვს. იმედია, ამაზე მეტხანსაც მომიწევს გაჩერება.

თითოეული ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული ღირსებები რაც შეიძლება უკეთ წარმოაჩინოს. სწორედ ამიტომ იყო, რომ "ჰალთან" საუკეთესო მოთამაშედ დასახელებამ განსაკუთრებულად გამაბედნიერა. ვაღიარებ, მინდა, რაც შეიძლება ბევრჯერ გამოვცადო ეს გრძნობა. ინდივიდუალური წარმატებები ერთია, თუმცა უმთავრესია, რომ მთლიანად "სიტიმ" ითამაშოს კარგად.

ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის კარგი გამოცდილება მაქვს. მითამაშია 19-წლამდელთა შორის და საერთაშორისო ტურნირებზეც გამიმარჯვია. ჩემი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებისკენ სწრაფვაა. კარგია, თუ ამაში გოლებითაც დავიდებ წილს, თუმცა უმთავრესი გუნდის მიერ ტიტულების მოგებაა
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფერნანდინიომ "მანჩესტერ სიტიში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული