ჯილდო დამსახურებისთვის: ფრენკ ლამპარდის ოქროსფერი კეპი

AutoSharing Option
ფრენკ ლამპარდისთვის ჩილეს ნაკრებთან შეხვედრა 103-ე აღმოჩნდა ეროვნულ გუნდში. მოქმედ ფეხბურთელებს შორის მასზე მეტჯერ "სამი ლომის" შემადგენლობაში მხოლოდ სტივენ ჯერარდსა და ეშლი კოულს უთამაშიათ.

ასეულის კლუბის წევრები, ეგრეთ წოდებული "ცენტურიონები", ფრენკის გარდა, ინგლისს სულ 7 ჰყავს: პიტერ შილტონი (125), დევიდ ბექჰემი (115), ბობი მური (108), სტივენ ჯერარდი (107), ბობი ჩარლტონი (106), ეშლი კოული (105), ბილი რაიტი (105).
ლამპარდმა მეასე საიუბილეო შარშან, უკრაინასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში ითამაშა, თუმცა ჯილდო მხოლოდ პარასკევის მატჩის დაწყებამდე გადასცეს.

"ამ მიღწევისთვის დიდი დრო დამჭირდა. 100 თამაშის
ჩატარება ნაკრებში განსაკუთრებული მოვლენაა. ჩემამდე ეს სიმაღლე ჯერარდმა და კოულმაც გადალახეს. ცერემონიალზე სერ ჯეფ ჰერსტის (1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰეთ თრიქის ავტორი) მოწვევის იდეა ასოციაციაში გაუჩნდათ. ცხადია, ჩემთვის ეს პატივი იყო.

მამაჩემი კი თავად დავპატიჟე. მისგან იმდენად დავალებული ვარ, რომ მან თავადაც იცის, რომ რაღაც წილად ნაკრების გმირი ისიც არის,"
- განაცხადა ვეტერანმა.

35 წლის ნახევარმცველმა კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგაც გააკეთა. მოგეხსენებათ, სამხრეთამერიკელებმა ალექსის სანჩესის დუბლის წყალობით იმარჯვეს:

"წაგება არავის უყვარს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ასეთი მარცხის შემდეგაც კი შეგვიძლია დადებითის დანახვა. ვერც უარყოფითს გავექცევით. მეტოქეს საშუალება მივეცით, რომ უამრავი საგოლე მომენტი შეექმნა. არადა, უნდა გვხსომებოდა, რომ ის მაღალი დონის იყო. ჩილემ რადიკალურად განსხვავებულ სტილში ითამაშა, ვიდრე შეჩვეულები ვართ.

მეორე მხრივ, თამაში კარგი საყურებელი გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში შეიძლებოდა 2:2 ან 3:3 ყოფილიყო. მოედანზე საუკეთესო სტუმართა მეკარე კლაუდიო ბრავო იყო.

ჩვენგან კი ადამ ლალანას გამოვყოფდი, ვინც ყველაზე ცოცხლად გამოიყურებოდა, სანამ არ შეცვლიდნენ. ორშაბათს "უემბლიზე" უკვე ტოპ-გუნდთან გვიწევს თამაში. გერმანიასთან ნამდვილად უკეთ თამაში გვმართებს"
.

გერმანიასთან ჰარტის იმედად
ინგლისის ნაკრების თავკაცმა დაადასტურა, ჩილესგან განსხვავებით, გერმანიის ნაკრებთან თამაშს ძირითადში ჯო ჰარტი დაიწყებს. მოგეხსენებათ, არადამაჯერებელი თამაშისთვის 26 წლის კარის დარაჯმა "მანჩესტერ სიტის" უკანასკნელი 4 შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

"როდესაც ინგლისის ნაკრების ფორმა გაცვია, ერთი მხრივ, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მეორე მხრივ კი, სერიოზული ტესტია ნებისმიერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჯოს ეს კარგად ესმის და მზად არის ზეწოლისთვის," - აცხადებს ჰოჯსონი.

ერთია, თუ რას ფიქრობს ჰარტზე ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი, ხოლო მეორე - "სიტის" დამრიგებელი მანუელ პელეგრინი. "ტელეგრაფის" ცნობით, "ქალაქელთა" ჩილელმა თავკაცმა იანვარში "ქუინზ პარკიდან" ჟულიო სეზარის ყიდვა და ჰარტის გასხვისება გადაწყვიტა. მართალია, ბოლო შეხვედრებში უკანასკნელი არ თამაშობს, თუმცა "სიტიში" არც კოსტელ პანტილიმონის იმედად დარჩენას აპირებენ.

კიდევ ერთი ტრავმა
ინგლისის ნაკრებმა ჩილესთან მეორე ტაიმში საზარდულის ტრავმის გამო ფილ ჯონსი დაკარგა. "მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის მცველის ასპარეზობა გერმანიასთან 19 ნოემბრის შეხვედრაში უკვე გამოირიცხა. პრინციპულ დაპირისპირებაში მას, ალბათ, თანაგუნდელი კრის სმოლინგი შეცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისური ფეხბურთის რეკორდები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული