მესუთ იოზილი: სამაგალითო ევროპელი ვარ!

AutoSharing Option
მესუთ იოზილმა ირლანდიასთან გერმანიის ნაკრებში 50-ე შეხვედრა ჩაატარა. მადრიდის "რეალიდან" ლონდონის "არსენალში" გადაბარგებულ 24 წლის ფლეიმეიქერს ამ მატჩამდე გაზეთ "ბილდის" ჟურნალისტი გაესაუბრა.

- ჰერ იოზილ, რაკი გერმანიის ნაკრებზე სალაპარაკო ბევრი არაფერია, საუბარი პირდაპირ "არსენალით" დავიწყოთ. ლონდონში ახალი ცხოვრება დაიწყეთ. "თევზი და კარტოფილი" გემრიელია?
- ალბათ არ დაიჯერებთ, მაგრამ ჯერ არ გამისინჯავს. სპორტსმენს განსაკუთრებული, სპეციალური კვება სჭირდება და წესებს მკაცრად ვიცავ. შემიძლია ვთქვა, რომ ლონდონი გენიალური ქალაქი ყოფილა. პირადი ვიზიტით აქ ნამყოფი არ ვიყავი და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სასწაული ქალაქია!

- მარჯვენასაჭიან მანქანებს როგორ შეეგუეთ?
- მარცხენა ზოლში მოძრაობა არცისე რთული ყოფილა. უკვე შევეჩვიე.

- თქვენთვის და თქვენი მეგობარი გოგონასთვის სახლი უკვე შეარჩიეთ?
- ჰო, ჰამპსტიდში და სწორედ ახლა გადავდივართ.

- რაც შეეხება სპორტულ მხარეს?
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ლონდონში სრულყოფილი, იდეალური საფეხბურთო გარემოა და მეც ბედნიერი ვარ. "არსენალი" პრემიერლიგაში ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგაშიც კარგად ვასპარეზობთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ "არსენალში" გადმოსვლას არ ვინანებდი, ახლა კი ვხვდები, რომ ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.

- ბევრი ფიქრობს, რომ "რეალიდან" "არსენალში" გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის...
- მე ასე არ ვფიქრობ. ფაქტია, რომ ჩემი კარიერა კიდევ უფრო საერთაშორისო გახდა. 24 წლის ვარ და უკვე გერმანიაში, ესპანეთში და ინგლისში მითამაშია. ხუმრობა ხომ არაა - მსოფლიოს სამ საუკეთესო ლიგაზე ვსაუბრობთ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ყველგან წარმატებული ფეხბურთელი ვიყავი. ეს იმას ნიშნავს, რომ სამაგალითო ევროპელი ვარ. ამისთვის ყველას მადლობას ვუხდი...

- "რეალიდან" წამოსვლა თქვენი სურვილი არ ყოფილა. მადრიდელებმა თავად გადაწყვიტეს თქვენი გაშვება, თუმცა ახლა სინანული ეტყობათ...
- "რეალი" უკვე დავივიწყე. ახლა უკვე სულით ხორცამდე არსენალელი ვარ და არსენ ვენგერის ნდობას ვგრძნობ. იმედია, ყველა ხედავს, რომ მოედანზე მაქსიმუმს ვაკეთებ და ლონდონური კლუბისთვის ბოლომდე ვიხარჯები.

- ესპანელი ჟურნალისტები წერდნენ, იოზილს გართობა უყვარსო...
- გართობა ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ღამ-ღამობით კლუბებში არ დავდივარ. დააკვირდით, რამდენად ხშირად ვთამაშობ და რამდენად იშვიათად ვარ ტრავმირებული - როგორ ფიქრობთ, ალკოჰოლს და ღამის კლუბებს რომ ვეძალებოდე, მაინც ასე იქნებოდა? როცა ფეხბურთელი ხარ, ბოლომდე ფეხბურთელი უნდა იყო და სპორტის ამ სახეობის პლუსებთან ერთად, მისი მინუსებიც უნდა გაითავისო. სხვანაირად წარმატებას ვერ მიაღწევ.

- გერმანია, ესპანეთი, ინგლისი - სად თამაშობენ საუკეთესო ფეხბურთს?
- ჩემი აზრით, მსოფლიოში ყველაზე რთული და ძლიერი ინგლისის პრემიერლიგაა. ეს იმის დამსახურებაა, რომ ინგლისში ბევრი თანაბარი და დაახლოებით თანაბარი დონის გუნდია. გარდა ამისა, ამაზე ინტენსიურ ფეხბურთს არსად თამაშობენ. სხვა ლიგებში კი ბევრია ისეთი მეტოქე, რომელიც მხოლოდ დაცვაში ზის და მთელი 90 წუთი სასწაულის იმედი აქვს.

- "არსენალში" როგორაა საქმე?
- აქ ისიც ბედნიერებაა, კუთხურის დროს ორიოდე წამით ამოსუნთქვის საშუალება რომ გეძლევა. აქ ფეხბურთს საშინლად მაღალ ტემპში თამაშობენ, რაც ტელევიზორიდან ან თუნდაც ტრიბუნიდან ნაკლებად იგრძნობა. ტემპის სისწრაფეს რეალურად მაშინ აფასებ, როცა თვითონ ხარ მოედანზე.

- ჟოზე მოურინიოსთან კავშირი გაქვთ? პორტუგალიელი "რეალში" თქვენი დამრიგებელი იყო, ახლა კი "ჩელსის" თავკაცია...
- ჰო, ერთმანეთს ვეხმიანებით ხოლმე. "არსენალში" რომ გადმოვედი, ჟოზემ მესიჯი მომწერა, "კეთილი იყოს შენი მობრძანება ლონდონშიო".

- კიდევ რა მოგწერათ?
- ეს უკვე ჩემი და ჟოზეს საქმეა...

- გერმანიის ნაკრებით დავასრულოთ: ბუნდესგუნდში ყველაზე მეტად ვის ემადლიერებით?
- რა თქმა უნდა, მწვრთნელს! იოახიმ ლიოვი ყოველთვის მენდობოდა და მაშინაც მხარში მედგა, როცა მიჭირდა. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებიც კარგი ბიჭები არიან - ამიტომაცაა, რომ ნაკრებში გამოძახება ყოველთვის ისე მიხარია, როგორც მაშინ, ბუნდესგუნდში პირველად რომ გამომიძახეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მესუთ იოზილი: უდიდესი WOW დენის ბერგკამპის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული