ლიგის თასი. 1/8-ფინალის გამოხმაურება: მეორე დიდი საჩუქარი "ჩელსის" [VIDEO]

AutoSharing Option
მოგება ცალი ფეხით
"მანჩესტერ იუნაიტედმა", როგორც იქნა, ისე ითამაშა, როგორც ამას მისგან გულშემატკივარი ითხოვს. თავსხმა წვიმის ფონზე "ეშმაკებმა" "ნორვიჩს" ოთხი გოლი გაუტანეს და ერთი ამდენი კიდევ შეეძლოთ.

"იადონების" რბევა კევინ ფრენდის უხეში შეცდომით დაიწყო. არბიტრმა მე-20 წუთზე ადნან იანუზაისა და ლეროი ფერის რიგითი ორთაბრძოლა წესების დარღვევად შეაფასა და პენალტი დანიშნა. ანგარიში ხავიერ ერნანდესმა გახსნა. მექსიკელს რამდენჯერმე კიდევ შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა სველ მინდორზე ფეხის მოკიდება უჭირდა და სიზუსტეც ღალატობდა.

დიდებულად თამაშობდა იანუზაი. 18 წლის ნახევარმცველს ყოველ მოძრაობაზე, ყოველ გადაწყვეტილებაზე ეტყობა
კლასი. თინეიჯერი ერთ მომენტში სამ მეტოქეს ისე გაუმკლავდა, თითქოს სავარჯიშო მოედანზე დარჭობილ წინაღობებთან ჰქონდა საქმე.

მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა: მარკ ბანმა ერნანდესს ერთხელ თავური კი აუღო, მაგრამ დამატებაზე ვეღარ გაუმკლავდა. მერე ფილ ჯონსის ჯერი დადგა. ფეხბურთელმა 2011 წლის 7 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა და თანაც, საკმაოდ ეფექტურად - ნახევარბრუნში. შეხვედრას წერტილი რუნის პასით ფაბიომ დაუსვა. ბრაზილიელმა მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიყენა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
სტივ რაუნდი ("იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): "საკუთარ მოედანზე ოთხი უპასუხო გოლი გავიტანეთ. თანაც, კარგია, რომ ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი მიეცათ, თუნდაც ზაჰასა და კლევერლის. კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა საკუთარ ტალანტში იანუზაიმ, ვინც ყოველ შეხვედრაში სულ უფრო უკეთესად თამაშობს.

შრომა დაუფასდა იანგს. მან გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას. წინა მატჩებში დიდწილად არ გვიმართლებდა. ცხადი იყო, რომ დანავსული სერია შეწყდებოდა და რომელიმე მეტოქე ჩვენს მრისხანებას საკუთარ თავზე იწვნევდა. ამისთვის საჭირო იყო, მიზანი გაგვესწორებინა. დღეს დავრწმუნდით, რომ მართლა კარგი გუნდი გვყავს და რაც მთავარია, ვნახეთ, რომ რეზერვის იმედად შეიძლება ვიყოთ. ეს ნიშნავს, რომ მომავალზე ნერვიულობა არ მოგვიწევს".


ნასტასიჩის შემდეგ ჯენკინსონი
სულ რაღაც 48 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტისგან" საჩუქრად 3 ქულა მიიღო. შეგახსენებთ, რომ მატია ნასტასიჩმა ბოლო წუთზე ფერნანდო ტორესი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რითაც ესპანელმა ისარგებლა კიდეც. ანალოგიური რამ განმეორდა "არსენალთანაც". ამჯერად პრიზი ლიგის თასის 1/4-ფინალის საგზური აღმოჩნდა. შეიცვალნენ მხოლოდ მოქმედი პირები. ნასტასიჩი კარლ ჯენკინსონმა ჩაანაცვლა, ტორესი - სესარ ასპილიკუეტამ.

გუნდები "ემირეიტსზე" გადახალისებული შემადგენლობებით გავიდნენ. "ჩელსის" უპირატესობა სწორედ აქ გამოჩნდა. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში ბევრად უფრო სერიოზული რეზერვია. სტუმარმა მასპინძელი, პრაქტიკულად, ყველა კომპონენტში დაჯაბნა. განსაკუთრებით, ეს ბურთის ფლობაზე ითქმის.

ხუან მატა მოედნის ცენტრში დაფრინავდა. ესპანელი პლეიმეიკერი მუდმივად პოულობდა თავისუფალ სივრცეს და შეტევების ორგანიზებას ცდილობდა. მეორე ტაიმში მან ალალად დაიმსახურა გოლი.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
პრესკონფერენციაზე მოურინიოს ნაცვლად მისი პირველი ასისტენტი სტივ ჰოლანდი გამოცხადდა. მას გვერდი დამარცხებულმა არსენ ვენგერმა დაუმშვენა.

არსენ ვენგერი (არსენალი): "ცხადი იყო, რომ პრემიერლიგის ტურის შემდეგ როტაცია მოგვიწევდა. რთული შეხვედრა აღმოჩნდა, რომლის ბედი რამდენიმე შეცდომამ გადაწყვიტა. 0:1-ის შემდეგ მეტოქეს კონტრშეტევებზე თამაშის უფლება მივეცით, თავად კი სახიფათო მომენტებს თითქმის ვერ ვქმნიდით.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ საქმის თავიდან დაწყება და დიდი წინაღობის გადალახვა გიწევს. ისეთ მეტოქესთან კი, რომელიც თავს კარგად იცავს და კონტრშეტევებზე სახიფათოდ მოქმედებს, ამ წინაღობის სირთულეც მატულობს. შაბათს "ლივერპულთან" მატჩამდე მოგვიწევს დღეს დაშვებული შეცდომების გათვალისწინება. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ.

მერსისაიდელებთან ჯერ კიდევ არ იქნებიან უოლკოტი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი და პოდოლსკი. არადა, მათ ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი შეტევის გაძლიერება".

სტივ ჰოლანდი (ჩელსი): "მოურინიომ ფეხბურთელებს უთხრა, რომ უნდოდა სერიოზული საფიქრალი გასჩენოდა შემადგენლობის დასახელებამდე. ფეხბურთელებს განსაკუთრებულად უნდა მოენდომებინათ და მისთვის თავსატეხი გაერთულებინათ. ბიჭები ადგნენ და მწვრთნელს შესაბამისი პასუხი გასცეს.

"ჩელსის" ყველა იმ ტურნირში, სადაც თამაშობს, მაქსიმალური მიზანი ამოძრავებს. იმის გათვალისწინებით, რომ "სიტის" შემდეგ დასვენება თითქმის არ გვქონია, სხვა გზა არ გვრჩებოდა, გარდა იმისა, რომ რეზერვი სრულად აგვემოქმედებინა. "არსენალიც" და "სიტიც" ჩვენსავით მაქსიმალისტები არიან. ამის გამო კიდევ უფრო ამაყები ვართ, რომ ორივე დავამარცხეთ".


ლიგის თასი. 1/8-ფინალი

არსენალი-ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 ასპილიკუეტა (25), 0:2 მატა (66)
არსენალი: ფაბიანსკი, ჯენკინსონი, ვერმალენი, კოშელნი, მონრეალი, რემსი (81. პარკი), მიაიჩი (63. იოზილი), უილშირი, როსიცკი, კასორლა, ბენდტნერი (67. ჟირუ)
ჩელსი: შვარცერი, ასპილიკუეტა, კეჰილი, ლუისი, ბერტრანი, მიკელი, ესიენი, დე ბრუინი (69. რამირესი), მატა (93. კალაში), ვილიანი, ეტო'ო (81. ბა)

ბირმინგემი-სტოკი 4:4 პენ: 2:4
გოლები: 0:1 ასაიდი (10), 1:1 ადეიემი (28), 1:2 კრაუჩი (55), 1:3 არნაუტოვიჩი (71), 2:3 ლოვენკრანდსი (85), 3:3 ლოვენკრანდსი (90+3), 3:4 კ. ჯონსი (94), 4:4 ლი (118)
პენ: 0:0 ჰენკოქსი (ააცილა), 0:1 ჯონსი; 0:1 რაილი (ააცილა), 0:2 შოუკროსი; 1:2 ლოვენკრანდსი 1:3 მუნიესა; 2:3 ლი, 2:4 ნზონზი
გაძევება: ვ. ელიოტი (ბირმინგემი) 45+2 წთ

ბარნლი-ვესტ ჰემი 0:2
გოლები: 0:1 მ. ტეილორი (76-პენ), 0:2 კოლისონი (90+4-პენ)
გაძევება: ტრისი (ბარნლი) 90+4 წთ

ლესტერი-ფულჰემი 4:3
გოლები: 0:1 როდალიეგა (18), 1:1 მორგანი (41), 2:1 ვუდი (45), 3:1 მიკელი (53), 3:2 როდალიეგა (54), 3:3 კარაგუნისი (87), 4:3 დაიერი (89)

იუნაიტედი-ნორვიჩი 4:0
გოლები: 1:0 ერნანდესი (20-პენ), 2:0 ერნანდესი (54), 3:0 ჯონსი (88), 4:0 ფაბიო (90+5)
იუნაიტედი: ლინდეგორი, რაფაელი, ვიდიჩი, ფერდინანდი, ბიუტნერი, ჯონსი, კლევერლი (90. ანდერსონი), იანუზაი (90+3. ფაბიო), ზაჰა (78. რუნი), იანგი, ერნანდესი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხუან მატა: ლონდონის "არსენალთან" მოვინდომეთ და მოვიგეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული