ინგლისი. პრემიერლიგა. VIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: სულ სხვა "არსენალი"

AutoSharing Option
შეჯამებაში, როგორც წესი, ტურის ცენტრალური მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას გთავაზობდით.

ამჯერად ტრადიციას უნდა გადავუხვიოთ. მიზეზი ლონდონის "არსენალის" მყარად გალიდერებაა. "მეთოფეები" უკვე ოთხი ტურია, პირველ ადგილზე არიან მოქცეულები. თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერი უნდა იყოს, რადგან ის ყოველი სეზონის წინ სახელდება ფავორიტთა შორის, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

არსენ ვენგერის გუნდი მწვერვალზე ძალიან დიდი ხანია, რაც აღარ მდგარა. ის ცხრილის სათავეში ბოლოს 2009 წლის 29 აგვისტოს (!) იყო და "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2:1 წაგების შემდეგ დაეშვა ძირს.

შესაძლოა, ვინმემ კონტრარგუმენტად მოიყვანოს, რომ ჩრდილოლონდონელები ჩემპიონატის
ლიდერთა ჯგუფიდან აქამდე მხოლოდ "ტოტენჰემს" დაუპირისპირდნენ, თუმცა პასუხი ამაზეც გვაქვს. "არსენალის" მთავარი პრობლემა სწორედ საშუალო გაქანების გუნდებთან ქულების კარგვა იყო, თორემ გრანდებთან, ერთ-ორ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ის ყოველთვის ღირსეულად გამოიყურებოდა.

მხატვრული შედარებაა, მაგრამ სადღაც თვალში მოგვხვდა და მოგვეწონა: "ემირეიტსზე" მესუთ იოზილის მოსვლა ტორტზე იმ ინგრედიენტის დამატებას ჰგავს, რომელთან ერთადაც ტკბილეულს განსაკუთრებული გემო ეძლევაო. დიახ, გერმანელმა პლეიმეიკერმა გაამართლა. კუნძულზე გადასვლის შემდეგ მის ანგარიშზე 7 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. "ნორვიჩთან" მან ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ პასების ჩამორიგება კი არა, გატანაც ეხერხება.

განსაკუთრებული ფენომენია აარონ რემსი. მიმდინარე სეზონში 22 წლის უელსელმა ნახევარმცველმა 12 შეხვედრაში (ყველა ტურნირის ჩათვლით) 9-ჯერ გამოიჩინა თავი. ლიონელ მესის გარდა, თავდამსხმელი თუ გეგულებათ მსოფლიოში, ვისთვისაც მსგავსი შედეგი საამაყო არ იქნებოდა?

ტურის ფაქტები
"ნიუკასლის" დებიუტანტი პოლ დამეტი უკანასკნელ 13 ოფიციალურ შეხვედრაში პირველი არაფრანგი ფეხბურთელი გახდა, ვინც გოლი გაიტანა. ბოლოს ეს 2013 წლის აპრილში პაპის სისეს ჰქონდა გაკეთებული.
"ნიუკასლმა" ბოლო 5 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, იმაზე მეტი, ვიდრე იქამდე ჩატარებულ 14 მატჩში.
მერსისაიდელებმა ზედიზედ მე-8 გასვლითი შეხვედრა არ წააგეს პრემიერლიგაში. 8 თამაშში ბურთების ბალანსია 19:8-ზე.
პრემიერლიგაში 13-დან 11 გოლი "ლივერპულმა" პირველ ტაიმში გაიტანა.
სტივ ჯერარდმა პრემიერლიგაში მე-100 გოლი პენალტით შეაგდო. მისი ბოლო 5 ბურთი სწორედ ასეა გატანილი. სულ მის ანგარიშზე კი 20 რეალიზებული 11-მეტრიანია. უკანასკნელად თამაშიდან სტივმა ამა წლის თებერვალში "მანჩესტერ სიტისთან" გამოიჩინა თავი.
"ლივერპული" იმ 4 გუნდს შორის შედის, რომელთა სასარგებლოდაც მიმდინარე სეზონში უკვე 2 პენალტი დაინიშნა. ამდენივეს პენალტი ჯერ არ დაურტყამს.

***
"ნორვიჩმა" "არსენალი" უკანასკნელად 1992 წელს, პრემიერლიგის სადებიუტო სეზონში დაამარცხა. "იადონებმა" მაშინ 2:0-ის შემდეგ შემოატრიალეს თამაში და 4:2 იმარჯვეს.
მას შემდეგ "ნორვიჩი" მეექვსედ ეწვია "არსენალს" და მეოთხედ დამარცხდა.
"არსენალმა" მეტოქეს უკანასკნელ 5 საშინაო შეხვედრაში 19 გოლი გაუტანა.

***
"ჩელსი" "კარდიფს" უკანასკნელად ჩემპიონატის ეგიდით 1984 წლის მარტში შეხვდა მაშინდელ მეორე ლიგაში.
ისინი ერთმანეთს ასოციაციის თასზეც გადაეყარნენ 2010-ის თებერვალში. "სტემფორდ ბრიჯზე" მაშინაც მასპინძელმა იძალა და თანაც, ანალოგიური ანგარიშით.
უელსელებმა მეტოქე ბოლოს 1961 წლის სექტემბერში დაამარცხეს.

***
პრემიერლიგაში "ევერტონმა" "ჰალს" მესამედ უმასპინძლა და სამჯერვე დაამარცხა. სამ შეხვედრაში გაუტანა 9 გოლი და გაუშვა მხოლოდ 2.
"ვეფხვებმა" "გუდისონ პარკზე" ისტორიაში მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს და ისიც შორეულ 1952 წელს.

***
"იუნაიტედმა" პირველად ვერ დაამარცხა მეტოქე ბოლო 9 შეხვედრაში. აქ იგულისმება არა მხოლოდ ჩემპიონატის თამაშები. "საუთჰემპტონმა" "ეშმაკებს" ბოლოს 2003 წლის აგვისტოში სძლია - 1:0.
"წმინდანებმა" "ოლდ ტრეფორდზე" ზედიზედ მე-19 შეხვედრა ჩაატარეს მოგების გარეშე. 19-დან ისინი 16-ჯერ დამარცხდნენ. მანჩესტერში ბოლოს ისინი 1988 წელს დარჩნენ გამარჯვებულები.

***
"სტოკმა" "ვესტ ბრომვიჩთან" ბოლო 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დათმო, მოიგო 5 და 3-ჯერ ფრედ დაასრულა.

***
"სუონსიმ" პრემიერლიგის შეხვედრაში "სანდერლენდი" პირველად დაამარცხა. ბოლო ორ სეზონში ჩატარებული 4 მატჩიდან 3 ფრედ დასრულდა, ერთხელ კი "შავმა კატებმა" იმარჯვეს.

***
"ვესტ ჰემს" "სიტისთან" ბოლო 13 შეხვედრაში 1 მოგება, 3 ფრე და 9 წაგება დაუგროვდა. მოუგებელი სერია კი უკვე 7 თამაშია გრძელდება.
"სიტიმ" "აპტონ პარკზე" ბოლო 4 სტუმრობიდან პირველად გაიმარჯვა - 1 წაგება, 2 ფრე.

***
"ტოტენჰემის" წაუგებელი სერია ბირმინგემელებთან უკვე 10 შეხვედრას შეადგენს - 7 მოგება, 3 ფრე.
"ვილას" საკუთარ მოედანზე ჩრდილოლონდონელებთან ზედიზედ 7 შეხვედრაა, არ მოუგია, უკანასკნელი 10-დან კი მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.

***
"კრისტალ პალასს" თანაქალაქელთან პრემიერლიგაში მხოლოდ 2 თამაში აქვს ჩატარებული საკუთარ მოედანზე. წინა შეხვედრა მათ შორის მასპინძელმა 2:0 მოიგო. ეს 2004/05 წლების სეზონში მოხდა.

VIII ტურის სიმბოლური ნაკრები
ბოაზ მაიჰილი (ვესტ ბრომვიჩი) - ანხელ რანხელი (სუონსი), ჩიკო ფლორესი (სუონსი), ლაიამ რიჯუელი (ვესტ ბრომვიჩი) - ჯონათან დე გუზმანი (სუონსი), მესუთ იოზილი (არსენალი), კევინ მირალიაში (ევერტონი), ედენ აზარი (ჩელსი), ბრაიან რუისი (ფულჰემი) - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რობერტო სოლდადო (ტოტენჰემი).

სტატისტიკა VIII ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები:

7 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული)
6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
5 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), აარონ რემსი (არსენალი)

საუკეთესო მეპასეები:
4 - ოლივიე ჟირუ (არსენალი)
3 - მესუთ იოზილი (არსენალი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), აარონ რემსი (არსენალი), კევინ მირალიაში (ევერტონი)

გოლი+პასი
9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული) - 7+2
8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 6+2, აარონ რემსი (არსენალი) - 5+3, ოლივიე ჟირუ (არსენალი) - 4+4
6 - ლოიკ რემი (ნიუკასლი) - 5+1

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები:
5 - ფერნანდო ტორესი (ჩელსი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), მაპუ იანგა-მბივა (ნიუკასლი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. VIII ტური: მეცამეტე კაცი პრემიერლიგაში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული